ავტომოპასუხე

 

,,სახლში ვარ, დამირეკე ელიანა!
წვრილმან უსიყვარულობაზე არ გედავები…,,

მესმის რომ გაქრა რომანტიკა
შენს გაზაფხულს და ჩემს ზამთარს შორის,
ძლიან კარგად მესმის
და ახლაუბრალოდ
ჩახუთულ ჰაერს ვისველებ
სიცხადის ეჭვით…

– შემთხვევითობის გაცვეთილ
საცვალს
ამბები უჩანს…

შენმა გაზაფხულმა და ჩემმა ზამთარმა პირი
ვერ შეკრეს ელიანა, მაგრამ რაც  შეკრეს
ეს იყო  ჩანთა,
სამგზავრო ჩანთა
უკან –  ადამიანთან
დასაბრუნებლად გამზადებული,
რომელშიც ბეწვი
და დირე
ერთნაირად ავსებენ
თვალებს…

– თვალი არ იყო გახელილი…
– თვალი არ იყო დახუჭული…
– ბეწვი ხიდს ჰგავდა…

– რომელიღაც მწიგნობარი დუმდა
მიტოვებული სახლივით….

ყავის მარცვლები ქვით დავფქვი და
ცელოფანში ჩავყარე,
(ამ ზამთარს თავს გამატანინებს
და სიფხიზლესაც შემისწორებს..).
ცელოფნიდან ეერთი კოვზი ყავა,
ყავადანში…
მერე
ქუჩაში გავედი
და ქვა გადავაგდე
გულმოდგინედ
ძალიან შორს, მაგრამ
სანამ ავტომოპასუხეს
ჩავრთავდი
ქვა სულის მოსარწყავ
მიწაზე დამეცა …

– ქვამ და ჩემმა სახლმა პირი შეკრეს…
– ქვამ და ჩემმა სულმა პირი შეკრეს…

,,სულს რომ დაღმართი ჰქონოდა,
ქვა ჩემს სიკვდილზე მაინც გადაგორდებოდა,,

– ქარი რომ ჩადგა ჩემში ჩადგა…
– მიწა რომ ჩადგა ჩემში ჩადგა…
-ბალახის ანაბეჭდი ჰაერს დარჩა…

ავტომოპასუხეზე შეტყობინება დაგიტოვე
ელიანა…
გელოდებოდი…
ტელევიზორი ჩართული იყო,
მთვარის შუქიც…
ძაღლები ყეფდნენ
უმწიკლოები ერთმანეთისთვის…
ტელევიზორში სარეცხი ფხვნილის რეკლამა
გადიოდა და მამაკაცის პერანგის სუფთა
საყელო ისე არ ჰგავდა ჩემს ცხოვრებას,
როგორც შენი სახლი ჩემს ხასიათს…

-ტელევიზორმა პირი შეკრა მთვარის შუქთან…

 

 

1 2 3 4 5