თონე
ბერლინში თონის პური მომენატრა. თურქებიც აცხობენ რაღაც მსგავსს, მაგრამ… თურქი რომ ვიყო, ალბათ თურქული პური მომენატრებოდა. საინტერესოა, იმიტომ მიყვარს თონის პური, რომ ქართველი ვარ, თუ იმიტომ, რომ გემრიელია?
თონე – ქართველების სათაყვანებელი ადგილი. თონე – ქართული პურის სამეფო. თონე – საოცრად თბილი, რბილი, ღრუბელივით ფაფუკი, ტანმყარი, ალერსიანი და თანაც ხალისით სავსე ბგერათა თანწყობა. თონე – გულის სიღრმიდან თბილი და კეთილი ამოძახილი, ამ ბგერებს საკუთარი ტემპერატურა და ფერი აქვთ. ეს სიტყვა ცხელი და თეთრია. თეთრი და ცხელი – ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია, მაგრამ სწორედ ამ შეუძლებლობის გამოა, რომ ამ სურნელს მსოფლიოში ვერც ერთი სუნამოს სურნელი ვერ შეედრება.
რა მშვენიერნი არიან იდუმალებით გარემოცული თონის პურის ეს ჯადოქრები, სოკრატესეული გამომეტყველებითა და ბრძნული ფიქრიანი მზერით ცომს რომ ზელენ. ირგვლივ ყველაფერი თეთრია. ფქვილის ფანტელები დაფარფატებს ჰაერში და თეთრხალათიანი ხაბაზები ანგელოზებს ჰგვანან. თითქოს ცეკვავენ. ცხელი ქართული პურის მოლოდინში, მორჩილად მომლოდინე, სუნთქვაშეკრული ვადევნებ თვალს თეთრ ანგელოზს, რომელიც აუღელვებლად უახლოვდება წითლად მოელვარე თონეს. ცალ ხელში ცომის გუნდა უჭირავს, მეორე ხელით თიხის კედელს ეყრდნობა და თავით ეშვება გახურებულ თონის ხახაში, ცომის გუნდას ცხელ კედელს მიატყეპეპს და ახალგამომცხვარი, ოხშივარადენილი პურით ხელისგულებზე, გაღიმებული ბრუნდება.
მოსკოვი, 2008 წელი
მიწისქვეშა გადასასვლელიდან თავი ამოვყავი თუ არა, ღვთისმშობლის პატარა საყდარში შესვლა გადავწყვიტე, ზედ წითელი მოედნის შესასვლელ თაღთან რომ დგას. საყდარში წირვა მიმდინარეობს და სამი კაცისგან შემდგარი გუნდი ხმაშეუწყობლად გალობს. ჩემს ზურგს უკან სანთელივით გამჭვირვალე, ვიღაც ქალის ანგელოზივით ხმა ცდილობს შეუერთდეს დანარჩენებს. ხმა სანთლის ალივით უთრთის, რომელიც ყოველ ამოსუნთქვაზე ლიცლიცებს. ალღო მკარნახობს, რომ ჩემი ჩაცმულობით მყუდროებას ვურღვევ სალოცავად მოსულ ქალბტონს. თავსაბურავის გარეშე შარვლით ვდგავარ, მხრებზე წითელი ზურგჩანთით. ძლიან ვწუხვარ, რომ მისი სული ჩემს გამო ბორგავს. წესით, ყველა საკუთარი თავით უნდა იყოს დაკავებული, ყველა თავის თავს უნდა სთხოვდეს პასუხს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ სხვისი საქციელი და გარეგნობა საკუთარზე მეტად გვაინტერესებს და ნერვებს გვიშლის. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვწუხვარ, მაგრამ ვერაფრით დავეხმარები. მოხუცი ხოტაბიჩი რომ ვიყო, წვერს ამოვიგლეჯდი და ჰოპ, თავსაბურავითა და გრძელი ქვედაბოლოთი წარვდგებოდი მის წინაშე! თავსაბურავით თუ მის გარეშე, უფალთან ვარ მოსული მუხლის მოსაყრელად. სულ არ მეგონა, რომ წირვა იქნებოდა დღეს ამ პაწაწუნა ტაძარში.
