***

 

შეიძლება კაცს ესიზმროს

საკუთარი მიცვალება,

როგორც მელა

მიცუნცულებს სულიც ისე

და ირიბი იზმირიდან *

ღმერთი გვიმზერს რადგან

ყველგან, ითლებოდეს

შენი კუბო, თავო ჩემო,

მძინარო.

იყო ადრე ეს შემთხვევა,

გადავრჩი და წიგნი ვწერე,

ორი წელიც ვიწანწალე,

არ ჩავვარდი ლოგინად,

არც წყალში და არც დორანში

ისევ დაგასლოკინებს,

რადგან ხშირად გახსენებდა

მამაჩემი, ჟორა!

და შენს ორანჟერეაშიც

გატრუნული ფორთოხალი,

როგორც ძილში ჩაყოლილი

მზის ბაკმი და სიცხე

იზრდებოდა ობლად.

 

დაარტყა, ააგდო კაპოტზე

და როგორც ტრუმენ კაპოტე

იტყოდა „ცივსისხლიანი“ ყოფილა,

წავიდა!

 

 

***

 

ვიწრო გზას ვადგავარ, ციცაბოს,

თითქოს აღმართი მქონდეს ასავლელი,

ისე გამალებით მივიწევ,

თითქოს ჩემს ნებაზე იყოს თოჯინა,

რომელშიც ეშმაკი შევიდა,

ან სამტერმოყვროდ მოსული რწყილი.

ჩემი მეგობარი ვერ გახდები,

იჯავრე…

მარტო ვიქნები,

მარტო ყოფნა ცნობილია,

როგორც მიტიკასი, როგორც მიდი კაცო,

გაიარე, ვინა თქვა, შენი სიმღერა?

შენი სახელი მორჩილია,

აღიკვეცები, როცა უფლის ნება იქნება.

რწყილი არ ახტება, არ დახტება,

არ წავა ფეტვის სათხოვნელად,

ტაძარში გიჟებია, ხატები დაწვეს,

ღმერთი ხმას არ იღებს,

ღმერთია!

ამ გზაზე უძღები შვილები

თაღდებიან, მე შენ ვერაფერზე

დამითანხმებ, როგორც ბორბლებში

ჩაძინებულ ლეკვს, სამტონიანი

მანქანის ქვეშ, სადაც მტრედებიც

კი არ შეფრენილან.

მოვიდრიკე ქედი ჯვარცმასთან,

ღმერთმა ნუ ქნას ეს სიჩუმე დაირღვეს.

ის წევს სახიფათოდ შავი და საყვარელი

არ იცის, რა ელის?!

საელვოდ დახრილი ცისთავანი –

დაქოქა… ვინც თვალებს დახუჭავს

და ყურებს დაიხშობს, გადარჩება.

არავის გაუგია, ისე გაქრა,

მართალიც რომ იყოს პეტრე,

მაინც დახატავენ მამლის ყივილს.

მაინც წამოდგება საფლავიდან

მამაჩემი, სამგელიის სასაფლაოზე.

 

 


* იზმირი – ჩარხზე ხის საჭრელი იარაღი

 

 

 

1 2 3 4 5