(ეტიუდი)

ვიდრე ვცოცხლობ, ჩემს გაუქანებელ, გამძლე ხსოვნაში არასოდეს გამქრალდებიან თავდაუზოგავად ნაჯაფარი, მრავალშვილიანი ოჯახების შემქმნელი, თალხკაბიანი, ქმრის ნამუსის შეუბღალავად შემნახავი „თავსაფრიანი დედაკაცები“, რომელთა მონაგარსა და ნაკვდავზე დღეს დგას აღურიცხავ განსაცდელთა გადამტანი და კვლავაც არაერთი მეხთატეხის მომლოდინე საქართველო.

დიდ გამოცდილებას ვერ დავიკვეხნი, თუმცა ის მაინც ვიცი: უნიათოდ, ნაწყვეტ-ნაწყვეტად ვზოზინობ და უთავბოლობა ჩემს აწეწილ ყოფასაც ეტყობა; მთლიანს, მომთავრებულსა და სრულყოფილს ალბათ ვერაფერს შევქმნი; მხოლოდ მცირე ნაფლეთების ამოზიდვასღა თუ შევძლებ შლამგადაკრული ჭის ფსკერივით ბნელში ჩამარხული მეხსიერებიდან, უკანმოუხედავად გამსხლტარ დღეებს ერთხელ რომ მოვავლო შემოდგომის მზის დაწმენდილი, ოქროვანი ნათელი, მეძალება შეუკავებელი სურვილი, თუნდაც წამიერად, ისიც სიბერეში, დავიბრუნო ძვირფასი ნამცეცები ჩემი „დაკარგული დროისა“.

არსებობს სარწმუნო მოსაზრება, რომ ძლიერი წარმოსახვის პიროვნებებს განუსჯელობა ახასიათებთ, რაც ხშირად დაბნეულობის მიზეზი ხდება. ჩემს თავს განსაკუთრებული აღქმისა და მოუთოკავი ფანტაზიის ადამიანებს ვერ მივათვლი, იმის აღნიშვნას კი არ მოვერიდები, რომ დაბნეულობა, გაფანტულობა არაა ჩემთვის უცხო ხილი. ეს ნაკლი ბევრჯერ სანანებლად გამხდომია.

ერთი გამოჩენილი ლიტერატორი ამბობს: წარმოსახვისა და დაკვირვების სფეროები ერთმანეთს მტრობენო. მე, რამდენადაც ძალმიძს, ამ ორი მოქიშპე საუფლოს მორიგებას ვლამობ და დიდად არ უნდა დამწყდეს გული, თუ, უმეტეს შემთხვევებში, ხელმოცარვას ვიგემებ. ეს არაა საგოდებელი, ვინაიდან წაგებას იმთავითვე შეგუებული ვარ და. ამდენად, მოსალოდნელ მარცხს იოლად ვინელებ. ჩემი განუკურნებელი ბედოვლათობა ხელს არ მიშლის, ბევრი რამ ადამიანთა ბოროტად დახლართულ ხვანჯებში უტყუარად ამოვიცნო, მაგრამ თვით ჩემს ცხოვრებაზე ხსნებული უნარი ნაკლებად ირეკლება – კვლავინდებურად არას მქონედ, უპოვარად ვრჩები.

საგანგებოდ არის გამოკვლეული ტვინის ერთი საყურადღებო თვისება, რომლის მეოხებითაც ფრიად უმნიშვნელო საგნები ინდივიდზე უღრმეს და ხანგრძლივ შთაბეჭდილებას ახდენს. ნათელ და გამოკვეთილ ხატებად გარდაქმნილი ეს შთაბეჭდილება ნაკლად არ ჩაითვლება, პირიქით, გონების გამჭრიახობასა და ძალმოსილებასაც ცხადყოფს, თუკი წარმოსახვა სულიერ წყობას ემორჩილება, გარკვეულ კალაპოტშია ჩაყენებული.

თუმცა, თავის დასაზღვევად, ისიც სათქმელია – როცა პიროვნებას მძაფრი შეგრძნებები ეუფლება და მათს ტყვეობაში ექცევა, ეს ტვინში ღრმა ანაბეჭდებს ტოვებს; ამ დროს გზა ეხსნება გონების ზედამხედველობას დაუქვემდებარებელ ბუნდოვან აღქმებს, რის გამოც მძლავრი წარმოსახვის შემოქმედს უჭირს ნათლად, დალაგებულად აზროვნება. აქ გადამწყვეტია ალღო, გუმანი, რისი მეშვეობითაც ყველაფერი თავისთავად დაეწყობა და წარიმართება. საუკეთესოა იშვიათი შეთანხმება, როცა „შთაგონება და სიზუსტე“ ერთმანეთთან არის შეხამებული.

იოლი არ გახლავთ, ედავო ფილოსოფოსის მრავალხრივ შემოწმებულ დასკვნას, რომ ვისი ტვინიც უმცირეს მოვლენათაგან უღრმეს შთაბეჭდილებებს იწოვს, მისი გონება ამდენადვე შეზღუდულია. ასეთ პიროვნებათა სხვა ნაკლად ისიცაა მიჩნეული, რომ ისინი თავგადაკლული მეოცნებები არიან და ეს იძლევა საბაბს, მათ „წარმოსახვის ვიზიონერები“ უწოდონ. ამ თვალსაზრისს ჭკუათმყოფელი ძნელად თუ შეეწინააღმდეგება, იძულებული ხარ, დაეთანხმო. სულაც არ მერცხვინება აღიარება, რომ, მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობებისა, მეც იმათ ჯილაგს ვეკუთვნი, სინამდვილეს ვერსად გაექცევი.

