ქანდაკებები

 

ქვიშისფერია ჩემი ძუძუები…

ამოიზარდა ვეება დარდი

ჩემი დაღლილი ხელებიდან და

იქცა მიწად.

მწამდა კი არა, მიყვარდა.

“ცა ქუდადო, მიწა ქალამნადო”,

მე კი ფეხებზე ჭრელი წინდაც ვერ ამოვიცვი,

რომ პეპის ამით მაინც დავმგვანებოდი.

კიკინები რა,

ოდესღაც მქონდა.

ნურავის გიყვარვართ!

მე ხომ ვიცი ეს რა ძნელია.

დამითმეთ სიყვარული…

სადღაციდან მოვარდნილ ქარებს როგორ გადავაყოლო

წლობით ნაფერები სევდა,

მზით რომ გავცვითე.

თმაც რომ ჯიუტი გექნება ადამიანს,

ხასიათზე რაღა უნდა ილაპარაკო.

ილაპარაკონ სხვებმა!

ოღონდაც სიყვარული დამითმეთ.

ქვიშისფერია ჩემი ძუძუები და

დაღლილი ხელებიდან ვეება დარდი ამომეზარდა.

კი არ ვწერ,

ვაქანდაკებ თითქოს.

დასხდნენ მერე და ილაპარაკონ,

რომ ჩემ ლექსებს ადამიანის სახეები აქვთ,

რომ ფერი აქვთ,

რომ შიშვლები არიან და

სიყვარული იციან.

გაჭორონ ჩემი ლექსები,

უშვილობის,

გამოუგლოვი სიყვარულის,

მიუყუჩები ნაღველის,

ვერჩამქრალი ცეცხლის,

სხივიანი სულის,

მზიანი სისხლძარღვების

ქანდაკებები…

გაჭორონ ჩემი ლექსები,

რომ შიშველია,

რომ ჯიუტია,

რომ თავნებაა…

მე მაინც ვზივარ და ვაქანდაკებ

საჭრეთლად ქცეული თითებით –

წამახვილებულია –

სისხლს ვტოვებ კვალად…

მე რა უნდა ვიგრძნო…

ქანდაკებებად ქცეული ჩემი სისხლისფერი ლექსები გრძნობენ…

დამიტოვეთ სიყვარული –

ყველაზე ადვილად ეს გამომდის.

ნუ შემიყვარებთ!!!

 

 

 

1 2 3 4 5