ელეგია

რატომღაც, სულ ეთნიკური სახელწოდების

ქუჩებზე ცხოვრობ. ხაზგასმული ეროვნულობა?

თავშესაფარს რომ ითხოვდი დეკადენტებისგან

და იქვე გეძლეოდა ქსეროასლი

სპილოს ძვლის კოშკის?

როგორ ისმოდი აქედან!

როგორ გიჩანდა რომელიღაც ნერვი

მარჯვნივ წაწვენილ სტრიქონებში!

მთიდან მთამდე ქვეყანაში,

საგიჟეთის პატარა სამშობლოში,

საიდანაც დროდადრო გამოსული,

ისე ელვარებ, ნორმალურმა ადამიანმა

კატარაქტა თუ არ აიფარა თვალებზე,

დააბრმავებ, ბნელ კომპლექსებს წაუხალისებ

და რა ქნას დაბნეულმა დემოსმა?

ასე იწრიალოს მეტაფორის რებუსიდან

სოციალურ ქსელებამდე?

ჯოგები, ფარები ესთეტიკურ საძოვარზე!

ესთეტიკაც რაა?

სულ შენისთანები არ აცვია, წითლად,

ხორცით გარედან? ვის სჭირდება ეს მაზოხიზმი?

დაბნეულ დემოსს გულაჩუყება მოენატრა,

არა წარმოსახვა არამედ რეალური გათვალისწინება:

რამდენი ღვინო არ დალიოს,

რამდენი ხიდიდან არ გადახტეს,

რამდენი ქალიდან არცერთი არ უყვარდეს,

მაგრამ სიკვდილის წინ ძაღლივით

რომ არ წავიდეს სახლიდან და მარჯნით ყური გაიხვრიტოს,

დაინახავს: როგორ გცხელა, გტკივა, იღლები,

თავი ჯალათებით გაქვს გამოტენილი,

რომლებიც ვედროდან წითელ საღებავს გასხამენ

მართლა საღებავს? ამასაც მიხვდება,

ბევრი კი არაფერი,

მარტო მარჯნით რომ ყური გაიხვრიტოს…

 

 

1 2 3 4 5 6 7