…
რაღაც ასეთი ცხოვრება რომ შეძლებულიყო:
სიმწვანეში, მწვანე ბალახზე გაშლილ ფარდაგზე სამი ბავშვი ზის. ან სულაც ორი. იდილიაა.
ირგვლივ, მწვანე, მწვანე სიმშვიდე.
ჩიტები ამოდ ჟღურტულებენ. ქმარსაც ვახშამი მოუმზადე, საყვარელი კერძი და კანზეც ვანილის და მზის სუნი აგდის.
მწვანე ბაღიდან მონაბერი გრილი ნიავი წამით შეგაკრთობს. შეგეშინდება,
რომ შეიძლება არ ყოფილიყო ეს ყველაფერი. ანდა – არც არის.
გულიდან სისხლს ვერ გადაუსხამ სხვა ადამიანს,
ერთი სისხლის ვერ გახდებით, ილუზიაა.
ილუზიაა ყველაფერი. ყველაზე მყარი ამ ეპოქაში ბანკში საერთო კრედიტების მზარდი პროცენტის მკაფიოდ და შავი მელნით მოხაზული ციფრებია. მხოლოდ და მხოლოდ.
ღმერთო, დალოცე, იპოთეკებით, ერთადშეძენილ სახლებით და მანქანებით, უძრავ-მოძრავ ქონებითა და გარანტიებით გამყარებული სიყვარული. დალოცე სისხლის განსაზღვრული პარამეტრები, ერითროციტის დალექვის და სისხლში ჟანგბადის გადატანის მზარდი სიჩქარე.
შენ შეიძლება კანკალებდე, კანის ყველა რეცეპტორი გითრთოდეს და ვერაფერი თქვა.
გულიდან სისხლს ვერ გადაუსხამ. ვერც მლაშე ცრემლებს.
მტვრიან ქალაქში, ცხელი ნიავი წამით შეგაკრთობს,
რომ შეიძლება ეს ყველაფერი სულ სხვანაირად ყოფილიყო.
…
რა საზიზღარი, რა დამანგრეველი კაცი იყო ის კაცი.
როგორი ცინიკოსი, როგორი წვერგასაპარსი და ხრიოკი.
როგორ ცასავით ჰქონდა შუბლი, ცაზე ღრუბელივით შუბლი ჰქონდა, ზოგჯერ შეკრული.
რომ ვერ გამოიცნობდი, მზიანი ამინდი იქნება ხვალ, თუ კოკისპირულად იწვიმებს.
როგორი მკვლელი იყო ის კაცი, სიკვდილს გაშინაურებული, ბავშვობიდან დაზავებული,
როგორ შეიკეტებოდა ხოლმე სიჩუმეში, ვერ გაიგებდი, მოკვდა უკვე, თუ ჯერ ისევ ცოცხალია.
როგორი ენა ჰქონდა, მწარე. როგორ თაფლივით ჰქონდა ენა, ზოგჯერ ბალღამი.
ზოგჯერ ტუჩზე დაწურული ლიმონივით ტანში უცაბედად გაგცრიდა.
რა საზიზღარი მოხუცივით იცინოდა ის კაცი, თითქოს ცახცახით
ხერხემალზე მეჩხერ ხელებს ფრთხილად გალაგებს და ინგრევი.
რა საოცარი კაცი იყო, შუბლზე ცა და ტბაში არეკლილი ცის სიხასხასე,
თავის სისველეში, თავის მიწასა და ცების სილურჯეში როგორ დაგმარხა.