ესოდენ საჭირო ამ ზემგრძნობიარე ნერვებს ყელში განლაგებული, არანაკლებ საჭირო, სახმო სიმები ეთანადება და, ამას გარდა, მედიცინაც ხომ გვამცნობს, რაოდენ მჭიდრო კავშირია ყელსა და ყურს შორის. არც ისაა შემთხვევითი, რომ ჩემს თვითნებურად განტოტვილ მოგონებაში ორივე ორგანო (ყელი და ყური) ერთ-ერთ უმშვენიერეს ბიბლიურ ხილს, ყურძენს, ელამუნება. არაფერს ვამბობ თვალის გამორჩეულობასა და უპირატესობაზე (ამის თაობაზე დიდთა შორის უდიდესის, ლეონარდო და ვინჩის, შეხედულებაც იკმარებს).

მოგეხსენებათ, სალვადორ დალი ცოტაზე მეტად უცნაური კაცი იყო. დარწმუნებული ვარ, იგი ყველაფერს არ არ ამხელს და დაუჯერებელი სულაც არ არის, მარცხენა ყურში, გულის მხარეს, ყურძნის მარცვალჩაჩურთულს, გონის წამრთმევი მელოდიების მოსმენის გარდა, ერთმანეთზე გადახლართული ხილვებიც წამოშლოდა. მაგალითად, შეიძლებოდა დაენახა თხისჩლიქება პანის ბალნიანი მკერდი და, ორივე ხელის თითებში ჩაბღუჯულ, ფლეიტის გულისდამადნობელ ღუღუნზე, ვინ იცის, საით გაიჭრებოდა მისი ზღვარდაუდებელი ფანტაზია… სწორედ ნასადილევს მოელანდებოდა იმ დღიურის ჩაწერიდან სამი წლის მერე დახატული „ცოცხალი ნატურ-მორტი“ (1956), ლაჟვარდის მოცახცახე, ზვირთებზე არეკლილი ათინათით გაჯერებული საუცხოო ტილოთაგანი, რომლის გახსენებაც აქ გამართლებული მგონია…

თვალისმომჭრელად ლურჯი ზღვის ნაპირას, რკინის მოაჯირმოვლებულ ღია ვერანდაზე წითელ მაგიდას, სანახევროდ, ვერცხლისფერი მუშამბა აქვს გადაკრული, მაღლა, სვეტთან, მოჟიკჟიკე, სანახევროდ ფრთებგაშლილი მერცხალია აფართქალებული. მაგიდაზე, შეტორტმანებულ, გადახრილ, საცობამოძრობილ, მინერალური წყლით სავსე, ბადისებურად რომბებამოტვიფრული ბოთლის გვერდით, აყირავებულ ბროლის ჭიქაში, ასევე სანახევროდ ჩასხმული, ამდენადვე გადაქანებული წითელი ღვინო ბრწყინავს. იქვე, მაგიდის კიდეს მიკვრია ვაზის წახნაგებიანი ფოთოლი, რომელსაც აგრძელებს განურად გაწოლილი, წვეტიანი, ალესილი, ხილის გამსერავი დანა. ჭიქასთანავეა ყუნწაშვერილი გულაბი მსხალი და ვგონებ, ღოღნაშოს სამი კრიალა ნაყოფი, თითქმის იმავე ფერისა, ჩემგან რის ვაი-ვაგლახით აღწერილ ყურძნის მტევანს რომ ჰქონდა. ასეა, საგნის დახატვაზე როცა მიდგება საქმე, მხატვარს, ფერს, განუზომლად მეტი შეუძლია, ვიდრე სიტყვას. უპირატესობის მიზეზი მხოლოდ ჩემი უძლურება როდი გახლავთ.

წინასწარ ვარ შერიგებული საყვედურსაც. ვიღაც-ვიღაცები გამკილავენ – საქმე შემოლევია, ყურძნის ერთ მტევანს რამდენი რამე გამოაბაო. ვაზის სამშობლოდ მიჩნეულ საქართველოში ეს საძრახისი არ უნდა იყოს. წვრილმანებზე ზედმეტი გამოდევნება კაის ნიშანი რომ არაა, ეს ზემოთაც არის ნათქვამი, ძირითად სათქმელიდან რამდენჯერმე კი გადავუხვიე, მაგრამ პატიოსნად ვცდილობდი, საჩოთირო, მოსაბეზრებელი და გულისგამაწვრილებელი არაფერი გამპარვოდა. ამბობენ: სიზმრად თუ ყურძენი ნახე, ცრემლი იცისო, საამისოდ სიზმარი არ მჭირდება – ჩემს ზომაზე მეტად გაწამებულ სიცოცხლეში ცრემლი და მწუხარება ისედაც არ დამკლებია.

ამდენი ვიჯახირე და ვერასგზით ვერ გავშორდი საცოდავი მარიამის ნაამაგარ ეზოს, მაღალი, ატრეცილი მსხლის ტოტებზე დახვეულ მსხმოიარე ვენახს, ადრიანი შემოდგომის გამთანგველი მზით მოსირმულ საღამოს. ის კი ვიცი, ჭრიჭინობელებისგან გაყრუებული აგვისტო ზურგს უკან მქონდა მოგდებული; ბაბიდას მოსახელე ღვთისმშობლის მიძინების, ნაყოფიერებასთან წილნაყარი დიდებული დღესასწაული, მარიამობაც, ჩავლილი იყო. რომც არ ყოფილიყო მოლეული, ვინ რას მიულოცავდა უბადრუკ დედაბერს, ამისთვის მაშინ არავის ეცალა.

