კვლავაც უნდა გავიმეორო მრავალჯერ ნათქვამი – ბევრი ჩემი სასიამოვნო მოგონება ხილთა და ბავშვობაში ხეებზე ნაგემები სიტკბოთი სულდგმულობს. დაბადებითვე დახეთქილი, მარცვლოვანი, „გეოგრაფიული ენა“ გამომყვა და ალბათ ამის გამოა, გემოს შეგრძნება ასე რომ მაქვს გამძაფრებული – გაკბეჩილი, გაღეჭილი თუ ახრაშუნებული ხილის წვენი უმალვე ენის წვრილად გატოტვილ ნაპრალებში გაჯდება, მშუშხავს, მბანგავს.

ახლა ისევ ბებერ მსხალზე შემოგრაგნილ ძველ, დაყურსულ ვენახს მივუბრუნდები. თითქოს გუშინ იყო – ნელ-ნელა მაღლა აცოცებულმა ხელის კანკალით რომ მოვიწონიე ფოთოლჩამოფარებული, მეჩხერი, მსხვილმარცვლება მტევანი. მევენახეობაში ჩახედული არა ვარ, მაგრამ იმ ჯიშს, ვგონებ, „მგალობლიშვილს“ ეძახიან. თავდაპირველად ფერის აღწერას შევეცდები, თუმცა სულაც არ მინდა მისი შეუდარებელი, დაუვიწყარი გემო დავამცირო, ფერი და გემო ჩემს წარმოსახვაში, ფორმისა და შინაარსის არ იყოს, ერთ განუყოფელ მთლიანობად იკვრება. მაგალითად, სიმწიფისგან დამძიმებული, დაბურთული თეთრი ბალი, რომელსაც ნესვივით მოყვითალო, ნაზად აქერცლილი კანი აქვს, წინასწარ ვიცი, უგემრიელესია. თვით ნესვსაც, ხორკლებსა და ფერზე ვატყობ (გაუჭრელად), რა გემოსი იქნება, შორს რომ არ გამექცეს და არ გამებნას ფორიაქა ფიქრი, სხვა ხილზე აქ აღარას ვიტყვი.

ჩემს ხელისგულზე ფრინველივით გაწვენილი მტევნის სხივმოსილობა რამდენამდე მაინც რომ გავაცოცხლო, იძულებული ვარ ვთქვა – იგი იყო კანგასერილი შავქლიავისა ანდა სილურჯეში გადამავალი ყავისფერი. მერე, მოწიფულობაში (მანამდე არ მომეცა შემთხვევა), ჩეხური შუშის ფიგურული ლარნაკი მინახავა იმ ფერისა. ამჟამად რომ ვუკვირდები, ერთი სახეობის ტოპაზსაც გაგახსენებდათ. ძვირფას ქვებსა და ამულეტებზე შედგენილ ნახევრად მეცნიერულ ცნობარში ამოვიკითხე ტოპაზის ერთ-ერთ თვისებაზე – ნოემბრის თვეში დაბადებულთათვის (ტირისკონი ჩემი თვეც არის) ერთგული მეგობრობა და სიყვარული მოაქვსო. თვალდახუჭული ნამდვილად ვერ ვერწმუნები ამ ნათქვამს. საამისოდ არ ისე ცოტა საბაბი გამაჩნია.

არა მგონია, მეშლებოდეს – რაზედაც ამდენს ვეწვალები, უეჭველად ლურჯსა და ყავისფერს შორის იყო განაწილებულ-განზავებული. აღორძინების ხანის იტალიელი მხატვრის (გვარს ვერ ვიხსენებს) სურათი მაგონდება: დაფიქრებული დგას ბერულ სამოსში გამოხვეული, ერთ წერტილს მიშტერებული დიდი სწავლული, „ღვთაებრივ პროპორციებზე“ სახელგანთქმული წიგნის ავტორი, „ოქროს კვეთის“ აღმომჩენი (ჭადრაკზედაც დაწერა ვეებერთელა ნაშრომი) ლუკა პაჩიოლო. იქვე მაგიდაზე, მუჭისტოლა, მრავალწახნაგა მინერალი ბრჭყვიალებს. დაახლოებით, იმის ფერი ჰქონდა ჩემი ხელის მტევნით მოწყვეტილი ყურძნის მტევანს.

