***

,,მე ვუყურებდი საკუთარ თავს და მეცინებოდა…
ის უყურებდა საკუთარ თავს და ეცინებოდა…“

ნანემსარი ღრუბლები დაღმართს ქმნიდნენ
ქალის თვალებში…
ქალი საკუთარ თავს დასცინოდა…
აღმართი ჰქონდა ასავლელი…
წვიმა არ იყო…
ნისლი არ იყო…
რას გადაურჩა, არ იცოდა ქალმა…
რას გადაურჩებოდა არ იცოდა ქალმა…
ვის ხმას უსმენდა ვერ გაეგო…
კაბის ბოლოზე ფეხი ედგა,
როგორც საკუთარ იმედზე, სინდისზე…
აღმართი იყო საკმაოდ გრძელი…
კაბაზე გრძელი…
დრო იყო ცოტა…

 

***

ქალი ყვავილებს ყიდდა,
ორ ლარად ყიდდა…
კაცს ძველებური ნაჭრის შარვალი ეცვა,
ქალს უსარჩულო კაბა.
ქალი და კაცი ერთმანეთს უყურებდა.
სარჩული სიყვარული არ იყო…
ყვავილი მრავალჯერ წაკითხულ წიგნს ჰგავდა
ნაჭრის შარვალი სიკვდილს…

პოეტებო, რაღაც თქვენი ფერი არ მომწონს…

პოეტებო ფერი არ გადევთ…
თქვენი სახეები
გამოთქმით კითხულობენ
მარადისობას…

თითებში მოქცეულ
კალამს დაემსგავსეთ,
ხან მარჯვნივ იხრებით,
ხანაც მარცხნივ …
ფურცელი არ გყოფნით…
საბეჭდი მანქანა არ გყოფნით…
კომპიუტერი არ გყოფნით…
არც დრო  და არც ეს სივრცე…

პოეზია  დასაკეცი დანასავით
გამომწვევია…
გაშლილ ლექსებში
ბევრნი ჩანან
ფარისევლები…
დაკეცილ ლექსში
მხოლოდ ისინი,
ვინც სახრჩობელას
წნავენ მზისთვის
საღამოობით…

 

 

1 2 3 4 5