დეჰუმანიზაციის  შემდეგ

 

ახლა მივიღე მეტად უცნაური გადაწყვეტილება:

დავწერო ლექსები ადამიანებზე.

უცნაური იმიტომ, რომ კარგი პოეტები დღეს უკვე

ასე თითქმის აღარ იქცევიან.

ადამიანებზე (და რაც კიდევ უფრო დამღუპველია, მათ გრძნობებზე)

ლექსებს წერენ მხოლოდ ცუდი და საშუალო დონის პოეტები.

ხოლო კარგები ცდილობენ არ გაეკარონ კონკრეტულ ადამიანებს და

საკუთარი შემოქმედებისთვის ირჩევენ სულ სხვა თემებს.

ესაა პოლიტკორექტულობის დაცინვა,

ერთმანეთზე დაჭყლეტილი სოციალური ფენების ტრაგიკომიკური აღწერა,

ტექნოლოგიური პროგრესის ორიგინალური რაკურსიდან დანახვა

და ა.შ.

გარდა ამისა ზოგიერთს (მაგალითად, მე) უყვარს ნივთებიც

და ლექსებში ამ ნივთებით თამაში.

ესეც ღირსეული საქციელია მაღალი დონის პოეტისათვის.

შეიძლება მთელი ცხოვრება ითამაშო ასე და მაინც არ წაიტეხო კისერი,

მაშინ როცა, თუ ადამიანებს და მათ გრძნობებს აჰყევი,

სადღაც აუცილებლად გიმტყუნებს კალამი და შერცხვები.

ახლაც ვიცი, რომ ისეთი რამის გაკეთება გადავწყვიტე,

რაც ჩემს რეიტინგს ძალიან დაბლა დასცემს,

მაგრამ რატომღაც მაინც ვერ ვჩერდები.

ეტყობა მეტისმეტად მომენატრნენ ადამიანები

და ამიტომ ჩემს ლექსებში ცოტა ხნით მათ კარს ვუღებ.

შემოდით, ოღონდ ეგ თქვენი ჭუჭყიანი ფეხსაცმელები –

პათოსი,

სენტიმენტები,

რომანტიკა,

ერთმანეთზე აცმული რითმები

ზღურბლთან დაალაგეთ,

ბოლომდე მაინც ნუ მომჭრით კისერს!

 

 

 

პერპენდიკულარული წრფეების  სასწაული ცაში

 

საკოორდინატო სიბრტყე  შექმნა
“ლუფტჰანზას” და “ვიზეარის” თვითმფრინავების კვალმა ცაზე,
არადა ერთში მდიდრები ისხდნენ, მეორეში კი ღარიბები –
მიწაზე ხომ ისინი თითქმის ვერასოდეს ხვდებიან ერთურთს,
აქ კი, ცაში, ეკლესიის თავზე ეს გზები უცებ მაინც გადაიკვეთა –
შემოდგომის მზის სხივებში გაიხაზა აბსცისას სხივი,
გაიხაზა ორდინატას სხივიც და მერე,
ყველამ, ვისაც კი თავის დროზე არ ესწავლა გეომეტრია,
შეჰყვირა აღფრთოვანებულმა:
დიდება უფალს!
ხოლომე ჩემთვის ჩავიჩურჩულე:
დიდება დეკარტს!..

 

 

 

1 2 3 4 5