მოძღვარი მირჩევს, რომ აღსარებისთვის „სავიოლოვსკიზე“ მივიდე. „ოოო… ძალიან შორსია…“- ვფიქრობ. უმალ ჩემივე ფიქრის მრცხვენია. ეკლესიისკენ მიმავალი გზა ია-ვარდით ხომ არ იქნება მოფენილი? სპეციალური ექსკორტით ხომ არ მიგაბრძანებენ საყდარში სალოცავად?! სანამ ეკლესიამდე მიხვალ, უნდა მოიქანცო, ბევრ რამეზე დაფიქრდე, აწონ-დაწონო, დაალაგო.. სხეულის კუნთები უნდა დაგეძაბოს, სუნთქვა აგიჩქარდეს. აბა, ტყუილად კი არ აშენებდნენ ეკლესიებს კლდეებზე, გორაკებზე, მაღლობებზე… აბა, ასე გასტრონომივით თუ იქნა მისასვლელი, ალბათ არ ივარგებს.. ქალაქი, რა თქმა, უნდა სხვაა, მაგრამ ამ ბოლო დროს აქაც და თბილისშიც იმდენი ეკლესია აშენდა, რომ რავიიი… არააა… რა თქმა უნდა ჯობს ეკლესიაში შეხვიდე სალოცავად, ვიდრე კაზინოში ფულზე სათამაშოდ, მაგრამ მაინც, ეკლესიამდე მისასვლელი გზა არ უნდა გავდეს პურის მაღაზიაში სასიარულო გზას. ფლოსტებით რომ ჩახვალ და საღეჭი რეზინით კბილებში, სანთელს მზესუმზირასავით იყიდი, გულს დაიმშვიდებ და გეგონება, რომ შიმშილი ან წყურვილი მოიკალი. სინამდვილეში კი მაინც მშირ-მწყურვალი დარჩი.
მოძღვარი მეუბნება, რომ აქ წირვა იშვიათად ტარდება. „ბედმა გამიღიმა!“ – გულწრფელად ვპასუხობ. მღვდელი რატომღაც უხერხულად იჩეჩავს მხრებს და გაჭიანურებით წარმოთქვამს, თითქოს ამთქნარებსო: „რააავიიიცი…“ მერე ჩემკენ იხრება და ჩამჩურჩულებს, რომ ეკლესიაში თავსაბურავის გარეშე სიარული მიღებული არ არის. მე პატიებას ვთხოვ. იმის ახსნას ხომ არ დავუწყებ, რომ ამ მიდამოებში შემთხვევით მოვხვდი. უთუოდ მიპასუხებს, „შემთხვევითობა“ არ არსებობსო. და, რა თქმა უნდა, მართალი იქნება!
გარეთ წვიმს. ქოლგას ვშლი. ვიღაც შავსათვალიანი, შუახნის ქალი ჩემი ქოლგას აფარებს თავს. „ალბათ დღის სინათლეს ვერ უძლებს…“ – ვფიქრობ ჩემთვის და ვუღიმი. მზად ვარ, ქოლგით მივაცილო ავტობუსის გაჩერებამდე ან მიწისქვეშამდე. ქალი ინტერესით ხრის თავს ჩემკენ და შემპარავად მეკითხება: „მოძღვარმა შარვლის გამო მოგცათ შენიშვნა, არა?“ „არა, – ვპასუხობ დაბნეული – თავსაბურავის გამო…“ „მართლა?!“ – უკვირს და ეჭვით შემომცქერის და თვალებით მზომავს, რომლებსაც შავი სათვალის მიღმა ვერ ვხედავ. მერე კმაყოფილი უღიმის სივრცეს, მკვეთრად მაქცევს ზურგს და ისეთი აღტაცებული ნაბიჯით მშორდება, თითქოს მილიონი მოეგოს. „ნეტავი რა უნდოდა?!“ – ვფიქრობ და მზერით ვაცილებ.
რას გაიგებ, ადამიანებს რა ახარებთ, რა სწყინთ, რა ანაღვლიანებთ ან აღაფრთოვანებთ… ამ ქალს ალბათ ეამაყება, რომ თვითონ „ხუთოსანია“, მე კი „ოროსანი“. ვითომ ამის მერე მისი ცხოვრება სრულყოფილი გახდება და აზრით აივსება? არ ვიცი, რატომ ეძებენ ადამიანები დამნაშავეს?! მომცლია ერთი. ღმერთმა შეუნდოს და კარგად ამყოფოს. თუ სურს, მზერა დამალოს; მე კი არაფერი მაქვს დასამალი. მკითხოს, და ყველაფერზე პასუხს გავცემ. ყველაფერს ვუამბობ, რაც უნდა, თუკი ეს ცხოვრებას გაუადვილებს…
დედა
ჩემს ჩიტუნებს ძლივს დავუკავშირდი. ბებია ჩემი ხმის გაგონებაზე ხარობს და მის ბოხ ხითხითზე ყურმილი ჩემს ხელში ანცად ხტის. დედა, როგორც ყოველთვის, თავშეკავებულად მთხოვს, რომ კარგი იქნება ცოტა ხნით მაინც ჩავიდე თბილისში. რა ვუპასუხო, რომ ფული არა მაქვს, ქუჩაში ვმღერი და კიბეებს ვხეხავ? დამაჯერებელ სიტყვებს ვეძებ… ჯობდა სულ არ დამერეკა. რა მოვიფიქრო, რით დავამშვიდო, რომ არ ვიცი?
