მხოლოდ ჩვენ ქართულ ცასა აქვს ასეთი ღრმა, სევდანარევი და ამასთან ერთად მაღალი, ქარივით მსუბუქი და ლაღი სილურჯე. ასეთი ლურჯი ფიროსმანის ნახატებშია მხოლოდ. აბა სხვანაირი როგორ იქნება?! ხანდახან მონატრებული შევყურებ ბერლინის ცას და სულ მინდა ჩემი ქართული ცა, ფიროსმანისა და ბარათაშვილის ცას შევადარო, მაგრამ შედარება ერთია ჩემო მინდიავ და სინამდვილე კი სულ სხვა რამ. სევდიანი, საღი და ჭკვიანი თვალები, მხოლოდ ნიკოს ჟირაფს თუ ექნება მთელს ქვეანაზე. ასე არ არის, ჩემო მინდიავ? იქნებ ზედმეტი მომივიდა? იქნებ გრძნობებს ავყევ და ჩემი მონატრებით დაგღალე? რა ვიცი, ვიღაცას ხომ უნდა გავუზიარო ჩემი გულისნადები და აი შენ გეუბნები. ალბათ იმიტომ, რომ კაი კაცი ხარ, შორსა ხარ, ტკივილისა და მონატრების ფასი იგემე უკვე. ეგეც რომ არ იყოს, მხოლოდ იმიტომ გაგიხსნიდი გულს, რომ ასეთი ტკივილითა და სილაღით შეგიძლია იმღერო. სულ თვალწინ მიდგას შენი ზარივით ხმა. გახსოვს ალბათ მე რომ პირველად ეთეროსთან ამოველ, მაშინ შენ თერთმეტი წლისა თუ იყავ. როცა შენ გიხსენებ ფანდურით ხელში, სულ ასეთი სურათი წარმომიდგება ხოლმე თვალწინ – თავი გადაგდებული უკან და სახე და ყელი ქართულ ცას მიშვერილი, თვალები დახუჭული და შენი ხმა… გასაოცარი! სულიდან ამოსული. წამოსული შენი მამა–პაპიდან… ზარივით ხმა. შემდეგ, ეთეროს წაკითხული ლექსები და ეს ყველაფერი თუ ერთხელ შენი ყურით გაიგონე, მერე ვერასდროს ვერ იქნები ინფანტილური, უდარდელი, მოშვებული, მძინარე. ვერ წარმოიდგენ, რამხელა სიხარული და სიამაყე განმაცდევინა ეთეროს ლექსებმა და შენმა სიმღერამ. მაშინ შევიგრძენი პირველად, რომ სიხარულისაგან თურმე შეიძლება გულამომჯდარმა იტირო. ცრემლი მოგერიოს. გაუფრთხილდი, ჩემო მინდიავ, მაგ ხმას შენში. ოღონდ, იცოდე, რომ ამისთვის უფრო დაგსჯიან, ვიდრე აღგაზევებენ. მაგრამ არ შეუშინდე, მაგრად დადექ! ხომ იცი, ერთ კაცს რომ გენიოსობამდე, სიკვდილიღა დარჩენოდა. მე ცოტა ხნით ჩამოველ თბილისს. შენები მოვინახულე. მოვესიყვარულეთ ერთმანეთს, როგორც ყოველთვის, ეთერომ თავისი კეთილი ხელებით ხინკლები გამიკეთა. მაგრამ ის პირველი ხინკალი, ეთეროსთან არასდროს დამავიწყდება. მე ხომ მაშინ თქვენთან მოველ ჩემის ნებით, ვაჟამ ამომიყვანა ზუბაშვილმა. ისე მინდოდა ეთეროს მოესმინა მის ლექსებზე ჩემი დაწერილი სიმღერა მინდოდა მოესმინა მასაც და ამირანსაც, თქვენ მოგესმინათ. მინდოდა ჩაგხუტებოდით. აბა მკვდარი მომღერალი და ,კვდარი პოეტი, რაღა ჩასახუტებელი და სანახავია?! სიცოცხლეში უნდა მოვეფეროთ, სიცოცხლეში