ბედობისა

 

მოქუჩდით, ქალებო,

ბედობისა უნდა შეგილოცოთ.

თქვენ,

ვისაც სიყვარული დაგითალხდათ,

თქვენ, ვისაც ნაბიჯები დაგიმძიმათ ცხოვრებამ…

მოქუჩდით, ქალებო,

ათასფერებო, ათასნაირებო,

ჩადრიანებო, თავსაფრიანებო,

თქვენ,

ვისთვისაც სიცოცხლე გაძლება უფროა

და მაინც

უჩვეულო სიხარულით გიცემთ გული,

ბედობისა უნდა შეგილოცოთ:

“ბედო, ბედო ბედისაო,

შემოგყურებთ გულითაო.

ატიტი და მატიტი,

სამშვენი და სათითი,

ბედ-იღბალი გაიხსნება

სიყვარული დაიწყება

ბედო, ბედო ბედითაო.”

მოდით, მოგროვდით,

თქვე ბედნავსიანებო,

თვალებამოღამებულებო,

ფეხებდასიებულებო,

საკუთარი თავი რომ არასოდეს გახსენდებათ,

მოდით, მოქუჩდით,

ჩვენ-ჩვენი დარდებისა მოვყვეთ,

ჩვენ-ჩვენი პატარ-პატარა სიხარულებისაც,

ხომ გვაქვს ხოლმე საჩვენო სიხარულები,

როცა სიზმრები ისევ ისე ფერადები გვაქვს,

ხოლო კარადაში საგულდაგულოდ ვინახავთ

საგარეო კაბას და ფეხსაცმელს.

ჩვენ ხომ მთელი ცხოვრება სხვისთვის ვართ,

სხვისთვის და საკუთარი თავი ხატებთანაც აღარ გვახსოვს.

ჰოდა, მოდით, მოქუჩდით,

თავზე ხილაბანდი გაისწორეთ,

ეგ თქვენი დაღლილი, დაკოჟრილი ხელები,

დაქანცული ჩიტებივით ჩამოასვენეთ მუხლებზე

და სმენად იქეცით,

ბედობისა უნდა შეგილოცოთ :

“ბედო, ბედო ბედისაო,

შემოგყურებთ გულითაო.

ატიტი და მატიტი,

სამშვენი და სათითი,

ბედ-იღბალი გაიხსნება

სიყვარული დაიწყება.

ბედო, ბედო ბედითაო.”

ქალებო, ჩემფერებო,

ცალუღელად რომ შერჩენილხართ სამყაროს,

მოდით, ერთმანეთს ბედობისა შევულოცოთ…

 

 

 

1 2 3 4 5