წერტილი

 

ქარი რომ ქარია,

ქარმაც დამივიწყა.

ტანსრული მაინც ვიყო,

ყოველ ძლიერ ქარზე აღარავინ გამეხუმრებოდა ყელში ამოსული ხუმრობით:

ჯიბეში ქვები ჩაიწყვეო.

ქვებიც ვერ გაუძლებენ ასეთ სისულელეს,

რომ ესმოდეთ…

მზისა ვარ მეთქი,

იმდენი ვიძახე,

ახლა უმზეობა მკლავს.

ვიღაც მაინც იყოს,

სულში მზესავით ამოვიყვანდი და ყოველ დილით “ლილეოს” ვუმღერებდი.

არავინაა…

და ჩემ სუსტ თითებს საბნიდან რომ ამოვყოფ,

ჰაერში ვათამაშებ,

თითქოს უხილავ კლავიშებზე ვუკრავდე შოპენს

(ვიცოდე მაინც დაკვრა,

მხოლოდ მოსმენა ვიცი, ისიც მარტოდმარტომ)…

თითები კი,

თითები მზეს დაეძებენ და თებერვლის სუსხიან აისებში თუ მიაგნეს,

ბედნიერებისაგან თრთიან,

რადგან თითებივით არაფერმა იცის მზის სითბოს ფასი.

დედაჩემმა მითხრა, რომ ძნელი ვარ…

ჩემი ბრალი სულაც არაა.

ფაშფაშა და ტანსრული მაინც ვიყო,

ტანსრული ქალები ძნელები არ არიან.

აი, რაც შეეხება მძიმეს, რომელიც უნდა დასვა რთული წინადადების დროს,

ეს სხვა საქმეა.

ყოველ შემთხვევაში,

მირჩევნია წერტილი ვიყო,

ან სულაც ძახილის ნიშანი,

ვიდრე კითხვის ნიშანი,

რადგან კითხვები მუდამ პასუხებს ელოდებიან

და რომ ვერ იღებენ,

სუიციდით ასრულებენ სიცოცხლეს…

თურმე დუმილი და გულგრილობა კითხვის ნიშანსაც კი თვითმკვლელად აქცევს…

ჰოდა, წერტილი მინდა ვიყო,

ჩემი ნება რომ იყოს,

ყოველი სიტყვის შემდეგ დავსვამდი,

რადგან არ არსებობს დაუსრულებელი სიტყვა.

დედაჩემმა. მითხრა. რომ. ძნელი. ვარ.

მე. კი. უბრალოდ. გაზაფხულს. ველოდები.

რომ. კიდევ. ერთხელ. ვიგრძნო. სისხლის. მაგივრად. როგორ. მდის. ძარღვებში. მზე.

 

 

1 2 3 4 5