ცაცხვზე და კაცზე

                    თემურ ჩხეტიანს

 

მწერ, აცივდაო,

მზემაც უკვე ძალა დაკარგა,

მაგრამ ხეები იმისთანა ცეცხლით იწვიან,

თითქოს მადლობით გვირიგებენ ახლა კარდაკარ

რაც მზისგან ერგოთ და ვერ ახშობს ზამთრის სიცივე.

ნეტავ გაჩვენა, ის ცაცხვის ხე როგორ ანათებს,

ჭიშკართან რომ დგას,

და წყლისთვის რომ გარეთ გავდივარ,

ახსენდება და ძველ ამბებზე ისევ ვკამათობთ,

მეზობლის ქალმა შემოგვისწრო კიდეც ამ დილას

რომ ვარწმუნებდი,

კი არ გაქრა, ვეღარ ახერხებს,

ხშირად ჩამოსვლას, შორს არის და გზა კი ძვირია,

სამაგიეროდ, ფოსტა მოდის იმის სახელზე,

შენ ვერ გაიგებ, გულში ვის რა გასაჭირი  აქვს.

აცივდა,

მაგრამ გადავწყვიტე სოფლად დარჩენა,

ცოტა შეშა მაქვს, ცოტაც ღვინო და თავს გავიტან,

ეს ცაცხვიც როგორ დამგურგურებს, ნეტავ, გაჩვენა,

ასეთ მეგობარს არც ხანი აქვს და არც სამანი და

ვერ მივატოვებ,

თანაც მალე თოვლს რომ ჩამოჰყრის,

გავალ, გავძახებ, ხან შენს სახელს, ხანაც ბიჭების,

შორს რომ არიან, გულს რა ვუყო, თორემ ამ ოხერ

ზამთარში ცაცხვიც ლამაზია, გაღმა ფიჭვებიც.

 

 

 

1 2 3 4 5