აქეთ უფრო გულღია ადამიანები ცხოვრობენ. თანაც დასავლეთ ბერლინისგან განსხვავებით, აქაურებმა კარგად იციან ტანჯვის ფასი. ნახევარი საუკუნე „შტაზის“ (გერმანულ კაგებეს) უმკლავდებოდნენ, გაჭირვებას და ხელმოკლეობას ებრძოდნენ. წვალობდნენ. ახლაც ბევრი რამ აკლიათ. პროდუქტები არ აქვთ, საყოფაცხოვრებო პირობები არ უვარგათ, სამუშაოს ვერ შოულობენ. დასავლელები აღმოსავლელებს ცოტა ზემოდან დასცქერიან… კედელი სულ 2 წელია რაც მოიშალა, მაგრამ აქაურობას დიდი დრო, ფული და ენერგია დასჭირდება.
ჩვენ, ძირძველ საბჭოელებს, ასეთი რამე-რუმეები არ გვაშინებს. სამაგიეროდ ოსსი–იმ, ანუ აღმოსავლელებმა ვესი–სგან, ანუ დასავლელებისაგან განსხვავებით, სულიერება უფრო შეინარჩუნეს.
სიუხვე კარგია, მაგრამ ხშირად ადამიანის სულს და ხორცს ერთნაირად ხრწნის. რაც მეტ სასუქს მიუმარჯვებთ მიწას, მით მეტ ნაყოფს მოგვცემს, მაგრამ ნაყოფიც არის და ნაყოფიც. ნახეთ რას დაემსგავსა ხილი და ბოსტნეული – არც სუნი აქვს, არც გემო. იმიტომ რომ სასუქით განოყიერებულ მიწაზე დაამწიფეს, პესტიციდებით გაძეძგეს და ხელოვნურად გაანაყოფიერეს.
ადამიანებიც ამ ნაყოფს დაემსგავსნენ. კანი გაუსქელდათ, გასივდნენ და სული ხორცით ჩაანაცვლეს. ასეა – უზრუნველი ცხოვრება და კომფორტი ზნეობას აკნინებს, უზნეო ადამიანი კი სულიერებასაც კარგავს. არავის ეგონოს, რომ თითქოს კომფორტის წინააღმდეგი ვიყო, მაგრამ ზედმეტი არაფერი ვარგა.
ჩემთვისაც რომ ასე მოევლო ვინმეს – სასუქი დაეყარა მორწყვა არ დავიწყებოდა, გაკრეჭვა და გადაბელვა, მეც გავსუქდებოდი. ცუდი იქნებოდა? ალიგატორივით მძალვრი და საშიში გავხდებოდი, ყველას და ყველაფერს ჩავნთქავდი და ჩემს ბედს ძაღლიც არ დაყეფდა. ვიცხოვრებდი უზრუნველად, არც ემოციები შემაწუხებდა და არც გრძნობები. ვის სჭირდება დღეს სიბრალული და სიყვარული? ნამდვილად ზედმეტი ბარგია. ხელები ჩამომწყდა წარსულის თრევით. ჩემი მორალით და პრინციპებით წინა საუკუნეში დავრჩი. ვის ვჭირდები დღეს – ცეკავშირის ქათამივით ყოფის კაუჭზე ჩამოკონწიალებული მომღერალი? არც არავის. რა თავში ვიხლი ჩემს წითელ დიპლომს?! კედელზე თუ ჩამოვიკიდებ. დღეს, ვინც პირს გააღებს, ყველა სიმღერას იწყებს. ვინც კალამს აიღებს ხელი პოეტად და მწერლად ინათლება. ვის დაკარგვიხარ ერთი თუ ძმა ხარ. სასოწარკვეთის ზღვარზე მყოფი ხშირად ვფიქრობ: „ჯანდაბას პრინციპები და მარადიული ღირებულებები, მთავარია ამ ჭეჭყვაში გადავრჩე და დანარჩენი მე ვიცი–მეთქი…“ მერე ჩემივე ფიქრის მრცხვენია. კირკოროვისა და ბასკოვის დონეს ნამდვილად ვერ გავქაჩავ, მაგრამ ღმერთმანი, დამიჯირეთ, გული არაფერზე მწყდება.
