ვენეციური სარკე
ვაღიარებ, კაცი მოვკალი.
მდიდარი ვაჭრის ქარვასლაში შევიპარე
და ყარაულმა შემამჩნია, გამომენთო,
არ შემეშვა და გავუყარე მეც მუცელში დანა.
განა ბევრი რამე მინდოდა,
მთელი ცხოვრება მეც ვკვდებოდი იმის სურვილით,
დამენახა ჩემი სახე რამენაირად…
ცოლი ზოგჯერ მეუბნებოდა, ლამაზი ხარო,
შავი წარბებით,
ყავისფერი, ცეცხლოვანი თვალებით და
კეხიანი ცხვირით, ძალზე მამაკაცურით,
თუმც უბანში ღრანჭმოქცეულს მეძახდნენ ხოლმე.
უცნობები ხშირად მზერას მარიდებდნენ
ან იქედნურად იღიმოდნენ, როცა მხედავდნენ…
ერთმა ძველმა შეყვარებულმა, მახსოვს, მითხრა,
ტაშტს ჰგავხარო გაჭყლეტილსაო.
ჰოდა, გესმით, ბოლო-ბოლო მსურდა მენახა,
თუ ვინ ვიყავი.
ანარეკლები წყალში, მკრთალი,
ბევრს ვერაფერს მეუბნებოდა.
ერთ მხატვარსაც კი არ ვიცნობდი,
და ისედაც, კარგი მხატვრები
იყვნენ ყველანი მეძვირეები.
ერთხელ პედრო ნალისმჭედელმა დამხატა, მაგრამ
არ იცოდა იმ პედრომ ხატვა.
ან იქ რას ვგავდი,
და ისედაც, ყველამ თქვა, რომ
არ ვიყავი მე ისეთი,
როგორც ვყავდი გამოსახული.
ამ ბოლო დროს კი, მას შემდეგ, რაც ხმა დაირხა რომ
რაღაც ისეთი გამოიგონეს,
პრიალა და ბრტყელი, რაშიც
საკუთარ თავს უზუსტესად დაინახავ,
ავფორიაქდი,
მოსვენება სულ დამეკარგა.
იქ, სადაც ამ ნივთს ამზადებდნენ,
ვერანაირად ვერ შეაღწევდი,
თან ისეთი ძვირი ღირდა,
მხოლოდ მეფეებს და დიდგვაროვნებს
ჰქონდათ მისი ყიდვის უნარი…
და სოვდაგრებსაც…
თუ დამიჯერებთ,
მაგ განზრახვით შევიპარე ქარვასლაში,
ვიფიქრე, იქნებ მანდ ედოს სადმე ან ეკიდოს,
და ჩავიხედო, ჩემი თავი დავინახო-თქო.
ძვირფასეულს არაფერს არ გავკარებივარ,
კაი ხანი ვეძებე და რომ ვერ ვიპოვე,
მერე ვიფიქრე, რომ ოქრო-ვერცხლი წამომეღო
იმ ჯადოსნური ნივთის საყიდლად,
და მაშინ მოხდა,
ყარაულმა რომ შემამჩნია, გამომენთო,
არ შემეშვა და გავუყარე მეც მუცელში დანა.
სულ შემთხვევით გამოვიდა,
არც ვაპირებდი,
კაცი მოვკალი, რომ დამენახა საკუთარი სახე,
რა გიკვირთ…