სასწაულმომქმედი 7–ანი, რომელიც ჩემი საცხოვრებელი სახლის კედელს ამშვენებს, ჩემს ცხოვრებაში უეჭველად დიდ როლს ითამაშებდა, პილევინის რომანის გმირი რომ ვყოფილიყავი. მაგრამ ჩემთვის აბსოლუტურად სულერთი იყო ამ რიცხვის მსგიური წარმომავლობა და მბიშვნელიბა. 7 მარკის პოვნა, ან 17 მარკის უპრობლემოდ შოვნა რომ მაინც შემძლებოდა, გარწმუნებთ, ეს რიცხვი, ჩემს ცხოვრებაში უეჭველად მნიშვნელოვანი გახდებოდა! მაგრამ დრო გადის, 7-იანი კიდია ცემი სახლის კედელზე და ჯერჯერობით არანაირი სასწაული არ ხდება. ეს ნომერი რომ ჩამოვარდეს კიდეც ჩვენი სახლის კედლიდან, შემოდგომის ყვითელ ფოთლებს შერიოს, ვეჭვობ, არც მაშინ მოხდება რაიმე ცვლილება ჩემს ცხოვრებაში. მარტო 7-იანის ყოფნა-არყოფნა რომ წყვეტდეს ჩვენს ბედს… კაი დაგემართოს. როგორც პოეტს უნდა ქონდეს ძამიკო ნიჭი, ასევე 7 მარკის მომოვებას დიდი ძალისხმევა და შრომა ჭირდება! აბა უშრომველად ა უფასოდ დღეს ჩიტიც არ ჭიკჭიკებს. მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ და რაღა თქმა უნდა 7–იანმა მაინც ითამაშა თავისი როლი იმ მხრივ, რომ ეს ნომერი ახლა ჩემი დროებითი საცხოვრებლის კედელს ამშვენებს და ყველა ბლანკსა თუ ოფიციალურ ქაღალდზე ამ საცხოვრებელის ნომერს ვუთთებ. ეგ ნომერი, რომ არა, ასოციალური ვიქნებოდი. უბრალოდ „ქუჩის ქალი“ და მორჩა! ამიტომ, ამ მხრივ შვიდიანის მაგიურობას ნამდვილად ვერ გამოვრიცხავ, სიმართეს უნდა შევხედო თვალებში და ვაღიარო, 7 ნომერი რომ არ ყოფილიყო, ამ სახლს შესაძლოა არ შევეკედლებინე. ამიტომ შვიდიანს მაგიური ძალის მთლად არქონას ვერ დავაბრალებ. ხომ შემიკედლა? ხომ მიმიღო? მერე რა, რომ კომფორტი არ არის და ტექნიკის უკანასკნელი ყვირილიდან მხოლოდ ქუჩაში ნაპოვნი შავ-თეთრი ხონეკერისდროინდელი ტელევიზორი და მაცივარი მიდგას? სამაგიეროდ ცენტრშია, მთელ სახლში ნახევარზე მეტი ახალგაზრდები ცხოვრობენ. ამიტომ რაც გინდა ის მოიმოქმედე, წესებს არავინ გიკანონებს! მარტო ის რად ღირს, შაბათ-კვირას ჩვენ ეზოში ტურისტები რომ მოდიან გიდთან ერთად. ამაყუ ვარ, რომ ისტორიულ სახლში მიწევს ცხოვრება! რამდენი უსახლკარო და უბედური ადამიანი დაეხეტება ამ ქვეყანაზე. ხომ შეიძლებოდა მეც დავრჩენილიყავი ჭერის გარეშე? ეს ყველაფერი გინდა არ გინდა ლიომ და მაგიურმა 7-მა გააკეთეს!
მამა
მამა ხალხურ სიმღერებს მასწავლის. ძლიერი და ლამაზი ტენორი აქვს, მაგრამ რატომღაც კონსერვატორიის მესამე კურსიდან თავს ანებებს ვოკალზე სიარულს, სადაც ცნობილი ბარიტონის სანდრო ინაშვილის კლასშია და გეპეის სტუდენტი ხდება. ფაკულტეტზე შვიდკაცას აყალიბებს. მღერიან ბიჭები „ჩაკრულოს“, „მრავალჟამიერს“, „წინწყაროს“ და კიდევ მრავალ სხვას. მრავალი წლის შემდეგ, მამა გამომიტყდება, რომ სცენის შიშმა სძლია და ამიტომაც სიმღერას თავი დაანება.
