***
მარიამი ეხვეწება თავის
თოჯინას არ იტიროო,
მე არასოდეს მითქვამს
მისთვის რომ არ ეტირა,
მარიამს უყვარს თავისი
პონი და თმას უვარცხნის,
მე არასოდეს მყოლია პონი,
არც არასოდეს მსურდა მყოლოდა.
მარიამს უყვარს ბაბუის სურათი
გულში იხუტებს, ესაუბრება,
მე არ მინახავს ბაბუაჩემი
და მეშინოდა მისი სურათის.
მარიამს არ უყვარს სიგარეტი,
და ყველას უშლის – ვინც ეწევა,
მე ვიპარავდი კოლოფიდან
„კოლხეთის“ ღერებს და ვეწეოდი
და ხელწერილს მაწერინებდნენ.
ჩვენს შორის სხვაობა თითქმის
ნახევარი საუკუნეა.
ქაღალდის ნავი გვიყვარს ორივეს
და თვითმფრინავი, ხოლო არ გვიყვარს
გამობმული ჩვენზე ფრანები
ჩვენი დრო ორია,
როგორც თოფი ორლულიანი
ვიღაცას ჰგონია,
რომ ჩვენი სხეულები, ჩვენს სულებს
არ მიაქროლებენ …
***
სიზმარი – ღამის შუაგული,
ოცნება – დღის და აბა, რა გინდა
ჩემო კარგო? ბაღი ფირუზის,
მტრედი უფრო ნაცარნარევი
და მშვიდობისთვის მოღუღუნე,
თუ ქარიშხალი კისერგაწვდილ
დამნაშავეებს გვერდს რომ უვლიდა,
თქვი, ჯოზეფს უთქვამს,
აღარა მაქვს მეტის თავიო,
როცა სანსონი უყვებოდა
ათი დარტყმითაც ვერ აღსრულებულ
სამართალზე,
წამების მძიმე ფორმებიდან
დიდებულებს და ზედიდებულებს
ურჩევდნენ უფრო მოსახერხებელს,
უფრო ზუსტს, სწრაფს და უმტკივნეულოს.
ყოველთვის როდი ამართლებდა…
და ვარჯიშობდნენ ჯალათები
რომ გამხდარიყვნენ დიდჯალათები.
უთქვამს ეზეკიელს; ადამის ძევ!
ხოლო მას უთქვამს:
„ აჰა, შენზე ვარ როშის,
მეშექის და თუბალის მთავარო!“