***

 

მინდორს, ყვავილებით სავსეს,

ცელივით ვუსვი შიშის ქარი

და გულში თივად ვაგროვე სურვილი,

ამის გამო თქვა მამაჩემმა:

ჩამავალი კი არ შეგბილწავს,

არამედ ამომავალი…

ამის გამო გავყიდე მიწა

და დავესახლე ცხელ ასფალტზე,

სადაც ზამთარი უნდა ინატრო,

ისე არ მოდის, მე კი ნატვრა არ შემიძლია,

არც სხვა რამ გულუბრყვილო საქციელი.

ვინც მისი ყვირილი გაიგონა

ჭკუაზე შეცდა, რომ გამეგო მეც შევცდებოდი,

მაგრამ დავინახე,

კაჭალი კაკალივით ძირს ეყარა

თვალი და თვალი დავსებული,

რაღას შეხედავენ აწი ესენი,

რაღას გასწვდებიან?

ვთქვი ამის გამო:

ძილი მინდა,

არ მეკარება, ძილი…

 

 

 

პოეზიას

 

შეგჭამა კინომ და კონცერტებმა,

ინტერნეტ თამაშებმა, პოლიტიკამ,

საქვეყნო ღრიანცელმა,

მტრის გულზე „ლაიქმა,“

გაჭედილ „ აპებში“ მოხვედრამ,

ამდენმა ტაშისკვრამ,

უგნურთა ზერელე მიდგომით,

ძახილმა გათხრილი ტრანშედან,

„მშვიდობით,  მშვიდობით, მშვიდობით!“

სულ სხვა ხარ, თუ დარჩი, აკადემიისა!

არ ჩანხარ “მრტ -ს”კვლევითაც,

მივძვრები განიერ გვირაბში,

დაგეძებ ტერფამდე თხემიდან

და ვიცი, იმალვი ვითარცა,

სულს შიგნით სამყოფი ნიშანი,

რომ ძვლებში ნაგროვებ წყლის მარაგს

მოუსწროს ხუთვამ და წყალმანკმა.

ჩემო, დეფორმირებულო ღმერთო,

ესაა ჩემი სიმდიდრე,

ვიტყვი: აეიოუუუუ -ს, მეტყვი:

ნუ გეშინის, ხმისა…

 

 

 

1 2 3 4 5