ბერლინი, 1995 წლის 24 ივლისი
ბერლინი 40 გრადუსიან სიცხეში ლივლივებს. მძღოლები, და ფეხით მოსიარულენი – ყველანი ჭკუიდან შეიშალნენ. წვიმა არ გვენახვება. წვიმა გაგვიწყრა. არადა, როცა არ გვინდა, მაშინ გაიგიჟებს ხოლმე თავს და დღეში 4-ჯერ რომ არ დაგვესხას არ იქნება. აქაოდა 12 თვიდან მხოლოდ 2 თვე გენახვებით და აჰა აგერ ვარ გიხაროდეთო! მაგრამ არც ასეთი სიმცხუნვარე და გაუსაძლისობა გვითხოვნია აქაურ ქართველებს მისთვის. თავი გაიგიჟა პირდაპირ. ჰაერი დახუთული და ოფლიანია. დახლის უკან ვზივარ და საკუთარი ხელით მოხატულ დანიელას ამოყვანილ კერამიკას, ლუიზას ტყავის ჩანთებსა და ქამრებს ვთავაზობ გამვლელ–გამოვლელს. მყიდველები აღფრთოვანებას გამოთქვამენ, მაგრამ ჯერჯერობით არავინ არაფერს ყიდულობს. გამთანგავ სიცხეს გერმანელები არ ეპუებიან და უამრავი ადამიანები ირევიან: მაღლები, დაბლები, მსუქნები, გამხდრები, ხეიბრები, პატარები, დიდები, ქალები, კაცები, მოხუცები, სტუდენტები, მარტოხელები, წყვილები, ჯგუფები, პანკები… სახეების კალეიდოსკოპში არღნის ხმა იავნანასავით ჩამესმის. ხმაზე თავს ვაბრუნებ და ჩემ წინ, თითქოს ჯინიაო, მეარღნე დგას. არღნის საღეჭი რეზინასავით გაწელილი ხმა, მცხუნვარე ჰაერს ერწყმის…..
„…მაწონი, მაწონი… ბანკა 30 კაპიკი. შეხედე გენაცვალე, როგორც კარაქი ისეთია, თითებს ჩაიტკვერ…“ – ვიღაცას გასძახის მემაწვნე ქალი და მაწვნის ქილას ქაღალდის სახურავს ხდის… „აბა მაიტა….“ გაისმის ჩემს თავს ზემოთ ბესოს ზარმაცი ხმა… „ახალგაზრდა ხარ შვილო, ჯან–ღონით სავსე… მანდამდე ნუ ამომიყვან ამ ხნის დედაკაცს, შენი ჭირიმე… “ ბესოს ფანჯრიდან თოკზე დაკიდული კალათა ჩამოდის… „კარტოშკა, კარტოშკა…“ – თითქოს მეორე ხმას აძლევსო, ახლა სხვა მხრიდან გაისმის გადაძახილი. ეს მანგლისელი ძია შალვაა, თავისი ძლიერი ტენორით. ათას კაცში ამოვიცნობ. აი უკვე ჩემს ფანჯრებს გაუსწორდა, ორად წელში მოხრილს კარტოფილით სავსე ტომარა ზურგზე მოუგდია და მძიმედ მოაბიჯებს. ძია შალვა ფეხების ტკივილს უჩივის. აბა ასე ადვილია კარტოფილის ტომრების ამდენი წელი ზურგით თრევა? ძია შალვას შემყურეს ერთი ქურთი მახსენდება. ბავშვობაში, ვორონცოვზე ვცხოვრობდი ბებიასთან და მამიდასთან ერთად, იქ ხშირად ერთი დაბალი, ჩაფსკვნილი და ღონიერი ქურთი, ულვაშები ბუდიონივით რომ ქონდა ყურებამდე გადაფურჩქნული, „საკაბინეტო“ შავი როიალით ზურგზე, ისე არხეინად მოაბიჯებდა პლეხანოვზე, გეგონებოდა ზურგჩანთა ჰქონდა მხარზე მოგდებული. „ძია შალვა, აქეთ, აექეთ!“ – ვეძახი. ძია შალვა შეჩერდება, ღრმად ამოისუნთქებს, ჩემს ფანჯრებს შვებით ამოხედავს… „ახლავე შვილო… სულს მოვითქვამ და…“ „მოგეხმარები ძია შალვა…“ „აბა რა მოხმარება მინდა შვილო, მეორე სართულზე?!..