კიდევ უფრო შეუვალი და ულმობელია მთავარი დასკვნა, რაც ჩემს გაუწონასწორებელ თავზე არაერთგზის გამომიცდია:

„ეს ადამიანები მუდამ უკიდურესობათა მსხვერპლნი ხდებიან: უმნიშვნელო რამეებს აღამაღლებენ, მცირე საგნებს განადიდებენ, შორეულს კი აახლოებენ“.

სიტყვის მაგიურ ძალასთან დაკავშირებულ გამონათქვამებს თუ გავითვალისწინებთ, აქ არც ისეთი უპატიებელი ბრალდებაა წარმოდგენილი, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს.

აქვე ვიტყვი: ხომ ამდენნაირ დიდ-პატარ წნეხქვეშაა მოყოლილი ჩემი არეული ტვინი, მაინც ღვთის თვალისგან დაღვრილ უშრეტ სინათლეს ვესწრაფვი, ყოველთვის ვცდილობ, გამჭვირვალობა შევინარჩუნო და, მოკრძალებული უნარის კვალობაზე, სადად, გულმისავალად ვწერო.

ახლა ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნით მომიწევს უკან დახევა, ადრიანი შემოდგომის ერთი კამკამა, ჩამავალი მზით დაუვიწყრად შეფერილი საღამოს პირი რომ გავაცოცხლო. ჩემთვის ეს სასიამოვნოც იქნება და დასანანიც, გულდასაწყვეტი. აქ არაფერია გაბმულად „მოყოლილი, არც რაიმე ხდება, მაგრამ ორი-სამი კაცი თუ მაინც იფიქრებს, მთლად ამაოდ არ გავრჯილვარ, ამასაც დიდ ჯილდოდ ჩავთვლი.

წინამდებარე გახსენებაში, ძირითადად, ორი ადამიანი გამოჩნდება – ჩემი და უბედურად წასული ჩემი ძმის გამზრდელი, გაუთხოვრად დარჩენილი მამიდა, ანეტა და მისივე მამიდა მარიამი, ვისაც თვითონ ბაბიდას ეძახდა.

სუნთქვაშეგუბებული, გაციმცამებული ვაკვირდები კუთხეში მიყუჟულებს და ჟრჟოლა მივლის, მათი ხმა, გამომეტყველება ოდნავი გატოკებაც კი ისეა ჩაბეჭდილი, ჩამარხული ჩემს მოღიავებულ მეხსიერებაში, როცა მომინდება, მაშინვე შეირხევიან და ამოძრავდებიან. ამაღამდელი ღამე ამათია, სხვებისაც, რაღა თქმა უნდა. ჩამოთვლა რომ დავიწყო ყველასი (გამქრალების, ჩემს გულში დარჩენილთა), ვეღარ დავამთავრებ. ეს მეც ვიცი და იმათაც. არანაირი ძალა არ არსებობს, ამ ორს და დანარჩენების (ჩამოუთვლელთა) თავს რომ გამარიდოს. ასეა ახლა. მერე, როცა აღარ ვიქნები, არც მინდა ვიფიქრო, რა იქნება.

გურიაში, ჩემს სოფელში, ყოფნისას (ზაფხულობით, შემოდგომაზე), თბილისიდან ჩასულს, ჩვევად მქონდა ნათესავებისა და მეზობლების ეზოებში გადასვლა, ხილის ჭამა. ზოგჯერ ისიც მგონია – ეს დაუოკებელი ჟინი სრულიად ჩვილს, აკვანში ჩაკრულს და მოჭყლოპინეს დამანათლეს. პატრონებზე უფრო მე ვიცოდი, სად რომელი ხე ხარობდა და როგორ ესხა. ვინ იყო დამშლელი, მით უმეტეს მერე, როცა წამოვიზარდე. ნაირნაირი ბლებისა და მსხლების გარდა, გამორჩეულად მიყვარდა მწიფე ნიგვზების დაბერტყვა და დამსკდარი, უკვე გამომშრალი, შავ, კლაკნილ ბზარებად დარჩენილი წენგოს შემოცლა. გაკროლილი, კრიალა, ქვით გაჩეჩქვილი კაკლის ნედლ ლებანს მოყვითალო კანს რომ შემოაცლი და გაფცქვნი, იმის კნატუნს არაფერი ჯობს; რძეგარეული, ქათქათა სიმაძღრის ძალა პირთამდე გტენის და კიდევაც გთენთავს. დავხედავდი თუ არა კაკლებს ნაყუნწართან, მაშინვე ვხვდებოდი, რომლის ლებანში იქნებოდა სიგრძეზე გაწოლილი, ჩაჭუჭკული, წითელი, ფეხებხორკლება, გულნაჭამი, გასისინებული მატლი, რომელსაც საბუდარიდან სინათლეზე გამოგდება, ნაპატიებ სხეულზე ცივი ჰაერის მოხვედრა, ალბათ, ესიკვდილებოდა. ნიგოზზე სულ ვნადირობდი, მაგრამ არც კარგ თხილს ვწუნობდი, დღემდე არ დამვიწყებია ხავერდოვნად გახასხასებული, ზეთგამჯდარი ბრტყელთხილას გემო. იგი, ეტყობა, გადაშენდა, რამდენი ხანია, აღარსად  შემხვედრია.

 

1 2 3 4 5