შალვა ბაკურაძე ერევანში

 

ერევნის ცენტრალურ ქუჩებში, დილაბნელზე,

სასტუმრო „ჰოლიდეი ინ ექსტრას“ ერთ-ერთი ფანჯრიდან

მომაჯადოებელი ჰანგები იღვრებოდა.

ეს ახალგაღვიძებული შალვა ბაკურაძე იყო,

რომელიც არარატის მთას მონუსხული გაჰყურებდა და

ჯივან გასპარიანის მელოდიებს უმღეროდა დიდი გზნებით.

მის წითელ და ლურჯ მაისურებზე

სპეციალურად დაბეჭდილი ფინიკიური წარწერა ბრწყინავდა,

მისი გული კი ძველისძველი ენებისადმი

უზომო სიყვარულით ძგერდა.

შალვა ბაკურაძის მეგობრები უსხდნენ სუფრებს,

ლაზღანდარობდნენ, ყვებოდნენ ანეგდოტებს,

ლაპარაკობდნენ სიყვარულზე, ფეხბურთზე, გაჭირვებაზე,

ცოტას სვამდნენ და ბევრს იცინოდნენ,

შალვა ბაკურაძე კი მიდიოდა მათთან,

აწყვეტინებდა ლაპარაკს და

აქადური ენის ეტიმოლოგიაზე იწყებდა სჯა-ბაასს.

მას სხვა თემები არ აინტერესებდა,

და ისედაც, ყველა სხვა თემა

თავბრუდამხვევი ოსტატობით გადაჰყავდა

ენათმეცნიერულ საკითხებში.

დიანა ანფიმიადი, ყოფილი ლინგვისტი,

ბრიალა შავი თვალებით და პირზე ეშმაკური ღიმილით,

დაეჭვებით უსმენდა შალვა ბაკურაძის არგუმენტებს

და ხანდახან ეკამათებოდა კიდეც მას,

მაგრამ ეს არანაირად არ ცვლიდა ვითარებას:

ყველა განზრახ თუ შემთხვევით წარმოთქმული სიტყვა

მაშინვე გადიოდა შალვა ბაკურაძის

ლინგვისტურად მოტივირებულ ტვინს

და იდებოდა შთამბეჭდავი ეტიმოლოგიური ინტერპრეტაცია.

მან დილის საუზმეზე მე და თეა თოფურიას გვითხრა,

რომ სამყაროში საერთოდ არ არსებობს ცუდი სიტყვა.

მან გვითხრა, რომ „კეთება ყლე“ იეზიდურად „ახალი აღთქმაა“

და მან ეს იეზიდი შეიხისაგან, ანუ მღვდლისაგან იცის.

იგი ყველას ერთად, და მერე ყველას ცალ-ცალკე,

გველაპარაკებოდა მერვე საუკუნის აუღიარებელ

ქართულ პოეტურ ძეგლ „აბუკურაიზე“,

რომელიც თავიდან ბოლომდე

ზეპირად ნასწავლი და გამოკვლეული ჰქონდა,

და თავისი განუმეორებელი ინტონაციური დეკლამაციით

გვიმღეროდა ფრაგმენტებს ამ  ხელთუქმნელი ტექსტიდან.

შალვა ბაკურაძე ახალგაცნობილ სომეხ მწერლებს

ესაუბრებოდა სომხური ენის სიდიადეზე,

ესაუბრებოდა იმაზე, რომ სპეციალურად მიაბარა

თავისი შვილი სომეხ ძიძას,

რათა მან ასწავლოს სომხური ენა პატარა ნიკოლოს,

და მათ ამის გაგონებისთანავე უყვარდებოდათ

არა მარტო შალვა ბაკურაძე,

არამედ მთელი ქართული დელეგაცია.

შალვა ბაკურაძე ერევანში ჩასვლის პირველი დღიდანვე

ასია დარბინიანს თხოვდა სომხურ დროშას,

და როცა ბოლო დღეს ასიამ დროშა მიუტანა,

ის აღფრთოვანებული ხტუნავდა სასტუმროს წინ,

აფრიალებდა დროშას,

მღეროდა ბეთჰოვენის „სიხარულის ოდას“

და ამ საქმეში სასტუმროსთან ახალგამოჩენილი

რატი ამაღლობელიც კი ჩაითრია,

ხოლო შემდეგ, გადატენილ ღამის ბარში,

ელექტრონული მუსიკის ქვეშ,

ზურგზე დროშამოხვეულმა,

დერვიშივით იცეკვა სომეხ ახალგაზრდებს შორის.

შალვა ბაკურაძეს ბევრი ეძინა თავის ნომერში

ამ ლამაზი დღეების განმავლობაში,

ის ბევრ რამეს აცდენდა,

მაგრამ როცა იღვიძებდა და უერთდებოდა

ქართულ-სომხურ ოფიციალურ თუ არაოფიციალურ ღონისძიებებს,

ის ფესტივალის ყველაზე ნათელი წერტილი ხდებოდა,

მიუხედავად შავი პირისახისა და გრუზა თმისა.

მას უყვარდა ყველაფერი ძირძველი და ამიტომ უხაროდა,

როცა სომხურ მიწაზე დადიოდა,

სომხურ წარწერებს ხედავდა

და სომხური ენა ესმოდა.

მას უყვარდა არარატი და არ შეეძლო

სასტუმროს ფანჯრიდან გადმოყუდებულს

არ ემღერა მისთვის,

როცა ხედავდა.

 

 

 

1 2 3 4 5