მამა მოსმენას, მოთმენას, დათმობას და მიტევებას მასწავლის. არ ვიცი რამდენად ვითვისებ, მაგრამ გულისყურით ვუსმენ. მიკითხავს ვაჟას, „ვეფხის ტყაოსანს“, ილიას, აკაკის, გალაკტიონს, პუშკინს და ლერმონტოვს. პირველი განცდა – ვაჟას პოეზია ზვავივით მატყდება თავზე. „შვლის ნუკრის ნაამბობი“ – მე და მამა ორ ხმაში ვტირით… ვაჟასთან ყველაფერი სიყვარულია.
„პუშკინი – სიყვარულის მახვილი. თუ გსურს რუსულ ენაში სწორი მახვილი დასვა, პუშკინი ყოველთვის ხმამაღლა უნდა იკითხო – მიხსნის მამა და აგრძელებს: „ისეთი ეშმაკის ფეხია, რომც მოგინდეს, არასწორად მახვილის დასმას ვერ მოახერხებ“. დღემდე ხმამაღლა ვკითხულობ პუშკინს..
მამა ახლა სოკრატეზე და მის ცოლ ქსანტიპაზე მიყვება უამრავ ამბავს… ძალიან უცნაური კაცი კია ბიძია სოკრატე. დადგება ასე სადმე ქუჩაში ჩაფიქრდება და შეუძლია სახლში სამი–ოთხი დღე კი არ მივიდეს. საწყალი ქსანტიპა დეიდა დარბის და მთელს ქალაქში ეძებს. დარწმუნებული ვარ, რომ სოკრატე ბიძია – მამას მეგობარია. ჰოდა, ვთხოვ სტუმრად მიმიყვანოს – ბიძია სოკრატესთან, მაგრამ მამა ხან რას იმიზეზებს და ხან რას. მოკლედ, გამოგიტყდებით, ვერცერთხელ ვერ მოახერხა ჩემი მიყვანა მასთან. აბა რანაირი მეგობრობაა-მეთქი, ვფიქრობ ჩემთვის. მოგვიანებით დავრწმუნდი, რომ მამა სოკრატესთან მართლა მეგობრობდა.
……………………………………………
ბერლინში მარტო მიწევს ხეტიალი. გერმანელებს ძირითადად ხელებით, ფეხებით და მიმიკით ვეკონტაქტები. სულ რამდენიმე სიტყვა ვიცი და თანაც ისეთი ინტონაციით წარმოვთქვამ, გული გაუსკდება კაცს: „ხენდე ხოხ!“ „ხაილ Hგიტლერ!“ „ახტუნგ!“ „გიტლერ კაპუტ!“
ჩემმა თაობამ ეს სიტყვები ომის თემაზე გადაღებული ფილმებიდან ვიცით. ამ ფილმების იდეოლოგია და ესთეტიკა კი თავადაც მოგეხსენებათ – ყველა გერმანელი ნაძირალა, ბოროტი, მკვლელი, უქნარა და იდიოტი იყო. ჩვენები კი – გმირები, მამაცები, სამართლიანები, ჭკვიანები და ყველაზე კეთილები. იყო ასეთ ფილმი „მზვერავის გმირობა“, ეხლა ვისღა უნდა ახსოვდეს, ჩემი თაობის გარდა. სუნთქვაშეკრული ველოდებოდი ამ ფილმის გამოჩენას ტელეეკრანზე.
ახლა ჩემ იაპონურ ლეპტოპს ვუზივარ, ის კი ხაზს უსვამს სიტყვას „ხაილ“ და მაფრთხილებს – „შესაძლოა ეს შეურაცხმყოფელი სიტყვაა. ლიტერატურულ ენაში მისი გამოყენება მიზანშეწონილი არ არის“. გარეთ 1991 წელის ივნისია და ზაფხულის ცხელი მზე დაჟინებული მზერით ალღობს ჩემი ოთახის ფანჯრებს.
