***
ხმოვნებმა შეასწრეს ციხე-სიმაგრეში,
თანხმოვნები გარეთ დარჩნენ.
ანათებს სამი წითელი ქუდი, ღამეში
ღამეს, ტანმაღალი ფარნების შუქზე.
თხა დახატე მოგრძო სახით და
თეთრი წვერით, ტანზეც თეთრი ეცვას,
მოკლე ბაწრით მიათრევდე შენ იმ თხას და
თითქოს გული გაეკაწროს ვინმეს შენთვის
მღეროდე:
სახლში რად არ მიდიხართ?
წყალზე მდგარო ბავშვებო…
გემს რად უცდით მყვირალას?
წყალზე მდგარო ბავშვებო…
_ადიდდება შავი ზღვა,
გველეშაპის ბეტონი…
_სახლში აღარ მივდივართ,
გამოგვყარა ბატონმა.
მამა ქვევრში ჩავიდა,
ქვევრს მივვარდი კივილით,
დაიღრჩობა, მიშველეთ,
მამა ქვევრში ჩავიდა…
იქვე კომშის ხეები
მოვარდისფრო ყვავილებს
მიშვერდნენ და ღიმილით
კენწეროებს არხევდნენ.
მამამ ქვევრი გარეცხა,
ყველაფერი წყნარია,
მხოლოდ მტვერი დააცხრა
ჩვენი სახლის საძირკველს.
თქვა: პატარა გოგონამ,
თქვა და სული დალია,
როგორც ნამიკრეფიამ,
როგორც წყალზე შროშანმა.