ორი ეპიზოდი ოცდაშვიდწლიანი შუალედით

 

1993 . სამეგრელო:

შვიდი წლის ვარ, ჩაის ბუჩქებში ჩუმად მივხოხავ,
“ჭრილობაზე” ჩაის ფოთლები დავიფინე და
ცხვირსახოცით გადავიხვიე, ზურგზე მკიდია
ავტომატი – თხმელის ფიცრისგან გამოჩორკნილი,
დასაზვერად მივუახლოვდი მტრის ბანაკს, ოღონდ –
ისე ახლოს, შემამჩნიეს და “ცეცხლი” გამიხსნეს,
ძლივს დავუსხლტდი, ბეწვზე გადავრჩი, ასეა. მტერი –
< მხედრიონი >. ჯარისკაცები – ჯოხები, თავზე
წამოცმული გვიმრის კონებით. “სროლისას” ორი
ჩავაძაღლე. ვბრუნდები. ჩემკენ მოხოხავს ჩემი
მეგობარი დასახმარებლად, ალბათ, “სროლის” ხმა
გაიგო და გამოემართა. < – ფეხში მომარტყეს! > –
ვეუბნები. ხელს მხვევს, მივხოხავთ ჩვენი “სანგრისკენ”.

 

*

2020 . თბილისი:

შვიდისაა ჩემი გოგონაც,  „ ზუმში „  ონლაინ
გაკვეთილებს უზის დილიდან, მე აქვე, გვერდით
ოთახში ვარ, წიგნს ვკითხულობ და, მხოლოდ, ხანდახან
მახსენდება ყოფილი ცოლის გაფრთხილება, რომ
თავზე ვედგე, რადგან არ უსმენს მასწავლებლებს და
მაიმუნობს, ამიტომ, ზოგჯერ ვდგები და შვილის
ოთახის კარს შევაღებ ხოლმე, მართლა ასეა,
არ უსმენს და თავისთვის ხატავს, თითს ვუქნევ მკაცრად,
ანუ ვიხდი მშობელი მამის მოვალეობას
და ყველასთან პირნათელი და ცამდე მართალი,
ვუბრუნდები შეწყვეტილ აბზაცს, კითხვას ვაგრძელებ…
რომ დამთავრდა გაკვეთილები და < ზუმში > დარჩნენ
მხოლოდ ორნი – ჩემი გოგონა & მისი ერთ-ერთი
მეგობარი, ჩემი გოგონა: < – რა მოხდა, იცი?!
ჩემს თოჯინას გუშინ კოვიდი დაუდასტურდა! >

 

 

 

 

ფერისცვალება

 

“ფერცველობა” – ბებიაჩემი ეძახდა ასე,
დილიდანვე ემზადებოდა, საკურთხის სუფრას
დიდ ოთახში გაშლიდა ხოლმე, ჩვენ კი, ბავშვები,
ნერწყვს ვყლაპავდით, ატუზულები ვიყავით კართან
და ველოდით, ბებია როდის დაამთავრებდა

ფსალმუნების ხმამაღლა კითხვას, ვეღარ ვითმენდით
და როდესაც დაამთავრებდა, მთელი ოჯახი –
უფროსებიც – ჩავმწკრივდებოდით და სათითაოდ
მივდიოდით მაგიდასთან და, ძირს, აგურებზე
შემოდებულ თუნუქზე დაყრილ, მბოლავ ნაკვერჩხლებს

თითო საკმელს, ანუ პატარა ნაჭრებს სანთლისას,
ვაყრიდით და დამწვარი სანთლის თავბრუდამხვევი
სუნი უფრო საკრალურს ხდიდა ჩვენს იმ სერობას,
თან, ბოლომდე უნდა გვეჭამა მთელი საჭმელი,
შენახვა არ შეიძლებოდა მეორე დღისთვის…

რაც ბებია გარდაიცვალა, ამ და სხვა ასეთ
რაღაცებზე დროს აღარ ვკარგავთ, გადავივიწყეთ.
აი, დღესაც ფერცველობაა, წეღან გავიგე,
ფეისბუქში როცა შევედი. ყველა ერთმანეთს
ულოცავდა, ზოგ მათგანს არც მე დავვიწყებივარ

და მოლოცვის რამოდენიმე წერილი დამხვდა.
დედაჩემი სამსახურშია და შინ მარტო ვარ,
რომ ავდგე და გამოვალაგო, რაც არი სახლში
და გავაწყო საკურთხის სუფრა, ხომ ვიქნებოდი
კარგი ბიჭი?! მაგრამ რა ვუყო ამ სიზარმაცეს.

 

 

*

გამოვედი აივანზე და, როგორც ყოველთვის,
სულ ახლახან აღმოცენებულ კორპუსებს შორის
გავაძვრინე დაღლილი მზერა, ლოტკინის კალთას
მივაბჯინე, მიმოვატარე ამ უსახური
კორპუსების ჩარჩოში ჩასმულ მუქ პეიზაჟზე
და ვინატრე მთელი გულით და მთელი არსებით,
ჩემი მკვდრების საფლავები რომ არა – ოთხასი

კმ-თი შორს, არამედ აქვე, ლოტკინზე იყოს,
მართალია, მათ ძვირფას სულებს საკურთხის სუფრა
ვერ გავუწყვე, სამაგიეროდ, ყოველდღე, როცა
აივანზე გამოვალ ასე, მზერას შორ წერტილს –
მათ საფლავეს მივაწვდენ ხოლმე, ვუყურებ დიდხანს,
გადაღლილი, ჩაწითლებული, მშრალი თვალების
სავარჯიშოდ, როგორც მირჩია ოფთალმოლოგმა.

 

 

 

 

1 2 3 4