ცა და შლეიფი

 

მხრები გაშალა თვითმფრინავმა,

და ზემოდან დახედა ქალაქს.

ჩვენს ქალაქს,

შენ რომ ფოტოს უღებ,

ილუმინატორის მრგვალი ჭრილიდან,

მთებზე შეფენილს,

თმისღერივით წვრილი მდინარის ნაპირებს რომ ორმხრივად მისდევს,

და მიგზავნი, რომ მაცნობო,

ბევრი მთების და მდინარეების იქით დარჩენილს,

მანდ არაფერი შეცვლილა და აი, გზაში ხარ.

იმ ხაზებს კი

თვითმფრინავს რომ შლეიფად რჩება

თვალს გააყოლებს ჩვენი პოეტი მეგობარი

კახეთის ცაზე,

და მერე თითქოს მტრედს უშვებსო,

ტელეფონს ორი ხელით სწევს მაღლა,

კამერაზე რომ აღბეჭდოს

ცაც და შლეიფიც

და მალე  უკან დაგვაწიოს

როგორც სიტყვები:

„ვიცი, კარგად ხართ

და მეც მეტი არაფერი არა მჭირდება“.

 

1 2 3 4 5