ფხვნილის რეკლამას
სიგარეტის რეკლამა ცვლიდა…
მე სიტყვა ,,მოწევა,,
სიტყვა ,,ცხოვრებით,, შევცვალე
და ასე გამოვიდა:
,,ცხოვრება მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის…“

გელოდებოდი…
საღ გონებაზე მყოფი გელოდებოდი …
ჩემს ოთახში
საპნით გარეცხილი წინდების
სუნი იდგა…

გელოდებოდი ელიანა…
ბერძნული ტრაგედიის გმირივით მეცვა….
ტანზე სიცივე ტკაცუნობდა
ნაკვერჩხალივით…

,,ჩემს ლექსებს საბერძნეთში თარგმნიდნენ
ორნი…
მე არისტოფანეს ,,ბაყაყების“
თარგმნაზე ვფიქრობდი,
მაგრამ ყველაზე მეტად
შენს  მუჭში
მოქცეულ  წყალზე
მეფიქრებოდა…,,

როცა გაგიცანი  მყვინთავი გეგონე
და მუჭში წყალი რომ
შეიგროვე, თითქოს
მასში გინდოდა
ჩემი დახრჩობა,
არც გეშინოდა.
პირს კრავდი წყალთან,
გამომწვევად გეცვა
და წელს ზევით გახდილ
ნიავს ეკვროდი…
მე ელინისტური ქანდაკებასავით
ვიდექი მყარად.
არ ვიხრჩობოდი.
არ გეხებოდი,
მაგრამ შენში
ნაპირ-ნაპირ ვცურავდი ჩუმად…,,

გელოდებოდი ელიანა!…
გვიანი იყო, ღამის პირველი, თუ ორი საათი…
გვიანი იყო იმ ფოტოშიც, სადაც გკოცნიდი…

დიდხნს მეჭირა ის ფოტო დიდხანს
კედლიდან, როცა ჩამოვხსენი და
შპალერის ჩამოხეული ნაჭერიც
რომ გამოვდე ჩარჩოს…

(ამ ფაქტმა ძლიერ შემაძრწუნა..)

-შპალერმა და კედელმა პირი ვერ შეკრეს…

იქნებ ის კოცნაც გვიანი იყო
ელიანა…?!…

მე ვიყავი ადრე…
შენზე ადრე და
ჩემს თავზე ადრე,,,
გვიანი შემოდგომის ფერი გედო
იმ ფოტოში და თითქოს
ჩემს თვალის ჭრილში
იგვიანებდი…

,,ფოტოს წარწერა მოუხდებოდა,
როგორც საზეპირო ღამეს
ვარსკვლავი…  ,,

გელოდებოდი ელიანა…

ბერძნული ტრაგედიის გმირივით მეცვა…

ავტომოპასხე დუმდა…

,,შენ და ავტომოპასუხემ პირი შეკარით…
ეს იყო, ალბათ თქვენი შეთქმულება”

 

1 2 3 4 5