ხილის ეს მომწონდა მუდამ – ერთი რომ მოილევა, მეორე შეენაცვლება, გაზაფხულიდან – გვიან შემოდგომამდე. ხილთა ნაირსახეობასა და მათი საამო თვისებების აღწერას რა გაწვდება, აქ მხოლოდ იშვიათი ჯიშის მაღლარი ვენახი უნდა ვახსენო, დიდი, მუცელზე ხავსაკრული მსხლის ხეს კენწერომდე შემოხვეული, ჩვენი სისხლით ნათესავის, ზემოთ ნახსენები მარტოხელა ქალის, უდროოდ დაღუპული ბაბუაჩემის, ფილიმონის დის, მარიამ კვიტაიშვილის ეზოში რომ შევიგულე. ოღონდ მანამდე, თვითომ იმ ქალზე, ბებიაჩემივით ადრე დაქვრივებულზე, ვიტყვი ზოგ რამეს. ბებიაჩემს, ლეონინა ფირცხალაიშვილს, მკაცრ, სამართლიანსა და, ამასთანავე, ენამწარეს, მაინცდამაინც დამტკბარი დამოკიდებულება არ ჰქონდა მარიამთან, აღიზიანებდა მისი სიკერპე, სიჯიუტე, დიდი კევატიაო, საყვედურს გამოსთქვამდა მოზიარე ბედის მულზე.
მარიამის მეუღლეს, იმერეთიდან ჩამოსახლებულ პატიოსან კაცს, ხარაზს, წუღებისა და უძიროების მკერავს, პლატონ გუტიძეს, მე არ მოვსწრებივარ. ერთი ვაჟი, ღუტუშა, ადრევე გარდაცვლოდათ, ტიფს მოეკლა. უფროსი ქალიშვილი კატუშა, ღელისაგაღმა იყო გათხოვილი მათე ცინცაძეზე, ღარიბ კაცზე, რომელიც იმთავითვე დავრდომილი, დამბლადაცემული ჩამრჩა მეხსიერებაში. ქალ-ვაჟი ჰყავდათ. ბიჭი, ვისაც „მათეს ვახტანგიას“ ვეძახდით, ღორჯოსავით ცხვირგაბუშტული, ახალგაზრდობაშივე, მაგრამ ცოლშვილიანი ჭლექმა იმსხვერპლა. მისი შემაძრწუნებელი აგონია ერთგან კიდევაც მაქვს აღწერილი; თბილისის საავადმყოფოში დააწვინეს და მამაჩემმა წამიყვანა მომაკვდავის სანახავად. ზოგჯერ თვალწინ დამიდგება საცოდავის ნატანჯი სახე და მეტირება. ვახტანგის და, ციალა, მაღალი, შეუხედავი გოგო, ძმასავით პირგადღლაბული იყო. შთამომავლობით გულკეთილმა, მანაც ჩქარი, დაუნაწევრებელი, ბლუკუნით ლაპარაკი იცოდა. ასეთებს გურიაში ბორბოშას ეძახიან. აღარც ვიცი, ამჟამად ცოცხალია თუ არა.
