***
ვითომ უცხო ქალაქია, უცხო ბაღი, უცხო სკამი,
წავა კაცი საიქიოს თან წაიყვანს ცოლს და კატას.
ძაღლს დატოვებს, ძაღლი მაინც მამისაა, სახლს დარაჯობს.
თვალი, როგორც თარაზოში ჩატნეული
პატიმარი,
ვინც ჰაერში გაეკიდა, ვინც სამზერად
გარეთ დარჩა,
მოუყარე ყველას თავი, ვინც „ასწორებს“ და ვინც „ტეხავს“
მესიტყვეებს ხშირად უჭირთ დაეძებენ სულის ცნობას,
იმ ქალივით ვინც გადახმა შემოქმედის გადახმობით.
მკაცრი ყოფით, უფრო ცხადად ვერ დათვლილი სულადობით.
მიმართ თესალონიკელთა, აქ რა უნდა, ძმანო…
თესავს კაცი ხორბალს, იმკის თავსხმას,
რას იტყვიან პოეტები სხვას
და არც რას.
***
მოიშორე მაღალფარდოვანი ლაპარაკი
მოდი, აქ, ჩემთან დავსხდეთ. თხელი
წვივების კანქვეშ რომ ლურჯი ხაზებია,
საშიში ყოფილა,
მე კი საცქერლად გამოსული მეგონა.
გორდონ მეთიუ სამნერის სვიტერი,
წლები, წასული ქარიანი ამინდებივით,
სექტემბრის ოცი…
მამამ რომ თვალები დახუჭა,
თითქოს მტრებმა ამოხოცეს ჩვენი ხოჭოები,
მინდვრის კალიებმა შეჭამეს წიწაკის
ყვავილები, ხუთქიმიანი თეთრი ვარსკვლავები,
და არვინ იყო, ვისაც ესმოდა ჩემი და
ჭიშკართან დაბმული სეტერის.
რაც გინდა ცაზე მოატარე დღისით და ღამით
არაფერია ფანჯრის მიღმა რომ შეგეხიდოს,
არავინ იცის ან სათქმელი ან დასალევი,
დუმს საკიდარზე ანჯახი კაცივით
მამის თოფი და “ფალასკა”
გარეთ თოხი და ნაჯახი:
“Englishman in new york.”