ფერი ფერად. მაგრამ სურნელი და გემოც არანაკლებ მოგხიბლავდა იმ დალოცვილის. მეეჭვება, ქვესკნელის გაჟიებული, კლდის გამხეთქავი, ბუშტებდაყრილი საფუარიდან იმაზე ტკბილი წვენი ამოეწოვოს რომელიმე სხვა ვენახის თიხისგან გაგლესილ ფესვს. ყველა ნამდვილმა შემოქმედმა იცის – ბგერითი აღნაგობა, ჟღერადობაზე დამყარებული გამომხატველობის ძალა სძენს სიტყვას ენით გამოუთქმელ მაგიურობას და ვისაც ეს წამს, დამემოწმება: იმ ჩაბადაგებულ-ჩამკვრივებული, კანიანა საკნატუნო ყურძნის ჭამას, ყველაზე მეტად, ერთი სიტყვა – ტკრამუნი – ესადაგება; იგი კბილდადგმული მარცვლის განუმეორებელ ხმიანობასაც გამოსცემს და ნაყოფის გამორჩეულ სიტკბოზედაც მიგვანიშნებს.

უნდა გამოვტყდე, სხვა მრავალი ნაკლის გარდა, ერთი ახირებული თვისებაც მაწვალებს – მივდგები და დამსხვილებულ, ტანდაგრეხილ ვენახს ქერქს ვაცლი ხოლმე, ძაფებად ვანაწევრებ, ცხენის ძუასავით თუ თხის ბეწვივით ვწეწავ, სანამ ხახვის ფურცელივიღ თხელი, პრიალა კანი გამოუჩნდებოდეს, შიგნითა სიმწვანე გაილანდებოდეს. გაფრჩხილვისას ისე ვეგზნები, თითქოს თვით ღვინის ღმერთს ვატყავებდე (რომელი შლეგური ძალის დამთრგუნველი აპოლონი მე ვარ). მესმის როგორ ჭყლაპუნობს კორძებიან, გამურულ, მუცელგამოფატრული ვეშაპივით გაწოლილ საწნახელში თავკომბალა, ბრტყელძირა კობურით დაჭეჭყილი ყურძნის სლიპინა, ყელისდამშუშხველ ბურთულებად შემოგარსული, ტბაშემდგარი ტკბილ-მჟავე, ჩენჩოშემოცლილი უნაზესი რბილობი. დაწურული მტევნებისგან, საბოლოოდ, გაბრტყელებუილი, პაწია, წიპწებიანი ჩოჩხები რჩება (გადაყრილ ჭაჭას წამისუმალ ესევა წითელი ქინქლა, ფუსუსურა) და ალანქერებული წვენის  ჩხრიალი საამოდ გასდევს თავღია ღარს… ამ დროს დამინახავს ღელისპირა ჭალაში, თხმელიანში, აღმა-დაღმა მოშლიგინე ღვთაება, დიონისე – თავზე ედგა ვაზის ფოთლებით შეკრული, შავმტევნებშეკიდებული გვირგვინი; დაფნის მოგრძო, გიშერა კერტებიც დაშვენდებოდა, ალაგ-ალაგ რომ ჩაეწნა ვინმეს. ღონიერ ზურგზე ბუწუწებად დაფოჩილი ვენახის ქერქი უჩანდა, შიშველ წელზე ხასხასა სუროს მოღვედილი სარტყელი ჰქონდა შემობლანდული.

ერთხელ ნანახს, თვალის გასახარს, ძნელად ვივიწყებ. ხშირად მახსენდება ანტიკური ხანის ერთ მოზრდილ ფრესკაზე ყურძნის აციმციმებულ, ვეება მტევნად გამოსახული, რქანაყარი ვაზის უკვდავ ნაყოფად ჩამოგრძელებული იგივე დიონისე (ძველ საბერძნეთში მისი ერთ-ერთი სახელი კიდევაც იყო მტევანი).

