პოეზიის ბოლო

 

სიტყვებმა ძალიან იმატა.

ეს იმიტომ, რომ ძალიან იმატა ყოფითმა ნივთებმა,

სამეცნიერო-ტექნიკურმა ტერმინოლოგიამ,

ყველაფრის აღწერისა და დაფიქსირების მოთხოვნილებამ…

ისინი იბადებიან ერთ ენაში

და მერე იწყებენ მოუსვენარ მოძრაობას –

გაუჩერებლად გადადიან სხვა ენებში.

ახალი სიტყვები ძირითადად უხეშია.

ისინი ძველ, რბილ და ნაზ სიტყვებს ეჯახებიან.

ადრე ეს საინტერესო ეფექტს ქმნიდა.

ამ ავარიებისაგან კარგ პოეტებს შთამბეჭდავი ლექსები გამოჰყავდათ.

მაგრამ თანდათან კრიტიკულ ზღვარს მიაღწიეს.

ავარიების ინტენსივობა უკვე ანგრევს პოეზიას.

მარტო ძველი სიტყვებით წერა სამარცხვინო და სასაცილოა.

მარტო ახალი სიტყვებით – შეუძლებელი.

ანუ საჭიროა ორივეთი ერთდროულად მოქმედება.

აუცილებელია, ახალი და უხეში დააჯახო ძველს და სათუთს.

თანაც ხშირად.

რომც არ გინდოდეს,

ეს ახალი აგრესიულია

და ცოტასაც თუ შეუშვებ ლექსში,

მთელ ნაკადს წამოიყოლებს.

ისინი უკვე ერთმანეთსაც ეჯახებიან სასტიკად.

უხდება ეს პოეზიას, განა არ უხდება,

მაგრამ კატასტროფულია უკვე ეს ყველაფერი.

უმაღლესი ოსტატობაც კი ვეღარ ჰყოფნით პოეტებს,

რომ ამ ავარიულობისგან სწორი ესთეტიკა შექმნან.

კარგი პოეტებიც კი თანდათან

სიტყვების არასწორი მართვის გამო დაიღუპებიან.

ლექსები კი ერთმანეთზე მილეწილი სიტყვების გორებად იქცევა.

და ეს იქნება პოეზიის ბოლო.

 

 

 

1 2 3 4 5