ახლა არც მჭადის ხასიათზე ვარ, და არც ჩახოხბილის, მხოლოდ ორ რამეს ვნატრობ – ცხელ თონის სპურს და გუდის ყველს. გუდის ყველი ხომ ადამიანს აფხიზლებს. ამიტომ გვაქვს ქართველებს ფხიზელი მზერა. ნათელი გონება და თვალება. არა, მე არ ვამბობ, რომ ჩვენ იდეალურები ვართ-მეთქი დეე, მაგრამ ის კარგიც და ცუდიც ჩემია და ვერაფერში გავცვლი. ზოგი ქართველი აქ ებრაულად იკეთებს გვარს, პირობები რომ გაიუმჯობესოს. გვარს ვერ შევიცვლი, რომ უკეთესი ცხოვრება ავიწყო. ვითომ გვარის შეცვლა უშველის საქმეს? მთავარი ხომ სიყვარულია დეე… სიყვარული, რომელიც ისეთივე ნიჭია. და თუ სიყვარული არ გაქვს ვერც პოეტი იქნები და ვერც მომღერალი, ვერც მწერალი და მშენებელი. თუ არ გიყვარს და გულში ღვარძლი გაქვს, გვარის გამოცვლა ვერ გადაგარჩენს. მერე რაღას აპირებენ ეგ დალოცვილიშვილები, როცა უფალი მოკითხავთ? ვიცი რატომ ვართ ლაღები დე? იმიტომ, რომ საღი, გადამდები სიცილი ვიცით. საკუთარ თავზე შეგვიძლია გავხალისთედ და ვიცინოთ. მაგრამ იცი დეე.. დიდი ხანია აღარ გამიცინია, ძალიან დიდი ხანია. ოოო, რა სიამოვნებით წამოვწვებოდი ლეღვის ხის ძირას, მერე ზედ ავძვრებოდი, მწიფე ნაყოფით ჩავიტკბარუნებდი პირს, დავტკბებოდი ქართული ლეღვის ღრმა გემოთი. აქ კი ყველაფერს ფულის გემო აქვს, ე. ი. არაფრის. რა სიხარულით ჩავყვინთავდი ქართულ ცისსა ფერში და რკინისფერი მთების სიმაღლითა და მედიდურებით დავტკბებოდი. აი იმ მთების, რომ დგანან და ელიან. ვაჟას მთებით. როგორი სიხარულით და ნეტარებით შევისუნთქავდი ფილტვებამდე ჭის წყალივით კამკამა ქართულ ჰაერს. მერე ქართულ მზეს მივუფიცხებდი სიმარტოვეში შეციებულ სულს.
ღია ვერანდაზე თქვენ გხედავთ – შენ დეე, მამას და ბებიებს. ჩაის სვავთ მურაბით. ოოო… ჩაი მურაბით ეს სხვა ფილოსოფიაა და ამას ვერაფერში გავცვლი. ჰოოო ჩაის მურაბით ვსვამთ ვერანდაზე და ბებიები „ო, მარგარიტას მღერიან…“ იქვე ნაკადული ქვიდან ქვაზე მხიარულად დახტის, თითქოს კლასობანას თამაშობდეს, ათინათიდან ჭყურტულებს, ახლადმოთიბული ბხალახის სუნი მოაქვს და დების ხმებს აყოლებს თავის მოძახილს. ატმის „დაღალული რტოო“ კი ირხევა, როგორც ნაზ ვარდისფერში გამოწყობილი ქალწული. ხედავ, როგორ მომნატრებიხართ, რომ სიტყვებში უკვე სიხისტე დავკარგე და ზედმეტად შაქარიანი მურაბასავით ჩამიშაქრდა… მამა მომენატრა. უცნაურია, ამ ბოლო დროს სულ აღარ მესიზმრება?!…“ ყველაფერი ამის სანაცვლოდ კი ვპასუხობ: „დეე… აუცილებლად ჩამოვიდოდი, მაგრამ რამდენიმე საინტერესო პროექტი გამოჩნდა…“
დედას „სჯერა“ და დუმს…
ბერლინი, 1992
Schönhauser–ზე თითქმის ნახევარ წელზე მეტი ვიცხოვრე, მერე კი პატარა 18 კვ.–ში აღმოვჩნდი Prenzlauerberg–ში, ლიოსთან Saarbrücker str. 7 ნომერში, პირდაპირ სხვენზე. Prenzlauerberg–ი აღმოსავლეთ ბერლინის გულია, როგორც მაგალითად რუსთაველი.
