ნახევარწრიული ქუჩა

 

პატარა ქუჩა – ნახევარწრე – დაბალი სახლებით.
ტროტუარების ქვაფენილი აქა-იქ აყრილია,
შუაში ქუჩას მიუყვება ტრამვაის ლიანდაგი,
რომელიც წყდება გადამკვეთი ქუჩების კიდეებთან,
ანუ ქუჩებზე, იმ ორ ქუჩაზე, ასფალტი დაუგიათ
და დაუფარავთ ლიანდაგი – საჭირო აღარაა,
რადგან ტრამვაი დიდი ხანია, აღარ დადის.

ამ ქუჩაზე კი, პატარაზე, არც გზაა დაგებული,
არც ფასადები შეუღებავთ – როგორც ჩანს, დაავიწყდათ,
ან იმის გამო, რომ პატარაა, სულაც არ ჩათვალეს
ღირსად, მისთვისაც მიეხედათ, ტყუილად მომცდარიყვნენ,
ამიტომ დარჩა ძველი გზა და, შუაში, ლიანდაგი.

სტუმრად როცა მოვდივარ ხოლმე ნათესავებთან,
შორს ჩამოვხტები ავტობუსიდან, გზას ვიგრძელებ,
ეს ქუჩა რომ გამოვიარო ნელ-ნელა, დაყოვნებით,
ზოგჯერ ხის ძირას, ძელსკამზე ვჯდები, ადგომა არ მინდა,
აქ დავრჩებოდი, რომ შემეძლოს, აღარსად წავიდოდი.

სმოგში და ბუღში, ლამის, ჩამხვრჩვალი ქალაქისთვის,
თითქოს პროგრესს რომ აუწყო ფეხი, ეს ქუჩა – ერთი ბეწო –
რუდიმენტული წანაზარდია – არაფერს უშავებს,
მაგრამ არც რამე სიკეთის და სარგებლის მომტანია.

წარმოვიდგენ, რომ ქუჩის თავში, უცბად და არსაიდან,
ჩნდება ტრამვაი, ჩამოივლის და, ქუჩის ბოლოს,
სადაც მთავრდება ლიანდაგი, ვიდრე გაქრებოდეს,
შიგნით ხელახლა თამაშდება წლების წინ მომხდარი ამბავი:

მე – ბავშვი (ოღონდ, აღარ მახსოვს, რამდენის ვიქნებოდი),
ცალ ხელში წიგნით, წინა კართან, ჩასაჭიდს ვეჭიდები,
მოხუცმა ქალმა, ჩემს წინ მჯდომმა, მგზავრობის საფასური
(თხუთმეტი თეთრი) გამომიწოდა, ღიმილით მანიშნა,
მემანქანისთვის გადამეცა, მივბრუნდი კაბინისკენ,
წამით, სულ რაღაც ერთი წამით, არც მეტით, არც ნაკლებით,
მზერა შევავლე (არ ვიცი, რატომ) სამართავ პანელზე
მიკრულ მაგნიტს, ხურდა ფულით რომ დახუნძლულიყო
და მემანქანეს ვანიშნე ქალზე, ის ხურდაც გავუწოდე,
ამ დროს ტრამვაიმ მოუხვია, კინაღამ წავიქეცი,
ხურდა კი კარს და საფეხურს შორის, ღრიჭოში ჩაცვივდა,
ლამის, გავიგე, ასფალტზე რომ წკარუნი მოადინა.

შეშფოთებულმა ქალს შევხედე, სახეზე ეწერა –
არ იყო მეტის გადამხდელი, მე მთვლიდა დამნაშავედ,
ორივე ჯიბე მოვიქექე – ეს, ალბათ, იმიტომ,
რომ დაენახათ – არაფერი, თეთრიც კი, არ მქონდა.

რაღა თქმა უნდა, მემანქანე მიმიხვდა გასაჭირს,
ჯერ მე მომხედა, მერე – იმ ქალს, მერე კი, კარის ქვეშ,
ღრიჭოს ჩახედა, ხელი ისე მსუბუქად ჩაიქნია,
რომ მივხვდით, ამით ამოიწურა ეს მცირე ინციდენტი.

ტრამვაის უკან გადავინაცვლე, ფანჯრიდან გავიხედე,
ეს ქუჩა იყო – ნახევარწრე, სწორედ აქ ვიყავით.

