უსამართლო გრამატიკა

გათბობა გამოვრთე, გავუშვი

რად მინდა გრამატიკა სულიერ-უსულოების,

როცა სითბო სახლს ავსებდა,

როგორც წყალი ჭიქას

ფორმა კი უკვე შვილივითაა

არ მოგადუნებს, არ გათქმევინებს: –

იქაც დეპრესია! როცა მანქანით

ადიხარ ცაში, ერთადერთ ხეს ეჯახები

და მხატვრულად კვდები,

რეალურად ჯერ მზად არ ხარ,

მით უფრო, სანამ რკინა თბილია,

საგნები ცოცხალი, ძაღლი რომ გყავდეს,

რა, შეკითხვებზე პასუხს გაგცემდა?

მაგ. ასეთზე: მართლა დგას ის ხე

ცის გარდიგარდმო და გამრავლების

წასახალისებლად ვაშლები ასხია?

როგორ ეხება ამას სული?

ბეწვით და ხაოთი, რაც მიწაზე აიკრა,

თუ გამჭვირვალების უაღრესი ხარისხით?

ჯერ გამჭვირვალედ კი ვერ ფიქრობ,

უფრო ისე, როგორც ქვა ხავსით,

რკინა ჟანგით

და თუ რადიატორის რკინა მადანი აღარ,

მარტო კომფორტის დანამატია?

რა ფორმების გაკეთებას მიაწერ,

რა შვილების? იქაც ოქრო, დამსჯელი ცეცხლი,

რომელიც აღარაა, სამაგიეროდ, ჭიანჭველები,

ჰიპერბოლებით ზურგზე –

აქაური აღმატებითი ხარისხი,

რასაც რატომღაც არ ელიან საშუალოზე დაბალი ტანებისგან…

 

 

1 2 3 4 5 6 7