მარიამის ვაჟი აკაკი გუტიძე მამაჩემის ტოლი იყო, ცოტა ხელგამოუვალი კაცი, ავლაბარში მცხოვრები. დედამისს ხშირად აკითხავდა. ერთი პირობა ფოსტაში მსახურობდა; სახელმწიფო თანხა შემოეფლანგა (ამას ვინ აპატიებდა იმ დროში) და რამდენიმე წელიწადს ახეხინეს ციხე. ომის მერე გაათავისუფლეს. მე როცა ვნახე, გრძელი, უხეში მატერიის შავი შინელი ეცვა, ფოსტიდან გამონაყოლი. მასაც და მის დებსაც, ფართო ტუჩ-პირი ჰქონდათ (ალბათ მამას ჰგვანდნენ); ისინიც უცნაურად. ჩქარ-ჩქარა ლაპარაკობდნენ. აკაკის ვაჟი, ზაზა, მშვენიერი დურგალი, ჩემი კბილაა, სკოლაში ერთად მიგვაბარეს, მაგრამ სწავლაზე მალე აიცრუა გული. პატარაობისას, სოფელში, დილიდან დაღამებამდე, თამაშს გადაყოლილები, სადღა არ დავძრწოდით ბიჭები, რომელ უბანში არ ამოვყოფდით თავს და ზაზასათვის როცა კი უკითხავთ უფროსებს, ვისი შვილი ხარო, მაშინვე სხაპასხუპით პასუხობდა: „პლატონ გუტიძის შვილიშვილი!“ ფიქრობდა, რომ ლანჩხუთის რაიონში განსვენებულ ბაბუამისს, პატიოსან ხელოსანს, მეტი სახელი ექნებოდა დატოვებული, ვიდრე ციხეში ნაჯდომ მამამისს ჰქონდა. პირველ ცოლს რომ გაეყარა (ახლა მეორესთანაც გაშორებულია), დურგლობა მიატოვა და ჟურნალ-გაზეთების ჯიხურში დაიწყო მუშაობა. ეს დედასმისმა, ლოლა ბიცოლამ, ჭროღათვალება ჭკუასელის ქალმა ურჩია – ნაკლებს იწვალებ, ფული მეტი დაგრჩება და ალიმენტსაც ცოტას გადაიხდიო. ბუნებით ხელგაშლილია, დალევა, ფრანგული კონიაკის წრუპვა უყვარდა, ძვირად ღირებული საფოსტო მარკების ფული ბლომად შემოეჭამა; მამამისის არ იყოს, იმანაც იგემა ციხე. სასჯელის მოხდის მერე, დიდი უბედურება დაატყდა – უფროსი შვილი, მეტად ლამაზი გარეგნობის ბიჭი, ნუკრი, დაეღუპა. ახლა გლდანის მასივში ცხოვრობს მარტოკა. გათხოვილი ქალიშვილი, ბელა, უმართავს ხელს, დურგლობასაც იხსენებს დროდადრო. უმრავლესობასავით, ისიც ამ ცხოვრების უკმაყოფილოა.
მარიამის უმცროსმა ქალიშვილმა, ქეთომ (იგი ფრონტზე იყო წასული და რუსული იქ ისწავლა), სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა, ჯარიდან საქმრო ჩამოიყვანა, ვანია მალალინი და იმათ პატარა ქორწილს ვესწრებოდი. სიძე, ახმახი რუსი, კეთილი, მუშა კაცი იყო; თავის გვერდით დამსვა და სულ ხაჭაპურის ნაჭრებს მაძალებდა, თვითონაც მოსწონდა. თბილისში წამოვიდნენ საცხოვრებლად, გარეუბანში დასახლდნენ. ქალ-ვაჟი ეყოლათ, სლავა და სვეტა, დედისნაირი შავგვრემანები, მაგრამ მამასავით ცხვირპაჭუები. ორივენი რუსულ საბავშვო ბაღში მიაბარეს, სკოლაც რუსული დაამთავრეს, რუსებად გაიზარდნენ. სლავას ოდნავ დაელმებული ჰქონდა ცალი თვალი. ბავშვობის მერე აღარ მინახავს. წესიერი ადამიანები დადგებოდნენ.
მარიამთან ადრე ნახსენებ მამიდაჩემს, ანეტას დავყავდი ხოლმე. ჩვენი სახლიდან ათიოდე წუთის სავალი თუ იქნებოდა, ზემოთ, სამების ქედისკენ. ბაბიდასთან წავიდეთო, მეტყოდა. გურიაში მამას ბაბას ეძახდნენ და, ბუნებრივია, მამიდა ბაბიდა უნდა ყოფილიყო. ამ ჟღერადობას რომ გავყოლოდი, ჩემთვის იგი ბაბუდა იქნებოდა, მაგრამ მაშინ ამას ვერ მოვიფიქრებდი.
მარტოხელად დარჩენილი მარიამი მთელს უბანში უღარიბესი, თუმცა ამდენადვე თავმოყვარე და გოროზი ადამიანი იყო, პატარა ოდა-სახლის უკან ერთი ციცქნა, კვამლისგან გამურული სამზარეულო ჩანდა. ეზოს კი საუცხოო ხე-ხეხილი ამშვენებდა. პირველად იქ ვნახე მუქ, თითქოსდა ხანძარწაკიდებულ ფოთლებში შემალული, წვრილ ყუნწებზე მეწამულ მძივებად ასხმული წითელი ტყემალი.
