დანაწევრება

        გია როინიშვილს, რომელიც ანათებს

 

ჩვენი ქვეყანა ისეთი პატარაა,

მისი ხსენებისას ხელის გულებზე ვიხედებით.

სახლები, სადაც ვიბადებით, ვიზრდებით და სიბერესაც რომ ვეგებებით,

პაპებისგან ერგოთ ჩვენს მშობლებს,

ისევე როგორც ლეგენდები მეფეებზე და წმინდანებზე,

რომელთა ხსოვნა

ერთგულად და მყარად გვისაზღვრავს

რომელ სკოლაში უნდა ვისწავლოთ, ან ცოლად როგორ ბიჭს უნდა გავყვეთ.

ორიოდ საათის სავალზეა აქ ყველაფერი,

სულ ერთი ხელის გაწვდენაზე – ზღვაცა და მთებიც

და მეგობრები, მუდამ გვერდით, გათენებიდან დაღამებამდე.

ღამით კი ყველას ერთი ცა გვხურავს და ვარსკვლავები,

რომლებიც, სადაც უნდა წავიდეთ,

ერთმანეთის ტყუილ-მართალს გვატყობინებენ.

ეს ყოფა, ასე მყარი და მკვრივი,

მარადისობით დაბეჭდილი, ქვასავით რომ გვედო ფეხებთან

და იმის იქით ნაბიჯსაც არ გვადგმევინებდა,

ბოლო წლებია უცნაურად გადასხვაფერდა,

თითქოს ერთბაშად ბროწეული გადახლიჩესო,

ჩვენი ბავშვობის მეგობრები, მოკეთენი, ნათელ-მირონნი,

მარცვალ-მარცვალ გადაიფანტნენ დედამიწის ათას კუთხეში.

ახლა აღარ გვაქვს ვარსკვლავები

ერთი ქუჩის თუ ქალაქის თავზე ციმციმით,

ერთმანეთს უკვე სოციალური ქსელებიდან მივჩერებივართ

 

1 2 3 4 5