კაეშნის გამართლება

 

აი, რატომ იცოდი ხოლმე,

რომ გადაეკიდებოდი ახალგაზრდა პოეტებს,

რომ ცდილობდი, ჭკუა გესწავლებინა მათთვის,

რომ აჯანჯღარებდი და ეუბნებოდი:

არ გინდა, ბიჭო,

არ გინდა, გოგო,

ეს ამდენი ტრაგიზმი,

ამდენი გულისხეთქვა და ცრემლებისყრა,

არ უხდება საერთოდაც ლექსს სიტყვა „ტკივილი“,

ბანალურია ძალიან,

ამოაგდე ან რაიმე სხვა სიტყვით მაინც ჩაანაცვლე,

ცოტა უფრო ირონიულად შეხედე სამყაროს,

დასცინე რამეს,

გადაიხარხარე თუ ბიჭი ხარ და

თუ გოგო ხარ – გადაიკისკისე,

და ეგ თუ არ გამოგდის,

გაიღიმე ხანდახან მაინც და

შენი მკითხველიც გააღიმე,

ლაღი იყავი უფრო და ჰაეროვანი,

ასეა საჭირო მოქცევა,

თუ ახალი პოეზია გინდა დაწერო,

თუ არ გინდა, რომ დროს ჩამორჩე, –

და გიყურებდნენ ახალგაზრდა პოეტები გაკვირვებულები,

დაბნეულები,

არ ესმოდათ შენი,

არ ესმოდათ, როგორ შეიძლება ლექსში გაიცინო,

როგორ შეიძლება ლექსიდან სიტყვა „ტკივილი“ ამოიღო,

როგორ შეიძლება პოეტის სტრიქონები

მთელი გულით არ მიასკდეს სიკვდილის თემას,

როგორ შეიძლება უბედურება, ბედისწერა და ტანჯვა

არ ტრიალებდეს ლექსში, რომელსაც თხზავ, –

ჰოდა აჰა, შენ, ეს შენი ძველი ნაჯღაბნები,

ძველი რვეულები და კრებულები,

ჩახედე, რა დღეში იყავი,

ერთი „აპოკალიფსი“ და მეორე „აპოკალიფსი“

და მესამე „აპოკალიფსი“,

სამგლოვიარო პროცესიები და ღამისთევები მიცვალებულებთან,

სახრჩობელები და თვითმკვლელობები,

ჩახედე შენს ცრემლისღვრებს და გულისპრანჭვებს,

სადაა აქ ღიტინი და ხითხითი,

სადაა აქ სილაღე და ჰაეროვნება,

სევდაა მარტო, ნაღველია მარტო, კაეშანია მარტო,

იმიტომ რომ ასეა წესი,

მაგიტომ იწყებს ახალგაზრდა ლექსების წერას,

მხოლოდ მაგიტომ,

და ისწავლე ამიტომ ბოლო-ბოლო ჭკუა,

და შეეშვი ამ პატარა გოგო-ბიჭებს,

აცახცახებული ხელებით რომ უჭირავთ თავიანთი პირველი ნაწერები

და ხმის კანკალით რომ კითხულობენ თავიანთ პირველ ლექსებში

ჩატენილი საშინელებების და უბედურებების შესახებ,

ასეა წესი,

უხსოვარი დროიდან დადგენილი წესი,

და პოეზიის პირველადი გამართლებაც ეგაა,

შენ, ახლა, ხანდაზმულობაში რაზეც წერ,

ეგ პოეზიის მეორადი გამართლებაა,

საჭიროა ეგეც,

მაგრამ აბა პირველის გარეშე მეორე როგორ იქნება,

ჰოდა მიუშვი,

აკეთონ ახალგაზრდებმა ეგ პირველადი თავიანთი კაეშნით,

შენ კი აკეთე შენი მეორადი შენი იუმორით და სარკაზმით და ცინიზმით,

გაიზრდებიან ისინი და დაგემსგავსებიან თანდათან,

შენ კი დაბერდები ამასობაში და

ვინ იცის, ისევ კაეშანი მოგეძალოს და ისევ ისე დაიწყო წერა,

როგორც თავდაპირველად,

ისევ ჩასახლდეს შენს ლექსებში „ტკივილი“ და „ტანჯვა“,

„უბედურება“ და „სიკვდილი“,

და იმატოს და იმატოს ასეთი სიტყვების კონცენტრაციამ,

მერე კი დაგემართოს პარკინსონი და

შენც ხელისა და ხმის კანკალით დაიწყო ლექსების კითხვა,

მსგავსად აღელვებული დამწყები პოეტებისა,

და შეიკრას წრე,

პოეზიის იდუმალი წრე,

საბედისწერო წრე,

სადაც მართლდება კაეშანი,

როგორც გამოხატვის თავისუფლების

მთავარი ახალგაზრდული იარაღი!

 

 

 

 

1 2 3 4 5