წლებისა და ჯაფისაგან წელში წახრილი მოხუცი ქალი ნიადაგ ბოსტანში ფუსფუსებდა, საქმიანობდა. რაიმეს სათხოვნელად არავის ჭიშკართან არ მიმდგარა. თავთუხის ფხასავით ხეშეში, ჩხვლეტია, ხშირი, ჟღალი წარბები მის ისედაც მოღუშულ სახეს კიდევ უფრო პირქუშ იერს მატებდა. მე მუდამ კეთილად მიღიმოდა. თითო-ოროლა ალერსიან სიტყვას ყოველ მისვლაზე მეტყოდა. ამ დროს მოწყენილ თვალებში სხვებისგან დაუნახველი პაწია სხივი გაუკრთებოდა და წვრილად ჩაღარული ნაოჭებიც გაეხსნებოდა.
თავი მეტწილად გახუნებული თალხი ნაჭრით, ცახოცით ჰქონდა შეკონილი, მის შემხედვარეს, საცა სამართალია, კი უნდა დამეწერა ჩემს უსაყვარლეს ხალხურ ლექსს („საბრალო დედაბრისასა“) მიმსგავსებული რაღაც, მაგრამ ახლა წუწუნი გვიანია, ამ დაულაგებელ, ნაწყვეტ-ნაწყვეტად მოხმობილ ნაღვლიან სურათებს უნდა დავჯერდე.
ვითომ საწვალებელი და საწუხარი აკლდა, მარიამს ზაფხულის ერთ დღეს, ზიარი ყაჭის დასაპურებლად, დანა-წალდით ბჟოლის ტოტებს რომ სხეპავდა, კიბე ამოუყირავდა და, ჩამოვარდნილმა, ხელი მოიტეხა. კარგა ხანს ჰქონდა ოთხკუთხა არტაშანში ჩასმული, შეხვეული, წინ უხერხულად გაშვერილი თავისი მოუსვენარი, ვაგლახად გაუქმებული მარჯვენა. დახეიბრებულს, მთავარ მზრუნველობას მამიდაჩემი უწევდა. ბუნებით გულჩათხრობილი და ადრინდელზე უარესად გაკერპებული, სხვას თითქმის არავის იკარებდა. ბაბიდასთან მივალო, დაგვიბარებდა მე და ჩემს ძმას და ჯამ-ჭურჭლით საჭმელი მიჰქონდა.
ცხადია, ასეთი ახლობლის ეზოში გაშინაურებული ვიქნებოდი და ხეებზე ბღოტიალშიც გაწაფული ვიყავი. კენწეროებზე მოქცევა იმიტომაც მიყვარდა, რკინიგზის გადაღმა გაშლილი დაბლობი მოჩანდა: ალაგ-ალაგ ვერცხლისფრად ლაპლაპებდა ნარიონალი, არხის წყალი, პაწაწინა ტბები. ვიცოდი აბაშის მომიჯნავე ტყე-ჭალების სახელები (სირიანჩკონი, ბაკური, ლიფაშარა…) და ჩემს თვალწინ მწვანე ზოლებად გადაჭიმული სივრცე იდუმალების თხელ ბურუსში იყო გახვეული. ხეზე აბობღებულს, როცა ჩემს თავს ზემოთ, ქარი თეთრ, დაწიაწებულ ღრუბლებს გამალებით მილალავდა, ყოველთვის მეგონა, მე თვითონ მივექანებოდი ცის უსასრულობაში და ნეტარებისგან თავბრუ მესხმოდა. ვინმემ შეიძლება წამომძახოს – რასაც ასე წრეგადასული აღტკინებით აღწერ, ყველაფერი გელანდებოდაო. არ შევეწინააღმდეგები, ეგებ ასეცაა.
არ ვმალავ – თავიდანვე დამყვა ძნელად ასახსნელი მიდრეკილება: თვალით ხილულში, ნამდვილში, ზღაპრული, ჩარჩოებს გადამცდარი და უცნაური რამ დამენახა. ეს თვისებაა და აქ თავმოსაწონებელი ან სატრაბახო არაფერია. ისე, მე რომ ამ უნარს ბოლომდე მივყოლოდი, გამეძლიერებინა და მარჯვედაც გამომეყენებინა, უთუოდ სხვა სანახებს მოვავლებდი მზერას და უფრო მეტად დაფარულ სიღრმეებსაც ჩავწვდებოდი, მაგრამ ყველაფერს ჭკუა, მიხვედრილობა და მონდომება ჭირდება, რაიც, სამწუხაროდ, მაკლია.