ჩამოდი ერთხელ, თეთრწვერებავ, ვისი სახელიც შვიდი ბეჭდის ქვეშ დამალული არის, ვერასდროს ვერავინ სთქვა, ერთხელ ჩამო, რა!

გინდა იმდენი ჯვარზე გაკრული ბავშვი განახო, დაგავიწყდება შენი გაკვრა, შენი ტკივილი?

იცი რამდენი ღვთისმშობელი დადის უკვე და ან რამდენი ანგელოზი  გამოგიგზავნეთ – ერთი დიდი ეშელონი, დიდი ვაგონი. აფიცრულ კედლებს რომ ეხლებოდნენ,  ფრთების ფრთხიალი გუგუნივით ისმოდა ხოლმე და თვალწინ მედგა: როგორ მისდევს მეზობლის ბიჭი დასაკლავად მონიშნულ ქათამს, დედამ რომ სთხოვა დაეჭირა და გნიასით სხვებიც გარბიან, თითქოს ცაზე თვითმფრინავმა ყრუ გრუხუნით გადაიფრინა და ალესილი ნაჯახები ჩამოყარა, რომ ყველას ეყოს. განწირულის ფრთების ფრთხიალზე მტკივნეული და საშინელი არაფერია, დამიჯერე, ჩემო ტკბილო, ჩემო უფალო.

 

წუხელ სიზმარში ჩემმა ვითომ შეყვარებულმა ცოლთან ერთად ჩამოიარა. გაუმჭვირვალე, შავი პაკეტით რაღაც მიჰქონდათ. ალბათ ნაგავი – გავიფიქრე – ალბათ რამდენი ნარჩენი გააქვთ ოჯახებს უცხო თვალისგან დაფარულად და აჩქარებით.  მე თავად ვნახე, როგორ შეაგდეს ჯარისკაცებმა ხისტარიანი ბასრი ნიჩბებით ვიღაცის შვილის შავი ცხედარი – “ტვირთი 200”, საქმიანად, ღიმილითაც კი. და ან რა არის სანერვიულო?- მშვიდად ეკრანი ჩავკეცე და ყავა მოვსვი – ომი ომია, ვინ არ მომკვდარა?

 

ისიც მოკვდა. აღარ ვეკუთვნი. გინდათ ყველას გაგინაწილოთ ჩემი სხეული, ჩემი თეთრი თეძოები, გლუვი მუცელი? მოსაფერებლად. გნებავთ – საჯიჯგნად, სისხლის სისხლში ასარევად, დასანაყრებლად.

მასთან ვერასდროს ვერ მივაღწევ, ვერ გადავრჩები, ვერც ხორცით და ვეღარც ძვლებით. ვერც სულის თხოვნას ვერ ვიხსენებ რისთვის მომეცა?

დიდი ხანია თეთრწვერება მოხუცს ჩვენთვის აღარ სცალია, არც სიზმრად მოვა და ცხადში ისევ აფეთქდება მოლოდინი. ნანგრევების ქვეშ მოიყოლებს ასი ათასი შავი მერცხლის შემოფრენას – მორიგ გაზაფხულს.

 

 

 

 

1 2 3 4 5