* * *

 

დამღალა შრომამ.

გადავწყვიტე დასვენება.

შევუდექი დასვენებას

და დამღალა დასვენებამაც.

დავუბრუნდი ისევ შრომას

და გადავიქანცე.

მერე ვცადე შრომა და დასვენება

შემეთავსებინა.

არანაირად არ გამოვიდა.

შევეცადე დასვენების და შრომის

შეთავსებასაც –

უშედეგოდ.

იქნებ სიკვდილშია-მეთქი გამოსავალი და

ქანცგაწყვეტილმა თავის მოკვლა

ვერ მოვახერხე –

დავრჩი ცოცხლებში.

ახლა ვმოძრაობ:

ხან მშრომელი დაღლილი ვარ,

ხან დამსვენებელი დაღლილი.

ეს მოძრაობა საერთოდ მფიტავს,

არადა სად გავჩერდე,

რა ვაკეთო (თუ არ ვაკეთო),

როცა ვიცი, რომ

დაღლილობის ტყვეობაში ვარ…

გამახსენდა, სულ ახალგაზრდამ,

ენერგიით აღსავსემ და

სიცოცხლეზე შეყვარებულმა,

დავწერე ლექსი, სახელწოდებით

„დაღლილთათვის“,

და ჩემს პირველ პოეტურ კრებულში

გამოვაქვეყნე.

დაღლილებზე ხომ არ ვწერო

ახლაც ლექსები,

როცა მართლა გავსავათდი

ბოლოსდაბოლოს.

ვცდიდი, მაგრამ ვითომ შევძლებ

ასე დაღლილი?

და რომც შევძლო,

რას მიშველის,

ეს დამასვენებს?

 

 

 

1 2 3 4 5