ადვილი წარმოსადგენია, როგორ დამწყდებოდა გული, იმხელა ხეზე აბობღებულს ჯიქანდატენილი მტევნები რომ შემომლეოდა და იძულებული შევიქნებოდი, ძირს ჩამოვხოხიალებულიყავი. თავს ვინუგეშებ – ის ფერუცვლელი, დაუბერებელი მოგონება ხომ შემრჩა და დღემდე არსებობას მიიოლებს, ფრთებს მასხამს.

ვერაფრით ვერ ვიჯერებ ჩემი გამხარებელი, უიშვიათესი ჯიშის ვაზი, დღესდღეობით, სადმე ხარობდეს (რამდენი რამე გადაჯიშდა, გადაშენდა), ისევ იყოს ჩამოგრძელებული სულისწამსვლელად მოელვარე, მეჩხერი, ფოთლებდაშვებული მტევნები… ის ნატვრად ქცეული ყურძენი კი ვიგემე, არ მომჩვენებია, ხელიც შევახე, მაგრამ მისი ასე უკვალო გაქრობის გამო, მრავალთა მსგავსად, მეც იქეთკენ ვარ მიდრეკილი, რომ ამ კისრისტეხით, უკანმოუხედავად მიმქროლავ დედამიწაზე ყველაფერი სიზმრად და მოლანდებად ჩავთვალო.

სალვადორ დალი, ქცევათა წონასწორობიდან საგრძნობლად გადახრილი, ვისაც ძალიც შესწევდა ქადილისა, საკუთარი პიროვნებისა და ღვაწლის შეფასებისას მოკრძალებას ნაკლებად იჩენდა. ქრონოლოგიურად დალაგებულ სხვადასხვა ჩანაწერებს, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, „ერთი გენიოსის დღიური“ ეწოდა. იქ ერთგან (1953 წლის აგვისტო) ყვება, როგორ მიირთმევდა მუსკატის ჯიშის ტკბილ ყურძენს. ამ ჭეშმარიტად დიდი ხელოვანის ხსენებისთანავე შემომეფეთება შემაშფოთებლად დაქაჩული, მობრიალე თვალები და ლანგუსტის ანტენებივით ათასმული, ზემოთ აწკვირტინებული ულვაშები. დალი გვარწმუნებს, რომ მის შეგრძნებაში ყურძნის მარცვალი მუსიკალურ ბგერებს, მელოდიას გამოსცემდა. ნასადილევს ჩვევად ჰქონია მარცხენა ყურის ნიჟარაში ყურძნის კიმპალის ჩატენვა და ალბათ არამიწიერი, ღვთაებრივი ჰანგების მოლოდინში გატრუნული იყო, ნეტარებდა. მე, პატარა, სოფლელი ბიჭი, ასეთ საკვირველ ხერხს მუსიკის მოსმენისა რას მოვისაზრებდი; მოწყვეტილ, დათითოებულ მარცვლებს უკლებლივ პირის ჩასატკბარუნებლად მივაქანებდი, ძირს არასოდეს არაფერი ჩამომყოლია.

იმდენი კი გამეგება – ყური არ არის ხელწამოსაკრავი რამ. ანკი სხვა რომელი ორგანოა მარტივად მოწყობილი. ყოვლის შემოქმედმა, ვინ გამოითვლის, რამოდენა დრო მოანდომა, სანამ იგი ასე უზადოდ, ნატიფად ჩამოიქნებოდა. თვით უფლის ბაგეთაგან წარმოთქმული პირველი სიტყვაც ხომ ყურს უნდა მოესმინა. ჰაერის ტალღათა რხევების მეშვეობით, გარედან, ღია ნიჟარაში შეღწეული ხმები თუ ბგერები უნდა მიწვდეს შიგნითა, ყურში მოთავსებულ მცირე ლოკოკინას, რომელშიც თავის ტვინთან დაკავშირებული საგანგებო ნერვები ანუ ბგერათა აღმქმელი სმენის სიმებია უფაქიზესად ჩაწნული.

 

1 2 3 4 5