“ ცოტა ხანში ძია შალვა დაღლილი ნაბიჯებით, მძიმედ ამოდის კიბეებზე. რამდენჯერ არ მდომია, მაგრამ, მაინც მიყიდია მისი ნაშრომი და ნაოფლარი კარტოფილი. ახლაც მთელ ტომარას ვყიდულობ, ოღონდ უკვე მართლა გამითავდა. ძია შალვას ვთხოვ ჩამოჯდეს და შეისვენოს. ისიც მთანხმდება, თავის რუხი ფერის ქუდ–აეროდრომს, რომელსაც ნახევრამდე ოფლის ლაქა გასდევს, იხდის, საკიდზე კიდებს და თითქოს, მოცელესო, ისე ეშვება სკამზე. შუბლზე და კისერზე ოფლის ხშირი წვეთები აზის. ქურთუკის ჯიბიდან სტოლსაფარივით უზარმაზარ ცხვირსახოცს ამოიღებს და ოფლს იწმენდს. მადლიერების ნიშნად მიღიმის. ვგრძნობ, რომ სულაც არ ეღიმება. ჩანს, თუ როგორ თრთის მისი ქურთუკის გულისჯიბე. ეს ძია შალვას გადაღლილ გულს გააქვს ბაგა–ბუგი ტვირთისა და ცხოვრების ტარებით. მაგრამ რა უნდა ქნას, თუკი 5 ქალიშვილი ჰყავს და მარტოდ–მარტომ უნდა დააპუროს და მოუაროს?………………….. არღანი უკრავს და მახსენებს, რომ აქ, ბერლინში სიცხისაგან ვიწვი. როგორც ეტყობა წვიმამ დიდიხნით მიგვატოვა. ნეტა რად გაწყრა ასე ჩვენზე, რა დავუშავეთ?! არღნიდან გადმოსული სიმღერა წრეს აკეთებს და ისევ იმავეს უბრუნდება. ეშინია არ დაავიწყდეს სანუკვარი ძველი სიმღერა. შიშობს, რადგანაც ხედავს, რომ ჩვენ მახსოვრობა დაგვიჩლუნგდა. თავადაც, რომ დაივიწყოს ეს მშვენიერი სიმღერა, ვინღა შეინახავს მას?! ამიტომაც იმეორებს და იმეორებს ერთი და იგივეს… ვიღას სცალია დღეს სენტიმენტებისთვის? ყველა ჩქარობს, ყველა სადღაც თავქუდმოგლეჯილი გარბის… ქალაქელების თვალებში მხოლოდ ფული, საჭმელი და მათი დაკარგვის შიშია ასახული. არავის არ ეშინია ძველი და მშვენიერი სიმღერის გადავიწყების და გადაშენების… აი, მექანიკური ქალი მოაბიჯებს, დახლთან მექანიკური გამყიდველი, მექანიკურად იღიმის და ერთსა და იმავეს მექანიკურად იმეორებს: „Schönes Wochenende!“ ე.ი. მშვენიერ შაბათ–კვირას გისურვებსთო! „მშვენიერ შაბათ–კვირას გისურვებთ! მშვენიერ შაბათ–კვირას გისურვებთ! მშვენიერ შაბათ–კვირას გისურვებსთ!“ აღარც კი ვიცი, ამ სიტყვებმა უნდა გამახაროს, თუ მეც მექანიკურად უნდა გავუღიმო და ვუპასუხო: „Gleich fals!“ ე.ი. „ თქვენც იმავეს გისურვებთ! თქვენც იმავეს გისურვებთ! თქვენც იმავეს გისურვებთ!“ მექანიკური ყველაფერი მოსახერხებელია: სიხარული, დაღონება, სიყვარული, რადგან არაფერს გავალებს და არც არაფერს გიქადის. მექანიკურად, ე.