რომ ოდნავ მაინც იგრძნო ჩემი სასოწარკვეთა,

მწარე ტკივილი, ყველა სიტყვა, თუნდ ბანალური,

რაც კი ოდესმე დაწერილა მონატრებაზე,

ან შემოდგომა-გაზაფხულზე, მარტის დღეებზე,

მხრებზე, ტუჩებზე, მათ უცნაურ გადაკვეთაზე,

როცა არ იცი, რომ ღმერთს ჩუმად ჩაეცინება,

მერე ყველაზე დამცინავი ღმერთი გახდება,

შუა ქალაქში მოლაღურებს შემოაფრენს და

მანქანებს  მკვეთრი საყვირის ხმით ააფრთხიალებს.

 

როგორ მინდა, რომ შენი ფერი ჰქონდეს თენებას,

შენს ლურჯს თანდათან შეერიოს მწველი მზეები

და არ მიკვირდეს გული როგორ ძლებს და არ სკდება

გარეთ ატლასის, შიგნით ათას მწიფე მარცვლებად

გადახეთქილი და ყველა მარტო.

 

თმა თითქოს გამშრალი თოვლივით შრაშუნობს.

იხრება: იდიოტო… – იცინის (როგორც იცის).

თვალებში მზე ზღვაში ჩაწვება, ჩაიღვრება

ხავერდში, ლურჯი ხმის ხავერდში და მხრებთან

და თითქოს ყელთანაც ნიავმა დაჰბერა.

 

მწველია ნიავი და უღმერთოდ იკბინება.

სიმწარე რანაირად?! სიმწარეს ხვალ მაგემებ.

ჭერიდან ობობა ეშვება, სულ მალე,

სულ მალე ყელამდეც მოაღწევს. შხამიანი

ჯერ მხოლოდ მკლავებია, ჯერ მხოლოდ მომეჩვენა.

 

ჯერ მხოლოდ ღამეა და ჯერ ისევ ხელები

გულზე გაქვს დაკრეფილი, ჯერ მხოლოდ ცინიკურად

შემოდის ფანჯრებიდან დილა და ჩვეულებრივ

მიახრჩობ უმწეო დღეს კნუტივით. იდიოტო,

რას კლავდი? რას ერჩოდი?

 

 

 

1 2 3 4 5