პიტერმა შონჰაუზერზე მდებარე ბინის გასაღები მომცა და თვითონ სარბოლო ველოსიპედით პარიზისკენ გაუტია. ნეტა რას წვალობს? დღეს ხომ ველოსიპედის გარეშეც, რითაც მოისურვებ, სადაც მოისურვებ იქ წახვალ. თავში აზრადაც არ მომივიდოდა პარიზში ველოსიპედით გამგზავრება. ჩემთვის ეს დაახლოებით იგივეა, ახლა პუანტები რომ ჩამეცვა და ფუეტე ან პადედე მაცეკვო.
ასიოდე წლის წინ კი პიტერის გმირობა მსოფლიოს გააოცებდა. აღფრთოვანებით იჭორავებდნენ მასზე, გაზეთები აჭრელდებოდა სხვადასხვა სათაურებით… ჩვენი პიტერი გმირი გახდებოდა.
თქვენ ფიქრობთ, რომ მაშინ გმირად ქცევა ადვილი იყო? რა თქმა უნდა – არა! მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად, გმირობის ჩასადენად, ადამიანს ნებისმიერ ეპოქაში დიდი ძალისხმევა სჭირდება. თან არც ის დაგვავიწყდეთ, რომ დღეს აქცენტებია შეცვლილი. პარიზში ველოსიპედით მგზავრობა დღეს რომანტიზმის ჩვეულებრივ გამოვლენად თუ აღიქმება. ამით ვეღარავის გააკვირვებ. ალაბთ „ლამანშის“ სრუტე უნდა გადასცურო ერთი ორჯერ შეუსვენებლივ წუნ და უკან და მაშინ შეიძლება გმირი გახდე. შე კაი კაცო, თუ სილიკონის მკერდი და სქესის შეცვლა აღარვის უკვირს, ველოსიპედით „გაკატავება“ ბერლინიდან – პარიზამდე ვიღას გააკვირვებს?!..
თუმცა გამონაკლისებიც არსებობენ. მაგალითად მე. სილიკონის მკერდიც მაოცებს, ქალის კაცად გადაკეთებაც, თანამედროვე ავიალაინერებიც, ციფრული აპარატებიც, ხმის ჩამწერი სტუდიებიც და მობილური ტელეფონებიც.
მე რითღა გავაკვირვო ეს სამყარო? როგორ დავიპყრო?
ჯობია შაირს გიმღერებთ: „ჯიბეში მიდევს ხის სავარცხელი, ვისი საქმეა თუ მე ვარ მცველი ადამის მოდგმის სისხლის და მრევლის…“
გაუგზავნელი წერილი მინდიას
2001 წელი, თბილისი
ჩემო კარგო მინდიავ, მოგესალმები შორეული, მაგრამ ყოველთვის შენთან მყოფი საქართველოდან!
აბა თუ ბიჭი ხარ გამაიცან, ვინა ვარ, ჰა? ვერ გამაცან? აბაო, ესაო–ისაო, მინდია ვარ, გონება და ყური მიჭრისო, გული ცისთვის და მიწისთვის გამიღიაო, ყველა სულდგმულის ენა მესმისო და სულ ეგა ხარ? აი ხომ ხედავ ორივ ბეჭზედ გაგაწვინე და მიწას გაგაკარ! ვერ გამამიცან.
მე ვარ, შენი მანანა მენაბდე. ეგ როგორ შორს გადაგხვეწა სწავლის ჟინმა, ოკეანს გაღმა. აბა შენ უნდა თქვა კაცი ვარ და თავზე ქუდი მხურავსო! ჩიტმა ამბავი მომიტანა, თავაუღებლივ შრომობსო. მიხარის, რომ ასე რუდუნებით ეწევი სწავლის ჭაპანს. რომ კიდევ უფრო ძლიერი და მშვენიერი დაუბრუნდე სამშობლოს! კარგი სურვილია ჩემმა მზემ! სწავლის ჟინი ერთია, მაგრამ ვგრძნობ და ვიცი, როგორ გენატრება აქაურობა, შენი სახლ-კარი და შენიანები. ეხლა ხომ მაინც გესმის ჩემი? ხომ თავად განიცადე, როგორი ყოფილა შენს მიწისთან და ცასთან განშორება? მაგრამ ერთი კია, ამასაც შენ თუ გამიგებ, რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო მძაფრდება ცისა ფერისა და შორეული ატმის რტოოს მონატრება. რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ახლოა სულთან ყველაფერი ის, რაც გათბობდა, რამედ გიღირდა და მთელი არსებით გიყვარდა. ტყუილად კი არ უთქვამს პოეტს: „რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები…“