მისმისნეთ!

 

მე არც ტაკეში კიტანო ვარ და არც მიმტანი…
არც წრე მეკვრება, არც ღილები, როგორც გითხარი
ადრე ხომ გახსოვს?!

მე არც სინათლე მესაზღვრება, არც ცას ვეშვები…
არ ვყიდი ქარში იმედის ნაჭრებს, არ ვარ მიზანი…

მე არც ტაკეში კიტანო ვარ და არც სიზმარში გვირაბის ბოლო…
მე არც ჯარმუშის ფილმში ვთამაშობ და არც ნეტფლიქსის ფილმში
მიღებენ…  ხანდახან კარებს – ქალები კარებს…
არც იშიკავას მემკვიდრე ვარ და არც სიმამურა ჰქვია ჩემს თევზს,
რომელიც წყლის სინათლეში, სიკვდილზე და მეზობელ ძაღლებზე გალობს…

მე არც ტაკეში კიტანო ვარ, არც ძენ-ბუდისტი.
სადღაც სიჩუმე გამოვიწვიე… სადღაც სიმშვიდე გამოვიწვიე
და ახლა მხოლოდ ქალებს ვუმზერ გამთენიისას, სამსახურებში და კოლეჯებში,
რომ მიიჩქარიან და მოკლე კაბებს დაბლა იწევენ, თმას კი მაღლა,
თითქოს კაბა მართლაც დაბლა ჩადიოდეს, უფსკრულს უმზერდეს,
თმა კი შავი ღრუბელივით ბზინვარე, თვითმფრინავს ეალერსებოდეს
ცის შუა გულში…

მე არც ტაკეში კიტანო ვარ და არც კენტავრი…
არც განგაშის ზარი მესმის და არც ვვანგარიშობ დარჩენილ
დღეებს, შენს სიყვარულამდე…
რაღაც გამომრჩა? კი, კი…
და გთხოვ, მაპატიე ჩემო ძვირფასო, რომ ვერ მოგიტანე
გუშინ დილით, ყურის ჩხირები, კბილის ჯაგრისი და
ის სუნამო მე რომ არ მიყვარს, მაგრამ შენ მაინც
ჯიუტად ისხამ დღეგამოშვებით შიშველ ტანზე და პოეზიის
ნაყოფსაც ისხამ და ასე სიტყვა-სიტყვით ირითმები საკუთარ თავთან…
და ასე სიტყვა-სიტყვით ირითმები ჩემს ლექსებთან…
და ასე სიტყვა-სიტყვით იდევნები სინას მთიდან…

ოჰ, მაილს დევის…
ოჰ, ტრისტან ცარა…
მოდით და ჩქარა, მოდით და ჩქარა…
ოჰ, ბიტ საძმო…
ოჰ, ჰიპებო…
ოჰ, ფრენკ ო ჰარა…
ოჰ, მაფიოზებო…
ოჰ, სიძვის დიაცებო…
მოდით და ჩქარა, მოდით და ჩქარა…
საყვირების ხმას დაუგდეთ ყური,
ანგელოზები, თითქოს ჩვენს უსიყვარულობას
მერცხლებს ანიშნებენ…

 

 

1 2 3 4 5