უნდა გავიხაროთ ერთმანეთის სიხარულით. ღმერთო ჩემო, როგორ მეგონა, ასე თუ შევაწუხებდი ეთეროს. მაშინ არც წყალი იყო, არც სინათლე, არც გათბობა და ხომ გახსოვს, როგორ ამოგქონდათ მეცამეტე სართულზე შენ და მამაშენს ფეხით წყალი ხინკლებისთვის. იმ ხინკალს სულ სხვა გემო ჰქონდა, მინდიავ, თავგანწირვისა და სიყვარულის გემო! ამიტომ მაგის დავიწყება არ შეიძლება, რომ დაივიწყო უსინათლობაში და უწყლობაში წვალებით მოპოვებული ხორცისგან სიტვარულით ჩახვეული ხინკლის ნაწიბურები? დავიწყება არც იქნება. რომც მინდოდეს ჩემი სხეულის უჯრედებს რა დაავიწყებთ?! ეთეროსთან და ამირანთან ყოველთვის ასეთი გემო აქვს ყველაფერს, მაგრამ გამიგე, ეს პირველი ჩემი ეთეროსთან მოსვლა ფიროსმანის ნახატივით მშვენიერია. ეხლაც, ეთერომ თავისი გულგასახეთქი ლექსები წამიკითხა ღვთაებრივი ხმით. არც კი ვიცი, როგორ შეიძლება ის განცდა აგიწერო, როდესაც ეთეროს ვუსმენ. რაღაც განსაკუთრებულ მოძრაობას იწყებს სული. გული მისკდება სიხარულისგან! რა ლამაზად ჟღერს: „ჩამი’ფარ, ალბათ, პირბადეებ, /თებულომ, ქაჩუმ./ დაცარელა’დ თურ მთელ სოფლები–დ/ თუშეთიც დაჩუმდ…“ ან თუგინდ ეს: „იმედის გვირილა’ო,/ ხოხობო ყივილა’ო,/ ტყვიაო წივილა’ო/ ზვავს ნაქრავ კივილა’ო…“ აბა როგორ შემეძლო ამ ლექსებზე მუსიკა არ დამეწერა და გვერდი ამევლო?! შეიძლება ვერც კი ხვდები, როგორი დედა და მამა გყავს, მინდიავ. არა, როგორ ვერ ხვდები. შენ ყველაფერს ხვდები. მაგრამ, სიახლოვე ხშირად აბრმავებს და გრძნობებს ცვეთავს. სიახლოვემ მიჩვევა იცის. სიშორე მაგითაა კარგი, ათას რამეს მოგიყვება, ათას რაღაცაში ჩაგახედებს და ათას რაღაცას მიგახვედრებს.
აქ, ჩვენთან, ბევრი დაჯავრიანებულია, ყველაფერი შეიცვალა და ძველი თბილისი ის აღარ არის, რაც იყოო, ასე ამბობენ. ყველაფერი რომ ისევ ძველებურად დარჩენილიყო, მაშ ხომ მოგონება და მონატრება აღარ იქნებოდა. მოგონების გარეშე როგორ იქნება ადამიანი?! მე კი ვხარობ, რომ ძველს ვიგონებ. იმ ძველში ბევრი გულსატკენი და გულდასათუთქი ამბებია, მაგრამ მაინც ტკბილია მოსაგონრად. იმედი კარგი რამეა, ჩემო მინდიავ, მაგრამ ძალიან არ გაგიტაცოს. აბა შენ იცი, არ მოეშვა, შეუტიე საკუთარ სულსა და გონებას, არ მოისვენო. შენ ისეთ გორისა ხარ, სხვაგვარად ალბათ ვერც შეძლებ.
მალე ბერლინში ვბრუნდები. კარგი იქნება, თუ ერთმანეთს შევეხმიანებით ჩვენს შორის წლებმა არ შეგაშინოს. მეგობრობისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს.
ღმერთმა კეთილად გატაროს ჩემო მინდიავ!
შენი მანანა მენაბდე
