მეოთხე შემოდგომა დაიწყო

 

                                                     ირინას
შემოდგომის დასაწყისიდან
შემოდგომის დასასრულამდე მანძილი,
მე თუ მკითხავ, ისე მოკლეა,
წამი უნდა, უცნაურია ძალიან.
შენთვის დიდად არაფერს ნიშნავს –
უგემური სეზონი თუა, გაზრდილი
სტრესით, დიახ, მსუბუქი სტრესით…
მაგრამ ჩემთვის – არ ვიცი, რისი ბრალია,

რატომ მიყვარს – ყველაფერია,
დილით ადრე ქუჩაში გავლა, ფოთლები,
მეეზოვე ცოცხით რომ ზვინავს,
მერე ჯდება დასასვენებლად. და დილის
ყველა სხვა ხმა სადღაც ქრება და
ისადგურებს დიდი სიჩუმე – იწყება
თითქოს მსხვრევის, ფოთლების მსხვრევის,
სუსტი ხმები, სასწაულია ნამდვილი!

 

*

ჯერაც ცხელა, ცხელა, არადა
უკვე დროა, სულ ოდნავ მაინც აგრილდეს,
შენ ხომ იცი, როგორ ვერ ვიტან
ვოიაჟებს, იშვიათად თუ გავდივარ
ქალაქიდან, რა იქნებოდა,
სერვისი რომ იყოს ასეთი: ადგილზე
მიტანით ზღვა (ზარმაცებისთვის),
ზუსტად ასე, კომფორტულად და მარტივად.

ჩემი სახლი… ჩემი სოფელი…
ზოგი ნატრობს, მე კი მაქვს, მაგრამ რად გინდა,
არ ჩავდივარ, ყოველ წელს მწერენ
მეზობლები, ნათესავები, ყოველ წელს
მპატიჟებენ საკუთარ სახლში,
მეც ვპირდები… მომდევნო ზაფხულს თავიდან
მეორდება… მამაჩემი კი
შეეგუა, უკეთესად რომ მოვეწყვე

 

*
ქალაქში და, როცა მირეკავს,
მოკითხვით თუ მომიკითხავს და ეგ არი,
მან არ იცის, ფსიქოტროპულებს
რომ ვსვამ ახლაც, მას ჰგონია, რომ კარგად ვარ,
გასულ თვეს კი ისე ვიყავი,
ლამის იყო, ცოტა დამაკლდა, მივქარე
და გავედი გაღმა, მარილზე –
მოვემზადე… ვილოცე კიდეც… ” – არადა,

ჯერ ადრეა, ახალგაზრდა ვარ!” –
გავიფიქრე, დავარეკინე, მოვიდა
სასწრაფო და ნაცნობი ტექსტი:
” – ნევროზია, არაფერი გჭირს!” ბლა, ბლა, ბლა…
იმ დღეს სამჯერ გამოვიძახე,
ბოლოს როცა გამოვიძახე, წყობიდან
გამოსულმა ექიმმა (ქალმა),
როგორც მივხვდი, რანგით უფროსმა, საფლავი

 

*
ლამის იყო, თავისი ხელით
გამითხარა, რაღას ვიზამდი, აწ უკვე
შემართული წამოვდექი და
გავიარე, გამოვიარე ოთახში,
თითქოს ცოტა უკეთაც გავხდი
და იმ ექიმს ჩემი კრებული ვაჩუქე,
ბოლო მქონდა შემორჩენილი…
ერთ კვირაში, ოცდარვისკენ კი, როცა შენ

ჩამოხვედი, არა მიშავდა.
ახლაც, მაგრამ კარგად ვარ მეთქი, მთლად ასეც
ვერ ვიტყვი და ვერ მოგატყუებ.
ეგეც იცი, ხალხმრავლობები ისედაც
რომ არ მიყვარს, ამიტომ უნდა
მაპატიო, ვეღარ წამოვალ “საბაზე”,
ცუდად ყოფნა – მწვავე ნევროზი –
გამოდგება სახლში დარჩენის მიზეზად.

 

*
შემოდგომის დასაწყისიდან
შემოდგომის დასასრულამდე მანძილი,
მე თუ მკითხავ, ისე მოკლეა,
წამი უნდა, უცნაურია ძალიან.
შენთვის დიდად არაფერს ნიშნავს –
უგემური სეზონი თუა, გაზრდილი
სტრესით, დიახ, მსუბუქი სტრესით…
მაგრამ ჩემთვის – არ ვიცი, რისი ბრალია,

რატომ მოხდა – ყველაფერია,
დილით ადრე ქუჩაში გავლა, არავინ
რომ არ არი, ათასში ერთხელ
თუ გამოჩნდა, სასწაულია, ვიღაცა.
დილის ხმები უცებ ქრება და
სიჩუმეა, მარტო ვარ, მაგრამ მერე რა,
შენ ხომ მყავხარ! შენ რომ არ მყავდე…
ღმერთო ჩემო, შენ რომ არ მყავდე… მიყვარხარ!

 

 

 

1 2 3 4