კაცს, რომელიც გზაზე მიდიოდა…
…
შენს სიმძიმეში მინდა შემოსვლა,
უნებურო მესაიდუმლევ.
ისევ მახსოვს ყინულის გემო,
ყველაზე მწარე შხამივით რომ გამეწებე
ტუჩებზე. თითებიც დამისველე,
ცხელი ტანით რომ მეტად გეგრძნო ჩემი სიმწიფე,
შენი ხმა თაფლივით ამელოკა, მახსოვრობაში შემომენახე.
შე მატყუარა ნაძირალავ, მახრჩობელა და საზიზღარია შენზე სიზმრები,
მიწას ჰგავს, შავი ეტიკეტის მოთმინებით ხარბად რომ ელის სიკვდილის თარიღს.
ოქროსფერია შენი შუბლის გამჭვირვალება,
მე რომ თვალებიც დამანახა –
ღრუბლებს იქით სველი ნიჩბით გადათხრილი ცა.
რატომ გაწვიმდი? ეს რანაირად გამიმეტე?
შენს მერე ყველას გავურბივარ, წყალსაც ზიზღით ვსვამ –
ჩემი კანიდან ვერ ჩამოგრეცხა, ვერ წაგშალა ჩემი ენიდან.
ვზივარ და ვტირი, რომ არასოდეს შემაშრება შენი სისველე.
შემომიშვი შენს სიბნელეში,
კარამდე ხომ შემოვაღწიე,
ყველა ნერვით ვთრთი და ისევ ისე მენატრება შენი წყვდიადი.
…
ბოლოს როდის მოისმინეთ სიტყვა „მენდე“,
ანუ –
ბოლოს როდის არ გაგეცინათ?
გგონიათ ადვილია საკუთარი თავის ზიზღი?
გარშემო უნდა დადგეს სრული სიჩუმე,
გულისრევიდან გამოქცევის ბოლო პირობა.
ადამიანებს გვაქვს უფლება სიმართლე ვიცოდეთ,
რომ შიმშილსა და შიმშილს შორის არის სხვაობა,
რომ შეიძლება გახდე პური, თაფლგადასმული,
შუაღამისას გადაგყლაპონ, მუჭში მოგსრისონ,
ფერმკრთალ კანზე შეგაზილონ თაფლის სიტკბო და
ხელის ყველა მოკარებას აჰყვეს მწარე წებოვანება.
ადამიანის მიკრობიოტა დიდხანს რჩება.
ენის ყველა რეცეპტორით გამახსოვრდებათ,
როცა გახეთქილ ტუჩიდან მუსიკასავით ჟონავს
ცინუკი დადიანის თეთრი ხავერდი
და მაგნოლიის ბაღებს ჩუმად არხევს ნიავი.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში თვალების იშვიათი ფერი შეიძლება ქვიშამ დაფაროს.
ხომ გაქვთ უფლება გაიაზროთ დიდი სხვაობა შიმშილსა და შიმშილს შორის,
ან ზიზღსა და სურვილს შორის დაინახოთ დიდი კავშირი?
გრძნობდეთ, როგორ წევს თქვენი ოთახის ბნელ კუთხეში
მხეცი ღმუილით და არ გიკარებთ.