ი. კომფორტულად, ემოციის გარეშე. მახსოვრობას რა ვუყოთ, მახსოვრობას?! ჯერჯერობით მახსოვრობა არ დამიკარგავს. ჯერჯერობით ძია შალვა ჩემთანაა………………… ძია შალვა წინასწარ პატიებას ითხოვს და უფლებას იღებს, რომ თავისი დაკოჟრებული და გადაქანცული ფეხები ფეხსაცმელებიდან ამოიღოს. ვამშვიდებ. ვთხოვ, რომ თავი როგორც სახლში, ისე იგრძნოს. სკამი მომაქვს. ვთავაზობ, ფეხები ზედ დააწყოს და ცოტა მაინც მოასვენოს. ძია შალვას რცხვენია, მაგრამ არ ვეპუები და ჩემი გამაქვს. ვხედავ, როგორ ეცვლება სახე. გულის ძგერაც თანდათან უმშვიდდება. ყველი, პური პამიდორი და არაყი გამომაქვს. ძია შალვა ხვდება, რომ ჩემთან კამათს აზრი არა აქვს! ბედს მიენდობა და უხმოდ ჭამს. ჩვენი ჭიქები ერთმანეთს ეჯახება. უხმოდ ვსვამთ. მერე, დესერტად ცივ ლიმონათს ვასმევ. „კეთილი…“ – ვამბობ მე და რამდენიმე წუთით ვტოვებ ძია შალვას. შემდეგ ჩემი აფიშით ვბრუნდები. და ზედ ვწერ: „ჩემს ძვირფას და საყვარელ ძია შალვას, რომელთან ერთად მე ჩუმად ყოფნას არაფერი მირჩევნია. სიყვარულითა და პატივისცემით!“ ვაწერ აფიშას გაკრული ხელით. ძია შალვას თვალები ვარსკვლავებით ევსება. ფრთხილად იღებს აფიშას ოთხად კეცავს და ჩემი გოგოები გაიხარებენო, ყრუდ ამბობს! ღმერთო ჩემო, უფრო სასარგებლო რამეს ვაჩუქებდი, მაგრამ არაფერი არა მაქვს და რა ვქნა?! ფული რომ მქონდეს, უეჭველად დავეხმარებოდი, მაგრამ არც ეს ოხერი ფულიც რომ არ არ არის? აფიშას ძია შალვა ქურთუკის გულის ჯიბეში სათუთად ჩაიდებს. მძიმედ წამოდგება. დაღლილ-დაბეჩავებულ ფეხებზე ფეხსაცმელს ჩაიცვამს. დაკოჟრილი და კეთილი დიდ ხელს თავზე გადამისვამს, აბა წავედი, ღმერთი გწყალობდეს შვილო! ადამიანი ხარ შენო – მორცხვად მეტყვის, ცარიელ ტომარას კეცავს და კარებისაკენ მიდის. მე ფეხდაფეხ მივყვები… ძია შალვა შედგება, გამომხედავს სევდიანი და მადლიერი მზერით, თითქოს სამუდამოდ მემშვიდობებაო. დიდი პირით გამიღიმებს და სევდანარევად მეტყვის: „იცი, რაღაც დრო ვერ ვიმუშავებ… ფეხების გამო საავადმყოფოში ვწვები.
– იქნებ დაგეხმარო ძია შალვა? ნაცნობი ექიმი მყავს…
– არა, შვილო არა… – მაწყვეტინებს – ყველაფერი რიგზეა… მალე შევხვდებით… ალბათ. – პაუზის შემდეგ ამბობს უიმედოდ და კარებში უჩინარდება..
მას მერე ძია შალვა აღარ მინახავს……………. არღანი უკვე მერამდენე წრეს აკეთებს ვინ იცის… რომ იცოდე, როგორ მაკლიხარ ძია შალვა, განსაკუთრებით ახლა. რა დიდი სიამოვნებით გავცვლიდი ამ ყველაფერს, ოღონდ შენთან დამსვა სიჩუმის მოსასმენად. ვინ იცის, იქნება მაშინ გულით გინდიოდა, რომ შენთვის მემღერა, მაგრამ ვერ შემომბედე. მე კი უჭკუომ, ვერ მოვისაზრე. ოღონდ შენ გამოჩნდი ძია შალვა, ოღონდ გამოჩნდი და გპირდები, ისე გიმღერებ, ისე, როგორც არასდროს არავისთვის მიმღერია.