მძიმე

 

ჩემი სამშობლო

ერთი ბეწო პურია თითქოს,

მაღაზიიდან სახლამდე მკერდზე მიკრული რომ მომაქვს დილაობით –

ახალგამომცხვარი, თბილი, ხორბლის და მიწის სუნით გაჟღენთილი…

ჩემი სამშობლო მამაჩემის საფლავია –

უხმოდ რომ ვესაუბრები,

ილიას და ელენეს ფეხისგულებით გადაზომილი…

მზის გულზე რომ თავგადაწეული ვდგავარ და მზით ვივსები,

მე ვხვდები  –

ეს მზეა ჩემი სამშობლო…

მკერდზე მიკრული თბილი პურია,

სული რომ წაგძლევს და ყუას მოატეხ…

ქმრის საფლავზე ამოსული იაა –

რომ დავკრიფე და ოდესღაც მისთვის ნაჩუქარ წიგნში სათუთად რომ შევინახავ…

და ყოველ ჯერზე,

როცა შინდისში მიწა ფეხქვეშ მეწვება

ვხვდები:

ძნელია ჩემი სამშობლო –

მძიმე და ძნელი…

 

 

ავტოპორტრეტი მკათათვის აისს

 

რა მინდოდა და –

ფრენა.

სანამდე უნდა მექაჩებოდეს დედამიწა ქვემოთ…

სულს რომ სხეული არ ამძიმებდეს…

დამძიმებულმა როგორ იფრინოს???

ჰოდა, დავდივარ კი არადა,

უფრო ვლასლასებ,

რადგან ფრენა მსურს და

სიარულს მაიძულებენ…

მძიმეა ჩემი ტკივილებით სავსე სხეული,

იმგვარად მძიმე,

ვლასლასებ მეთქი,

როგორც ზემოთ ვთქვი.

არადა, ფრენა რარიგად მსურდა…

სხეულს კი, კილოგრამებზე მეტად,

თურმე ტკივილი უფრო ამძიმებს…

და თანდათან, რაც  მძიმდება ხორცი,

სული მსუბუქი ხდება – მით უფრო…

ჰო, ტკივილები სულს ამსუბუქებს…

მე ფრენა მსურდა…

დავლასლასებ კია მიწაზე

ტკივილებით მძიმე სხეულით

და ტკივილებით მსუბუქი სულით…

 

 

 

 

1 2 3 4 5