ლეღვი

რა კარგი სიტყვაა „ლეღვი“!

წყლულიან კუჭს კი კლავს,

მაგრამ ყურებს ჰარმონიაში ამყოფებს

რა იოლი დიზაინი აქვს – ჯანსაღი გულის!

შუნტირების, სტენტირების, ინფაქრტის მერე

იხლიჩება, უკვე ნატურმორტის მასალა,

ქართულის, ვაშლების და ატმების

ევროპული სიმეტრიის გვერდით…

მყარი სამხრეთი!

ჩამავალი მზე ისე არ დაწვრილმანდება,

რომ სახეები გააწითლოს,

ჟრუანტელზე ლეღვის ხეები მუშაობენ,

რისგანაც კბილები გექავება

და პირში აღარ გეტევა

სამი პირიც ხომ შეიძლება სამი თვალის ანალოგიით,

სადღაც, სქოლიოში ოქროს ხსენებით,

ლეღვიდან დაღვრილი ასონანსით,

რომელიც სახის სიმართლესთან გაბრუნებს,

საღეჭ კბილებთან, ნატიურმორტი იჭმევა,

ტკბილი ფრაგმენტები ჭრიალებენ,

ხელოვნური ქსოვილივით…

ორი გონიერი თვალით ხედავ ამას,

მესამეთი – ლეღვს დიზაინი როგორ ერღვევა,

სისხლჩაქცევები ულურჯდება,

მაინც ამდენიცა ერთი ტვინისთვის!

კიდევ მუშაობს…

 

 

1 2 3 4 5 6 7