 

 

ბლიცინტერვიუ

 

–  ბავშვობა

–  მახსოვს, როგორც ერთი გაბმული ზაფხული,
უცნაურია, სხვა სეზონები ნაკლებად მახსენდება,
ალბათ, იმიტომ, რომ ზაფხული გართობის სეზონია –
სწავლა არ არი, აკეთებ იმას, რაც მოგესურვება.
ანუ მახსოვს მხოლოდ კარგი და სასიამოვნო,
უსიამოვნოც ბევრი იყო, სხვაგვარად არ არსებობს,
მაგრამ დაკარგა მნიშვნელობა, დავტოვე წარსულში…
მთელი ბავშვობა, თექვსმეტ წლამდე, სოფელში გავატარე,
უკვე წლებია, არ ვყოფილვარ… ამისი მრცხვენია.

–  ნაკლი, რომლის გამოსწორებას ამაოდ ვცდილობ

–  ის, რომ ვერაფრით მოვახერხე – ძალიან ვეცადე, –
ყოფით ამბებში სულ სხვა ვიყო, არ ვიყო პოეტი.
არ შემიძლია, თავი მოვაბა სრულიად უმარტივეს
რაღაცებს და, თან, რაც მეტს ვცდილობ, მით უფრო ნაკლებად
გამომდის. ზოგჯერ ვბრაზდები, რომ ასეთი დავიბადე,
მაგრამ რას ვიზამ, სულ ესა ვარ, ვეღარ შევიცვლები.
არადა, ვიცი პოეტები, ლექსებსაც წერენ და
სხვა ყველაფერსაც, პრობლემებსაც, მშვენივრად აგვარებენ,
მშურს მათი, მართლა ძალიან მშურს. ასეთი ამბავია.

–  მჯერა / არ მჯერა, რომ მწერალს აქვს წინჭვრეტის უნარი

–  წერის პროცესი, რა თქმა უნდა, მოიცავს თავის თავში
ჭარბი დოზით მეტაფიზუკურს, ამოუხსნელს და,
თუ გნებავთ, პროვიდენციალურსაც, თუმცა ეს არ ნიშნავს,
მწერალს ვაბრალოთ პროფეტობა, ამისი არ მჯერა.
ნებისმიერი მაგალითი უბრალო დამთხვევაა.

 წიგნი, რომელმაც ცნობიერება შემიცვალა

–  მე არ ვემხრობი ლიტერატურის ფუნქციის უტრირებას,
წიგნს შეუძლია, ესთეტიკური ტკბობა რომ მოგვანიჭოს
და ეს სრულიად საკმარისია, მაგრამ თუ დავუშვებთ,
რომ შეიძლება, ლიტერატურამ გაგვხადოს უკეთესი,
მაშინ ეს არის გაწელილი, ხანგრძლივი პროცესი.
ერთია კითხვა, მეორე და მთავარია, აი, ის წაკითხული
შენში აქციო კოგნიტურ და მორალურ კაპიტალად.

–  საყვარელი პერსონაჟი, რომელიც ვიქნებოდი

–  სიმართლე გითხრათ, პერსონაჟობა არასდროს მნდომებია,
რაც თავი მახსოვს, მინდოდა მხოლოდ ავტორობა,
ამიტომ თავს არ ვაიგივებ არც ერთ პერსონაჟთან,
მე შემქნელები უფრო მიყვარს, ისინი მირჩევნია.

 მაღიზიანებს

–  უტაქტობა, ცუდად ვხდები, ნერვები მეშლება.
რაღაც უტაქტოდ მეც გამომსვლია, ყოფილა ასეთებიც.
რომ მახსენდება, მრცხვენია და ვბრაზდები ჩემს თავზე…
უტაქტობაზე არანაკლებ ნერვებს მიშლის ოიკოფობია,
მიკვირს იმ ხალხის – მიძნელდება, როგორღაც გავუგო, –
ვისაც სამშობლო ეზიზღება. არ მესმის ეგეთები.

–  საკუთარ თავზე სხვების აზრი მაღელვებს / არ მაღელვებს

–  ჩემზე სუყველა იმას, ფიქრობს, არც მეტი, არც ნაკლები,
რისი ღირსიც თვითონ არი, რომ უნდა ფიქრობდეს,
ანუ ყველასთვის მხოლოდ ის ვარ, რაც დაიმსახურა,
რომ ვთქვა, დიდად მაღელვებს მეთქი, მოვიტყუები.

–  ბოლო ლექსი

–  გუშინ დავწერე, რელიგიური სატირა გამოვიდა:

 

 

 

1 2 3 4