დილის გაზეთი
ველოსიპედზე შემომჯდარი ბიჭი, სუსხიან ამინდში
დილის გაზეთებს არიგებდა…
მგონი ლექსისთვის უცნაური დასაწყისი არ
უნდა იყოს?!
ველოსიპედზე შემომჯდარი ბიჭი, სუსხიან ამინდში
დილის გაზეთებს არიგებდა…
ალბათ ეს ლექსი ამოყირავდება ბიჭის ველოსიპედივით,
მსუბუქ ტრავმასაც მიიღებს , მაგრამ ჯერ არა, ჯერ იყოს
ცოტა ხანი მოვიცადოთ…
ბიჭს ბევრი გაზეთი აქვს დასარიგებელი, როგორც
მე მაქვს ბევრი მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო
სიტყვა დასაწერი…
მოკლედ…
ბიჭმა ველოსიპედი შეაჩერა ჩემს ეზოსთან და დილის გაზეთი
შემოაგდო საფოსტო ღობიდან ისე რომ ველოსიპედიდან
არც კი გადმოსულა.
(ისე, როგორც ჩემი მეზობელი ფრანცი არ გადმოსულა
არასოდეს, ჩემთან ფინჯან ყავაზე სასაუბროდ, ან
გოლფის სათამაშოდ…)
მე გავიგე გაზეთის, ბალახებში ჩავარდნის ხმა,
გამოვედი ეზოში,
დაძონძილ სახელოებიანი ხალათით და ფინჯანი ყავით ხელში.
ავიღე გაზეთი და გადავფურცლე,
ჩემი სტატიის სათაური ასე გამოიყურებოდა,
,,როცა ჩემს ცხოვრებას მეხსიერება დაუქვეითდება
ფანჯრებს გავაღებ და გავნიავდები…,,
გამეღიმა…
სხვა ჟურნალისტის სათაურზე გამეცინა
,,რატომ ჰგვანან ადამიანები წინადაცვეთილ ღამეებს?,,
ყავის ერთი დიდი ყლუპი მოვსვი
და ბიჭს გულში მადლობა გადავუხადე, რადგან
ბიჭი თვალსაწიერიდან
მალევე დაიკარგა და შევედი სახლში…
მგონი ლექსისთვის ამდენი ტყუილიც არ ვარგა, არა?!
მე ხომ, არც სახლი მაქვს, არც ხალათი, არც სტატიებს
ვაქვეყნებ ჟურნალ-გაზეთებში და არც დილის გაზეთებს
დაატარებენ სკოლის მოსწავლეები,
ჩვენს ქალაქში ველოსიპედით…
და მაინც, რა უნდა მოვიფიქრო, რომ მოგხიბლოთ
რედაქტორო?..
,,სკოლის მოსწავლე ბიჭი, ველოსიპედით გაზეთებს
დაატარებდა თბილისის ქუჩებში. მე დაძონძილი ხალათი მეცვა.
ყავა არ მქონდა. სახლი არ მქონდა. მქონდა ლექსი, არც თუ ისე
ცუდი და არც თუ ისე კარგი…,,