მანანის ფაფა

 

მწვანე მატარებელი ოთახს წრიულად უვლიდა

და სადგურს რომ მიაკივლებდა, სამივენი ამ ხმას ველოდით.

ტვინისწამღებად კივისო, ამბობდა დედა

და გვაძალებდა,

მანანის ფაფა ორი კოვზიც გადაგვეყლაპა,

თორემ გამორთავდნენ,

ლიანდაგებსაც აშლიდნენ და სარდაფში გადამალავდნენ.

წებოვანი და ტკბილი ფაფა –

ჩვენი ბავშვობის სასჯელი,

მამის ხათრით, ბებოს ხათრით, მწვანე მატარებლის ხათრით გადაყლაპული

მთელი ცხოვრება ყიპყიპებს ყელში,

და მახსენებს,

თუ მინდა, რომ ვუყვარდე და არ მომიძულონ,

ანდა, რაც მიყვარს, არ დამინგრიონ, არ წამართვან, არ დამიმალონ,

უნდა ავდგე და უსიტყვოდ გადავყლაპო

რაც დადგენილი და დაწერილია,

რაზეც თაობები გაზრდილან და დაბერებულან,

რაც ნაცადია.

უნდ მოვითმინო,

თვალები დავხუჭო და თავი მოვაჩვენო

რომ მიხარია,

ობოლი რომ არა ვარ და თან ფაფაც მაქვს,

რომ მათი ოჯახის ნაწილი ვარ,

მათი მსგავსი, უტყვი ნაწილი,

თორემ სასჯელს ვერ გადავურჩები,

შემიძულებენ, დამინგრევენ, წამართმევენ, დამიმალავენ

როგორც იმ მწვანე მატარებელს,

სადგურთან მისული ტვინისწამღებად რომ კიოდა.

 

1 2 3 4 5