ჩემი ამბები

 

ამბავი უნდა მოგიყვეთ,

ჩემი ამბავი:

საქანელიდან რომ გადმოვვარდი და მუხლები გადავიყვლიფე…

მერე მთელი კვირა მუხლსქვემოთ კაბით დავდიოდი,

მრცხვენოდა მუხლების გამო.

პირველად მუხლების გამო მაშინ შემრცხვა,

დედაჩემს რომ უთხრა ვიღაცამ,

რახიტიანიაო.

გავიბუტე და მუხლების დამალვა დავიწყე.

მერე და მერე მუხლისთავებივით ვმალავდი ტკივილებსაც.

და როცა ყველაზე ძალიან ვიცინოდი,

ყველაზე მეტად მაშინ მტკიოდა სწორედ…

მოდით, მოგროვდით,

ბუხართან ჩამოვსხდეთ.

არა, არა, შეშის ღუმელი სჯობს და

ღუმელზე შემოდგმული ყავის ფინჯნები:

ჭრელები, კოკობზიკები, მოთუხთუხე ყავიანები…

ასე მოდუღებულ ყავას ხომ სხვა გემო აქვს,

შეშის ღუმელთან გათეული

უშუქო ღამეების გემო…

მუხლები ისე დავმალე, რომ

38 წლის გავთხოვდი.

თუმცა ზუსტად ვიცოდი მაშინაც,

რომ სიყვარულისთვის დრო არ არსებობს.

როცა ისე მალე დავქვრივდი,

ცოლობას გემოც ვერ ჩავაყოლე,

დროის უმწეობას მაშინღა მივხვდი და საათები შევიძულე…

დიდი რომ გავიზარდე,

მითხრეს, რომ კლასიკური მუხლის თავები მაქვს და არ უნდა დავმალო…

ჩემი მაჯის საათებიდან კი ყველა გაჩერდა…

ადუღდა ყავა შეშის ღუმელზე…

სულს ნუ შეუბერავთ,

ქაფქაფა მიირთვით,

მე ამბებს დაგაყოლებინებთ,

ჩემ უცნაურ ამბებს –

ზამთრის ღამეებივით გრძელს და

მისტიკურს…

 

 

 

 

1 2 3 4 5