ოქროს კვეთა

 

ორი მეცნიერი გადაეყარა ერთმანეთს.

ერთი მსოფლიოში ყველაზე მძლავრ მიკროსკოპში იყურებოდა,

მეორე კი ტელესკოპში.

გაუღიმეს ერთმანეთს და სელფი გადაიღეს.

 

 

 

ციკლურობის რღვევა

 

ცუდია, როცა მაცივარი გიფუჭდება

და სახლშიც მხატვარი არავინაა,

რომ დამპალი ხილ-ბოსტნეული გამოიყენოს

და ისეთი ნატურმორტი შექმნას,

რომელიც სასწრაფოდ

მაცივრის ფასად გაიყიდება

 

 

უნებლიე თავგანწირვა

 

აივნის წინ ხეს ტოტი მოტყდა.

ტროტუარისკენ მიფრინავდა.

შემეშინდა, ვინმეს თავში არ დასცემოდა.

გადავიწიე, შევეცადე რომ დამეჭირა

და გადავვარდი.

 

 

აივანზე დაწერილი კიდევ ერთი ლექსი

 

მტრედი მოფრინდა და სარეცხის შვერილზე ჩამომიჯდა.

აივანზე დაწერილი ლექსების პროცენტი დამიანგარიშა.

6,5 მაღალი პროცენტია, ყოჩაღ, ასე გააგრძელეო,

შემაქო, წამაქეზა და გაფრინდა.

 

 

 

 

1 2 3 4 5