„რომ იცოდე როგორ მომენატრე დეე… როგორ მენატრება თბილისის სახლი, შენ და კრასატულიჩკა. ვერ გეუბნები იმიტომ, რომ იდარდებ და ღამეს თეთრად გაათევ. შენ ყველა ღამეს მაინც თეთრად ათენებ ჩემზე ფიქრით.“ – ამ ყველაფერს გულში ვფიქრობ. ხერხს მივმართავ და დროის მოგებას ვცდილობ: „ დეე, ჯერ შენ მოყევი, რა ამბებია თბილისში, თქვენთან რა არის ახალი… “ – არ მინდა რაღაც ისეთი წამომცდეს. მინდა დამაჯერებელი ვიყო, რომ გული არ გაუსკდეს. დედა მოყოლას იწყებს… დედაჩემის ხმა ფონად ჩამესმის და ფიქრი მიტევს: „ რომ იცოდე, როგორ მინდა თუნდაც წამით აღმოვჩნდე შენს გვერდით დეე. შენი და ბებიას ფრთხილი ჩურჩული მენატრება, ღამით, კედლის იქეთ, თქვენი ხვალინდელი დღის გეგმები, თქვენი ხვალინდელი დღის იმედი, რომელიც ყოველთვის საპნის ბუშტივით სკდება, მაგრამ აბა თქვენ იმედს რა გამოგილევთ. ამიტომაც ვისწავლე იმედიანად ყოფნა და ცისმარე დღე ასე იმედით სავსე ვიღვიძებ. მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება. ვერ წარმოვიდგენდი, თუ, სომეხი მეზობელი – სათენიკას უბოროტო ბუზღუნი მომენატრებოდა და მისი დაკოჟრებული ხელით ჩემს ჯიბეში კეთილად ჩაყრილი მოხალული მზესუმზირა და მოხარშული ცხელი სიმინდი. რომელი პავაროტი ან დომინგო შეედრება, კარტოფილის გამყიდველ ძია შალვას დილის საამურ ტკბილ ტენორს და რიგოლეტოს არიასავით თავგანწირულ მოძახილს: “კარტოშკა… კარტოშკა…!” და წყნეთელი მარო დეიდას სოპრანოთი ქვევიდან ზევით ზეცისკენ ამოძახილს: „მაწონი, მაწონიი…“ ყველაფერი მომენატრა დეე… ქართული ლხინი – ჩვენებური, ნამდვილი, აურზაურის და გარჩევების გარეშე, დინჯი სიტყვა–პასუხით, თავშეკავებული თამადით. ისე შემპარვია, ყველაფერი ქართულის მონატრება, როგორც მწყურვალს და ვერ გამიგია, რად გადამიშრა პირი, რად აღარ მყოფნის ჰაერი, რატომ დამაკლდა მზის მცხუნვარება… ახლა მივხვდი რატომ არაფერს მახსენებს აქაური წვიმა, ალბათ იმიტომ, რომ ქართული წვიმის წვეთები ათასნაირად ეცემიან შენს სხეულსა და სულს: ჟუჟუნით, დელგმასავით, კოკისპირულად, წინწკვლით, ქასანით, ღვარნაშით, შხაპუნით, და კიდევ ათასნაირ-ნაირად…
აქ წესრიგი უყვართ დეე. მეც მიყვარს, შენ კარგად იცი, მაგრამ აქ ისეთი წესრიგია, რომ აღარაფერი მოგინდება! აქ სტერილური სამყაროა. მოსაწყენია. ჰოდა, მეც მომწყინდა. როგორ მომწყინდა დეე რომ იცოდე. ცოცხალი ურთიერთობები მომენატრა, ცოცხალი თვალები. წარმოიდგინე, ცოცხალი ტყუილიც კი მომენატრა. შენ რომ მიბრაზდები და მტუქსვ ხოლმე, ისიც მომენატრა. ისე მინდა ამათი სწორი ხაზი რომ ცოტათი მაინც გამრუდდეს, სადღაც მაინც რომ მომრგვალდეს, შეიკრას, მოგეხვიოს. წრე ხომ იქ მთავრდება საიდანაც დაიწყო. ამიტომაც მსურს წრე შეიკრას, რომ საწყისთან შეხვედრის იმედი არ გადამეწუროს.