***

აქ ღმერთია. და ღმერთში თითქოს მიწა მარხია.
რა მტკივნეული მიწა მოგვცა, ჩემო, გამჩენმა.
ჩემი ხელები უშენო დროს, ნეტა გაჩვენა,
რა საცოდავი დასანახია.

სიზმარი ვნახე. თვალგახელილს როგორ მმარხავდნენ.
როგორ გეძებდი თვალებით და როგორ მაყრიდნენ
გრძელ მოლოდინში მიწას. შენი ერთი ნახვიდან
შემდეგ ნახვამდე.

მე აქ დავსრულდი. აქ უბრალოდ ღმერთი იწყება.
ისევ შევხვდებით. ყოველ ჯერზე, როგორც ახლაა,
იქნება გვიან. ერთმანეთის დასამარხავად
ისევ შევხვდებით. მტკივან მიწებად.

 

1 2 3 4 5 6 7