სიყვარულის მცდელობა

როცა კლდოვანი მკერდის ილუზია

ნახევარ ცხოვრებას შეჭამს,

რაც დარჩება, დღეებით კი არ იზომება,

მეწამულობით, სალექსო ფორმაზე მორგების ხარისხით.

ამ ესთეტიკით ეყრდნობოდი, თუ რეალური ძვლებით?

კლდე ბუნებაა, ამღებია იმის,

რასაც სთავაზობ,

ისე როგორ უნდა გიყვარდეს,

რომ ხერხემალი გაიმრუდო?

არც შეეცოდები, არც სიტყვების

კორიანტელს დააყენებს,

ქარმა ზედ რომ შეგახეთქოს,

შენი სისხლით გამოიხედავს,

ქვა მაინც ქვაა, პირდაპირ ფიქრობს,

მოსახვევებში ვერ ჩაეწერება,

შენი მოქნილობა არ აქვს, არც მანქანების,

ერთმანეთს  რომ შეასკდებით,

თუ გადარჩი, კედლების ჩარჩო გელოდება,

თუ არა – სურათის, საფლავის, ბოლოსდაბოლოს…

რა გინდა მიწაში? კრემატორიუმი ითხოვე

მეზობელი ქვეყნისგან და ისევ კლდესთან!

სიპი, სალი, პიტალო –

ეპითეტები ღარიბი, მაგრამ ნათესავი

სისხლით როცა ამშვენებ, ლამის, ალმოდებული გოთიკა!

თვალით კი მოერგები, ღვიძლით ვერა,

ვერც ეროვნული პილპილით,

მითუმეტეს, ღუმელიდან ამოსული ნაცრით,

რომლის სავალდებულო პროგრამაში

პათოსი არ შედის

აბა, რაზე დგას კლდოვანი მკერდი?

ძახილის ნიშნებზე შენი ლიტერატურული

წარსულიდან? რა სიბრმავეა!

როცა ხავსი გინდა იყო მის ფეხებთან

დაბალი, შეუხედავი, მაგრამ შესაბამისი…

 

1 2 3 4 5 6 7