ბერლინში სულ რაღაც 2 თვე ვარ და წარმოდგენა არ მაქვს რას ნიშნავს და როგორ იწერება სიტყვა, „პაპირებიტტე“ – ერთად თუ ცალ-ცალკე. ვფრთხილობ გერმანელებთან შემთხვევით არ წამომცდეს „ახტუნგ! ახტუნგ!“ ან „ხაილ გიტლერ!“
მხსნელად ჩემი ძმაკაცი, პიტერი მომევლინა. რამდენიმე ჯადოსნური სიტყვა მასწავლა. გეტყვით, იქნებ თქვენც გამოგადგეთ. „Natürlich“ – „აბა რა“; „Das stimmt“ – „სწორია“ ან „გეთანხმებით“; „Genau“ – „რა თქმა უნდა“. რა სიტუაციაშიც არ უნდა აღმოჩნდეთ და რაც არ უნდა გითხრან გერმანულად, თუნდაც ვერაფერი გაიგოთ, მცოდნე ადამიანის იერით უნდა გაიღიმოთ და დაბეჯითებით წარმოთქვით ამ მაგიური სიტყვებიდან ერთ-ერთი. ამასთან, თქვენს ინტუიციაზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. გაითვალისწინეთ სიტუაცია, მოსაუბრის სტატუსი, ჩახვდით საუბრის თემას და სიტყვა ისე შეარჩიეთ, თან ინტონაციაც მიუსადეგეთ და ლელოსაც გაიტანთ. ვიდრე ენას შევისწავლიდი, სწორედ ამ მაგიურმა სიტყვებმა გადამაგორებინეს რამდენიმე წელი – „Natürlich“ „Das stimmt“ „Genau“ „Sicher“ – და პრობლემა კაპუტ, როგორც გიტლერ.
ფინანსები მღერიან რომანსებს… ოტო მირჩევს უბილეთოდ ვიმგზავრო. ანუ როგორც რუსები იტყვიან „зйцем“ – ჩვენებურად „კურდღელივით“. მე არც კურდღელივით, არც მგელივით, არც დათვივით მგზავრობა არ მხიბლავს. მაგრამ სხვა რა გზაა – ფული აღარ მაქვს. არც მისი შოვნის პერსპექტივა ჩანს ჰორიზონტზე. რა მაგის პასუხია და ჰორიზონტსაც ვეღარ ვხედავ.
ასე, კურდღელივით ვიმგზავრე 1991 წლიდან 1994 წლის ბოლომდე. მხოლოდ ერთხელ ჩამავლეს, მრცხვენია რა თქმა უნდა, მაგრამ თავს იმ ანდაზით ვიმშვიდებ – სიღარიბე ნაკლი არ არისო, რომ ამტკიცებს.
ისევ ბერლინში დავეხეტები, ვცდილობ გავეცნო და დავუახლოვდე ქალაქს. ისე კი უცნაური შეგრძნებაა, როდესაც ყველაფერი მშვენიერია და ამასთანავე სრულიად უცხო.
სახლი და ჩემები მენატრება. მწუხრის ჟამს ნიავთან მოჩურჩულე სკვერების იდუმალი სურნელი, ვიწრო ქუჩების და ქუჩაბნდების მოგუდული ქოთქოთი, საოცრად ნაცნობი და ჭადრაკის გადადებული პარტიის მსგავსად განმეორებადი სიტუაციები, მჭადის, ლობიოს და მწვანილის სუნი, შორეული ატმის ხის ტოტების შრიალი, „მატარებლის რა–რა–რა–რა–რა–რა–რა…“, ქართული წვიმა, „ნოემბრის ბაღები“, ქართულ ჰაერში ზანტად მოფარფატე ციცინათელები, „ხიდან–ხეზე“ გადაფრენილი ჩიტი, ზეცას შერწყმული გუმბათები, მეზობელი შუშაბანდიდან გადმოღვრილი მოგუდული „ჩაკრულო“ და სველი სახურავები… მოკლედ, ყველაფერი მენატრება რისი მონატრებაც შეიძლება…
აღმოსავლეთ ბერლინში ხეტიალისას ისეთ რაღაცეებს წააწყდები, დღეს რომ დიდი ხნის დავიწყებული და ხმარებიდან გამოსული გგონია. საერთოდ აღმოსავლეთ ბერლინი უფრო თბილი და ადამიანურია…მეც იქით მიმიწევს გული. ეს ალბათ ჩემი მონატრების ბრალია.