ცას ვინ გამოკერებია მზისქვეშეთში და ოთხმოცდაათს მიტანებული, დაუძლურებული, მუხლებმოსავებული მარიამიც ჩაწვა, თანდათან აილია და გადნა. სულთან გაყრილს, ძლივს შესამჩნევი, ნაღვლიანი ღიმილი ჰქონია აღბეჭდილი სანთლად ქცეულ სახეზე. ვისი ძვლები დარჩა დაუფშვნელ-დაუფქვავი წუთისოფლის შეუსვენებლად, ზრიალ-ზრიალით მოხრიგინე დოლაბებს, იმისი რომ დაეტოვებინა.

დაცარიელებული კარ-მიდამო ოჯახის მემკვიდრემ კაკო გუტიძემ (თავისი ვაჟის, ზაზას ნამალევად, ჩალის ფასად მიჰყიდა ქედის ძირში მოსახლე ჩიჩუებს). ზაზა, მარიამის შვილიშვილი, გადაირია – რა მიყო მამაჩემმა, როგორ მომიშალა საგვარეული კერა, იქაურობის მოვლა-პატრონობას ვაპირებდიო. მერე სხვამ იყიდა ის ეზო და ახლა იქ, სადაც ჩემგან ნალოლიავები, ვენახშემოსალტული მსხლის ხე შრიალებდა, მკვიდრად ნაშენები ორსართულიანი სახლი დგას. ათასში ერთხელ კი გადავიხედავ კოხტად გამართულ მესერს მიღმა, მაგრამ უკვე უცხო კაცი ვარ და აღარ მინდება იმ ეზოში ჩასვლა.

გასაკვირი და მოულოდნელი არაფერია – სოფელში ჩასულს (ეს სულ უფრო და უფრო იშვიათად მიწევს), როცა გუტიძეების ნამოსახლარისკენ ავივლი, წუხილი შემომაწვება – ყრმობისდროინდელი შემოდგომის იმ ფარფატით დაძირულ დღეს, იმ ტანმაღალ მსხლის ხესა და ძნელად მისაწვდომ ჩამუქებულ მტევნებს სიზმრის სიფრიფანა, საპნის ბუშტივით თხელი, თვალის დახამხამებაში გასასკდომი აპკი აქვს გადაკრული და აღარ კი მგონია, ცხადად თუ იყო ყველაფერი, რაც გავიხსენე.

 

* * *

მეორე წელი ხდება, დაბადებიდანვე გაუხარელი მამიდაჩემი ანეტაც მივაბარეთ საყდარდანგრეულ ნათლისმცემლის სასაფლაოზე დეკემბრის გალიგვებულ მიწას და ჩვენი ძველი, წაბლის ოდა-სახლიც გამოკეტილია. უკანასკნელი, მოფომფლოებული ძაფიც გამიწყდა, სიყრმის კერასთან ხანდახან მაინც რომ მიმაბრუნებდა. ხნოვანებით თვითონაც არ ჩამოუვარდებოდა ბაბიდას, მაგრამ მისმა სიკვდილმა ისე ჩამგლიჯა გული, აღარც ვიცი, რამე თუ გამომიკეთებს გუნებას. ნამდვილი წმინდანი იყო, მონაზვნად გაჩენილი, მონასტერში წასვლა არ დასჭირვებია. მთელ სოფელს ის უკერავდა ტანისამოსს. სანამ მუხლში ღონე ჰქონდა და ნემსში ძაფის გაყრა შეეძლო, უკანა ოთახიდან გამუდმებით ისმოდა მისი ძველებური, მამაჩემის ნაყიდი „ზინგერის“ ჩახუნი და რახრახი. რას არ დავთმობდი, იმ ღმერთქალის წახრილი სილუეტი ცხადად რომ დამანახა; არავისაში არ ამერეოდა.

რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს, განუშორებლად მასთან ვიმყოფები. ახლაც, მთვარიანი ღამით, ვუყურებ, როგორ ლანდივით გადადის ჩვენი მოტიტვლებული, კოინდარგაცლილი ეზოდან; დაბლა, სასაფლაოსკენ კი არ დაუყვება, ზემოთ გასწევს თავისი ბეჩავი ბაბიდას ეზოსკენ. შავი, ქუსლებჩათელილი, ხმარებისგან აპრიალებული ჩხაპუტები აცვია და გაუბზარავ სიჩუმეში იმისი წკაპუნი მესმის. არ მინდა ახლოდან შევხედო სარეცხის ფხვნილში გამოხარშული მიტკალივით თეთრ, გამოთეთქვილ, უთვალავი ტანჯვისაგან ნაწამებ სახეს. ვიცი, შუქამოშრეტილი თვალები ისეთივე ექნება, ადრე რომ ჰქონდა: მოყვითალო-მონაცრისფრო, მზეზე გასაშრობად გაფენილი თამბაქოს ფოთლისა თუ კვერებად დაწყობილი თაფლის სანთლის ფერი,

აჰა, იგი უკვე მიადგა შუკის თავში შეკიდულ ცალფა ჭიშკარს, შეაღო და ქოხისმაგვარი, დაბალ, ქვის ბოკონებზე შეჯენილი, ჟამთასვლისგან ჩაშავებული ერთთვლიან ხის სახლისკენ გაემართა. ღამის კამკამა ჰაერში მოხაზულ სამების ქედს ამ წუთებში სავსე მთვარის გაცრილი, დანამცეცებული ვერცხლი ეცრება ჩემთვის ესოდენ ნაცნობ ჩაზნექილ ქეჩოზე.

 

1 2 3 4 5