ლიო კერამიკას აკეთებს. მაგრამ მე მისი ნახელავი არ მინახავს. ცოტას ლაპარაკობს, როგორც ნამდვილ კაცს შეეფერება. მე ეს ხელს მაძლევს, რადგანაც გერმანულად საუბრის დროს ჯერ კიდევ ხელებს და ფეხებს ვიშველიებ. ლიოს ინგლისურისა არაფერი გაეგება. ქართულზე და რუსულზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ასე რომ, ერთმანეთს გადასარევად ვუგებთ!
ერთი ლიოს ძველისძველი, დანჯღრეული „VW“ ჰყავს ანუ „ფოლცვაგენი“. მანქანის გასაღები, რა თქმა უნდა, არ აქვს, – მავთულებს ერთმანეთთან აერთებს და ჰაიდა… თუ ვითარებამ მოითხოვა, ტროტუარზედაც ადის, ჰოი საოცრებავ, რატომღაც პოლიცია არ აჯარიმებს?!.. ლიო გამუდმებით შხაპის ქვეშ დგას, მაგრამ სულ დაუბანელს გავს. წვერს ერთ მეოთხედზე იპარსავს, ყველაფერი დაჭმუჭნილი და დაღეჭილი აცვია. ძლიერი, უხეში ხელები მაზუთისაგან აქვს ჩაშავებული „ფოლცვაგენში“ ძრომიალითა, ტლანქი თითები კი დაჩეხილი, რადგან გამუდმებით ტექნიკაში იქექება და რაღაცას „აპაჩინკებს“. მიუხედავად ამისა, რადიოც და ტელევიზორიც დღემდე დუმს. დარწმუნებული ვარ, ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი ერთად ამუშავდება. ლიოს წარბებს ქვემოდან, ბრაზიანი გამოხედავა აქვს, მაგრამ ეს ისე, ყოველი შემთხვევისათვის, რა იცი რა ხდება?! მის კეთილშობილ ხასიათს ფართო ღიმილი ამხელს. ქალები ფუტკრებივით ესევიან, მოსვენებას არ აძლევენ. ლიოც არავის სწყვეტს გულს. ისე, ოდესმე კარგად თუ დაიბანა, დაივარცხნა და დაუთოებული შარვალი და პერანგი ჩაიცვა, მართლაც წარმოსადეგი ახალგაზრდა კაცი შეგრჩებათ ხელში. ვერაფრით დავადგინე, ოჯახი ჰყავს თუ არა. რაღაცა იბჟუტურა და ხელები ატრიალა, მაგრამ ვერაფერი გავიგე…
ლიო სიგარეტის მაგივრად, ბალახს ეწევა. ხელიდან არ აგდებს. ამას სხვათაშორის აკეთებს და ისე შეეზარდა ამ პროცესს, რომ შთაბეჭდილება რჩება, თითქოს არც კი ეწეოდეს. სინამდვილეში კი, ბალახი ეწევა ლიოს. რაც გინდათ, ის თქვით, მაგრამ ლიო ზედმიწევნით კეთილშობილია. ირგვლივ, ჩემიანმაც და უცხომაც, ყველამ იცოდა, რომ უბინაოდ და უფულოდ ვარ, მაგრამ სწორედ ლიომ გამომიწოდა თავისი კაცური ხელი. მისი წყალობითაა ამ სხვენზე რომ ვცხოვრობ. ეს ბუნაგი, კი დამითმო, მაგრამ თვითონ სად სძინავს და რას სვამს და ჭამს ნეტა?! უცებ, გათანგული და გაოფლილი, დაურეკავად გამოჩნდება ხოლმე, ცივ შხაპს მიიღებს, მერე, არც არაფერს არ გადაიფარებს ისე, სამზარეულოში, სადაც საშხაპე კაბინა დგას, პირდაპირ იატაკზე დაწვება. ასე და ამგვარად გამოიძინებს, 2 საათში ადგება, ყავას მოიდუღებს, დალევს, ზედ ბალახს დააყოლებს და თუ გუნებაზეა, რაღაცის შეკეთებას იწყებს. კერამიკის გარდა (ლეო კერამიკოსია და თავისი ნახელავის წყალობით ცხოვრობს), კიდევ თავისი მუსიკალური ჯგუფი ჰყავს. თვითონ მღერის და კიბორდზე უკრავს. ერთხელ ამ ჯგუფის კონცერტს მოვუსმინე, მაგრამ ხელმეორედ ოქროც რომ შემიგდონ, მაგათ მოსასმენად წამსვლელი აღარ ვარ! დიდხანს ვადგენდი მუსიკის ჟანრსა და მიმართულებას, მაგრამ ვერაფრით ვერ დავადგინე. ვისაც არ ვკითხე, ყველამ მხრები აიჩეჩა და ვერაფერი მითხრა. იმას ვამბობდი, რომ თუ კარგ ხასიათზეა ჩემი მხსნელი, კიბორდს, რომელსაც თოფივით მხარზე გადაკიდებული ყველგან დაათრევს, ჩიხოლიდან იღებს, ელექტროობაში აერთებს და დაკვრას იწყებს… ამის აღწერის ძალა მხოლოდ დიდ მწერალს თუ შესწევს. ვერდაგპირდებით, მაგრამ ძალიან შევეცდები ეს სურათი ცხადად დაგანახოთ – მუსიკას, რომელსაც კიბორდი ლიოს თითების მეშვეობით გამოსცემს, არანაირი ლოგიკა არ გააჩნია. ნოტების თანმიმდევრობას, ფრაზის წყობას, კომპოზიციას და ა. შ. ლიოსთვისა და მისი მუსიკისათვის არც მნიშვნელი აქვს და არც მრიცხველი. დასაწყისი და დასასრული ხომ მითუმეტეს. როგორც წესი, ლიოს მუსიკა შუიდან იწყება. როგორ ახერხებს ამას, ვერ გეტყვით. ჩემთვის ეს, ნიუტონის ბინომია?! დაკვრას იმ შემთხვევაში წყვეტს, თუ ვინმე მოვიდა, ან თუ ვინმემ დაურეკა. ასეთ მუსიკას, რომელსაც დასაწყის-დასასრული არ აქვს, ალბათ განსაკუთრებული ნიჭის გარდა, დიდი ვირტუოზობა ჭირდება! ეს მუსიკა უფრო ქრომატიულ გამას გავს. თითები უწესრიგოდ და ქაოტურად, თავქუდმოგლეჯილი დაქრიან კლავიშებზე. ტონალობა ყოველ წამს იცვლება და ყველაზე ყურადსაღები მომენტი ისაა – როდესაც მარჯვენა ხელი მელოდიას გარკვეულ ტონალობაში უკრავს, ხოლო მარცხენა ხელი სულ სხვა ტონალობაში თავგამეტებით ეხეთქება თეთრ და შავ კლავიშებს. დასაწყისისთვის რომელიც დასაწყისი არ არის, მაგრამ ჩვენ დასაწყისად უნდა აღვიქვად, რადგან სხვა გზა არ გვაქვს, ტემპი და ფორტე – ზომიერია. რაღაც გარკვეული დროის შემდეგ (ესეც „კომპოზიტორის“ გუნებ-განწყობაზეა), ტემპი ჩქარდება დ აპოგეას აღწევს. აქ უნდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ არა მარტო ტემპი, არამედ ფორტეც ზენიტშია. ამ მომენტში ლიო ისე თავგამეტებით ურტყამს თავის დაჩეხილ თითებს კლავიშებს, რომ ყოველ ჯერზე, კიბორდის საცოდაობით ვიწვები. კიბორდს ლაპარაკი რომ შეეძლოს, ლიოს მინინუმ 15 სუტკა არ ასცდებოდა. მოულოდნელად რაღაც მომენტში (ასეთი მომენტები ყოველთვის მოულოდნელი აქვს „მუსიკოსს“) ლიოს ხმა ბგერათა ქაოსს უერთდება და მუსიკოსი ისეთ ექსტაზში შედის, რომ ვერავის და ვერაფერს ხედავს. კულმინაციის დროს სიმღერა ღმუილში გადადის. სიტყვების მაგივრად, რომელიც მე ისედაც არ მესმის, ცალკეულ ბგერებში გადადის და ხანდახან კამეჩის ბღავილსა და მგლის ყმუილს მოგაგონებთ. მახსოვს ერთხელ, ვილფრიდას, ლიოს კოლეგას კერამიკის განხრით, რომლის სახელოსნოშიც ხშირად შეგიძლით ლიოს ხილვა, სიმღერის თარგმანი ვთხოვე, მაგრამ ვილფრიდამ მხრები აიჩეჩა და ლიოს კითხეო, მითხრა. რომც ვკითხო, რა აზრი აქვს, მაინც ვერაფერს გავიგებ. მოკლედ, თუ ბედმა გაგიღიმათ, ორატორია ნახევარ საათში დასრულდება, მაგრამ თუ ცუდ ფეხზე ადექით, მაშინ 1 საათი ან მეტიც გამოწერილი გაქვთ. ამის შემდეგ არა მარტო ოთახი, არამედ მთელი სახლი შვებით ამოისუნთქავს. ლიო კი თავის გულღია ღიმილს მაჩუქებს და ისევ ორი–სამი კვირით უჩინარდება გაურკვეველი მიმართულებით…
………………………………………………………………………………………..