…
თითქოს არაფერია,
ვიგრძენი, ბოლო შრეებამდე რომ ჩამოხვედი.
ხერხემლის ფსკერზე წებოვანივით გაწვა ლოდინი.
მხოლოდ გულისცემას ვგრძნობ,
ვეურჩები ფიზიკას და აქამდე ცნობილ ყველა კანონს.
„ ფისო! ფისო!“ – გადაირბენს კანზე ბასრი ბრჭყალებით კრთომა.
გასაპარსი ლოყის უკან შეიძლება გადიოდეს მაღალი ძაბვა.
ლაბორატორიულ კვლევებს შეუძლია ბევრი რამე ცხადად აჩვენოს:
ყველაზე მძაფრი ეროტიკა ყელში მთავრდება.
შეგიძლია ტუჩებს ნეკა თითით ჩამოყვე,
გაიმეორო კონტურები, ოდნავ შეეხო
ყველაზე ძლიერ დეტონატორს. აფეთქებამდე დარჩენილი ორიოდ წამით
ადრე დახუჭო ორივ თვალი. წარმოიდგინო: აფეთქება.
გული ასე შეიძლება ჩაგეჭედოს ნაფლეთებად, გაიბნეს ხორცში.
მხოლოდ სახელს იმეორებდე.
…
იაფფასიან ქათინაურებს, რომ არასოდეს წამოეგო.
რად უნდა იყოს უხერხული სხეულის კვდომა?
ქალი უნდა იყოს საამო. ნეკნები კი არ ეთვლებოდეს –
ათქვირულ მკერდს და ნებიერ მკლავებს ანცი სიცილი უთახთახებდეს.
რა სირცხვილია ხმელი მუცელი და ეგ კუშტი ბაგეც გახსენი –
მან უკვე იცის ჩაღრმავება ტუჩების ზემოთ,
იცის სუნთქვის დროს ცხელი ქარი საით უბერავს.
ეს ზიზღნარევი სიტკბოებაც რა სირცხვილია,
თითქოსდა კედლებს შეესია ათასობით კალია, ანდა
საწოლის ქვეშ ჭრიჭინების გუნდი ჭრიჭინებს.
ან რას ელოდი? ქალი უნდა იყოს ქალივით:
მხიარული ხორცი და ლბილი,
ფაფუკი მკერდის მოკისკისე მიმზიდველობა.
არ ჭირდებოდეს სახეზე ხელის აფარება საკუთარი ხმის ჩასახშობად:
ეს რანაირი ქალი ხარ, გოგო?