ბულბულები კარანტინში

 

„კორონავირუსი ბულბულებსაც აქვთ“ –

უცებ თვალში მომხვდა ეს ფრაზა

და სახლში ჯდომით დაბლაგვებულ ჩემს სხეულზე

წვეტიანი შვერილები გამოისახა.

მოვწყდი ეკრანს,

სავარძლიდან წამოვხტი და გარეთ გავვარდი.

 

„აბა, სად ხართ ვარდთა ჩიტებო,

შემომყეფეთ რამე ისეთი,

სულს რომ დაეტყოს…

სნეულ ფრინველებს ხომ ასჯერ უფრო გულგამგმირავად

უნდა შეგეძლოთ სტვენა-გალობა!“

 

ქუჩა-ქუჩა ვეხეტებოდი,

ტურტლიან ცას ავყურებდი,

გაფშეკილ ტოტებს შევცქეროდიდა

ვუხმობდი ჩიტებს,

იმ იმედით, რომ იქნებ იცოდნენ,

ამ საშიშ ვირუსს რანაირად გავმკლავებოდით,

თუ არა და კაეშნიანი სიმღერებით

რაღაც მაინც ენიშნებინათ…

 

ბულბულები კი არსად ჩანდნენ,

დამევიფიქრე, რომ ისინი გაერიდნენ

ამტყდარ პანიკას,

ჩათვალეს, რომ

ჯობს, არ დაგვაფრთხონ.

 

მათ ხომ არ ძალუძთ, რომ არ იმღერონ,

მათ ხომ პირი მუდამ ღია აქვთ,

და ამიტომ ნისკარტებიდან

ნოტებთან ერთად განუწყვეტლივ

ვირუსებიც გადმოეფრქვევათ…

 

და ამის გამო მათ, როგორც ჩანს,

საკუთარი კარანტინი აქვთ მოწყობილი,

შესკუპულან სადღაც, ჩვენგან მოშორებით

დაჭიკჭიკებენ გაუჩერებლივ,

თითქოს დიდად არც აწუხებთ იზოლაცია,

თუმცა კი მაინც მოუთმენლად ელიან იმ დღეს,

კაცობრიობა ბოროტ ვირუსს

საბოლოოდ რომ დაამარცხებს –

და ისინიც სიხარულით დაბრუნდებიან! –

ბულბულებს ხომ,

რაც არ უნდა  ნაზი ჰანგები შეუთხზან ვარდებს,

საბოლოო ჯამში მაინც

ადამიანის ყურისათვის უყვართ სიმღერა…

 

ამას რომ მივხვდი,

კარგ ხასიათზე დავდექი და

თან ავღიღინდი.

 

„აბა ყვავებს ვინ დაიჭერს, კარგო,

კარანტინში ბულბულები ზიან…“

 

პირბადიანნი

ეჭვის თვალით შემომცქეროდნენ.

მე კი ჩემთვის არხეინად მივიმღეროდი

და მიხაროდა,

რადგან ვიცოდი,

რომ ქალაქში ბულბულების კვლავ გამოჩენას

მშვიდად უნდა დავლოდებოდი.

 

 

 

1 2 3 4 5